გადაწყვეტილება №18347/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18347/2/2022
10.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------------------- (ს/ნ ----------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 10.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------------------ 2.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18347/2/2022).
დავის საგანი:
ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებაში ცვლილების შეტანა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 29.09.2022 წლის №028-83/1 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 12.08.2014 წლის №028-83 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; 2. შემოსავლების სამსახურის 14.11.2022 წლის №28444 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით მომჩივანს 2014 წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - ნარჩენის სახით 106 266.81 ლარი, საურავი 12 145.65 ლარი, ზედმეტობა 0 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული იქნა ვალის მართვის დეპარტამენტის 2014 წლის 12 აგვისტოს №028-83 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა ხელზე ჩაიბარა 2014 წლის 22 აგვისტოს.
საჯარო რეესტრის 2017 წლის 2 თებერვალს მომზადებული ამონაწერების თანახმად №29.07.35.479 და №29.08.36.093 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის თანამესაკუთრეებად ფიქსირდებიან ------------- (ს/ნ -----------) და ---------- (ს/ნ -------------------) საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2017 წლის ---- თებერვალი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 29 სექტემბერს გამოცემულ იქნა №028-83/1 ბრძანება მომჩივნის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2014 წლის 12 აგვისტოს №028-83 ბრძანებაში ცვლილების 2 შეტანის შესახებ და ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ქონებაზე ყადაღის დადებას (აღწერას) განახორციელებს ვალის მართვის დეპარტამენტის ვალის მართვის №4 სამმართველოს მთავარი სპეციალისტი -----, მთავარი სპეციალისტი ---, მთავარი სპეციალისტი ----------“.
ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2014 წლის 12 აგვისტოს №028-83 ბრძანების საფუძველზე, შედგენილი იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2022 წლის 30 სექტემბრის №2014/028-83/1 აქტი, რომლითაც აღწერას დაექვემდებარა შემდეგი ქონება: ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო ს/კ ----------------- და ნაკვეთი ს/კ ------------------.
ვალის მართვის დეპარტამენტის 29.09.2022 წლის №028-83/1 ბრძანება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 12.08.2014 წლის №028-83 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.11.2022 წლის №28444 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 241-ე მუხლით, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 41-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლით, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 29 სექტემბრის №028-83/1 ბრძანება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2014 წლის 12 აგვისტოს №028/83 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
2022 წლის 29 სექტემბერს შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის №028-83/1 ბრძანების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მოახდინეს მისი თანაზიარი მიწის ნაკვეთების დაყადაღება. გამოცემულ ბრძანებას არ ეთანხმება, ვინაიდან ის გამოცემულია ხანდაზმულობის ვადის დარღვევით. დავალიანება ერიცხება 2013 წლიდან და მას შემდეგ არ უმუშავია. გასულია 9 წელი. მისი ქონება 2015 წელს გაიყიდა აუქციონზე და გაუმართლებელია 2022 წელს, 9 წლის უკან არსებულ დავალიანებაზე ბრძანების გამოცემა და ყადაღის დადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს №028-83/1 ბრძანების გაუქმებას
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად დააყადაღოს ვალდებული პირის ქონება.
საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 41-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, პირის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გადასახადის გადამხდელისთვის წარდგენა ხორციელდება მე-2 მუხლის შესაბამისად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად:
1.ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2.ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები“.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მსჯელობა მომჩივნის არგუმენტებზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ყოფილა დაბარებული შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1.საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 14.11.2022 წლის №28444 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
3.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.