გადაწყვეტილება №25660/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25660/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 15.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25660/2/2025).
დავის საგანი:
1. ქონების ნუსხის წარუდგენლობის გამო დაკისრებული სანქცია;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
3. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.08.2024 წლის №002-173 საგადასახადო მოთხოვნა;
2. ვალის მართვის დეპარტამენტის 21.05.2025 წლის №CB1761533 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი;
3. ვალის მართვის დეპარტამენტის 17.04.2025 წლის №011-1380 ბრძანება;
4. ვალის მართვის დეპარტამენტის 10.04.2025 წლის №011-2025-057799 ბრძანება;
5. შემოსავლების სამსახურის 4.07.2025 წლის №15067 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 94 527,51 ლარი.
მათ შორის:
26.08.2025 წლის №002-173 საგადასახადო მოთხოვნა - 94 127,51
საშემოსავლო გადასახადი - 43 793
ჯარიმა - 24 463
საურავი - 25 871,51
21.05.2025 წლის №CB1761533 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი - 400
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №002-66 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14324 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14324 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 28.09.2023 წლის №20208/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14324 ბრძანება. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14324 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 11.08.2023 წლის №002-195 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა ასევე განიხილა საბჭოს 28.09.2023 წლის №20208/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 8.11.2023 წლის №27536 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
მომჩივანმა 13.02.2024 წელს შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა აუდიტის დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №002-66 საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახურის 21.02.2024 წლის №3662 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის 8.11.2023 წლის №27536 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 19.02.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 26.02.2024 წლის №007-27 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.04.2024 წლის №8985 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის 18.04.2024 წლის №8985 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 26.08.2024 წლის №002-173 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 24.09.2024 წლის №20878 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 21.11.2024 წლის №24102/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 24.09.2024 წლის №20878 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 21.11.2024 წლის №24102/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 20.12.2024 წლის №26758 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 6.02.2025 წლის №24584/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის მიმართ გამოცემული იქნა საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ 10.04.2025 წლის №011-2025-057799 ბრძანება.
საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის მიმართ გამოცემული იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 17.04.2025 წლის №011-1380 ბრძანება, რომლის საფუძველზე ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში რიცხულ ქონებას.
ქონების ნუსხის წარმოუდგენლობის გამო, ვალის მართვის დეპარტამენტის 21.05.2025 წლის №CB1761533 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
აუდიტის დეპარტამენტის 26.08.2024 წლის №002-173 საგადასახადო მოთხოვნა, ვალის მართვის დეპარტამენტის 10.04.2025 წლის №011-2025-057799 და 17.04.2025 წლის №011-1380 ბრძანებები და 21.05.2025 წლის №CB1761533 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.07.2025 წლის №15067 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 26.08.2024 წლის №002-173 საგადასახადო მოთხოვნის, ვალის მართვის დეპარტამენტის 10.04.2025 წლის №011-2025- 057799 და 17.04.2025 წლის №011-1380 ბრძანებების ნაწილში დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 4.07.2025 წლის №15067 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ქონების ნუსხის წარუდგენლობის გამო დაკისრებული სანქცია
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
ვალის მართვის დეპარტამენტის 21.05.2025 წლის №CB1761533 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა არ შეასრულა საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად წარდგენილი მოთხოვნა მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარდგენის თაობაზე, რაზეც შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და 279-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივი გარემოებებზე და ვინაიდან დგინდება, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ არის, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში მომჩივანს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ემუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ასაჩივრებს ვალის მართვის დეპარტამენტის 21.05.2025 წლის №CB1761533 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი ქონების ნუსხის წარდგენა.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მითითებულ ვადაში, სწორად და სრულად წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. პირი, რომლის ქონებასაც საგადასახადო ორგანომ ყადაღა დაადო, ვალდებულია ახალი ქონების შეძენის შემთხვევაში ამ ქონების შეძენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეასწოროს მის მიერ წარდგენილი ქონების ნუსხა.
საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა – იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია ვალის მართვის დეპარტამენტის 23.09.2025 წლის №84192-21-17 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 17.04.2025 წლის №011-1380 ბრძანებით, ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში რიცხულ ქონებას. აღნიშნული ბრძანება, გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (www.rs.ge) 17.04.2025 წელს, რომელსაც გაეცნო 2.05.2025 წელს.
ბრძანების მე-5 პუნქტში მითითებულია, რომ პირი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების ჩაბარების შემდეგ ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში სრულად წარმოადგინოს მის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ქონების (ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და სხვა მატერიალური აქტივების, არამატერიალური აქტივების (წილების ან აქციების სხვა საწარმოში, ლიცენზიების, ნებართვების და სხვა), ფულადი საშუალებების (სალაროში ნაღდი ფულის, საქვეანგარიშოდ ან/და სესხად გაცემული თანხების) და სხვა) ნუსხა (მათი დასახელებისა და ადგილმდებარეობის ზუსტი მისამართის ჩვენებით), რომელშიც უნდა მიუთითოს ის ქონებაც, რომელიც მას სხვებისაგან (დებიტორებისგან და სხვა) ეკუთვნის.
ვინაიდან მომჩივანს არ შეუსრულებია საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნა, ვალის მართვის დეპარტამენტის 21.05.2025 წლის №CB1761533 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 17.04.2025 წლის №011-1380 ბრძანების ელექტრონულად გაცნობიდან, ამავე ბრძანებაში მითითებულ ვადაში არ წარუდგენია მოთხოვნილი ინფორმაცია, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიმართ საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა დაკისრებულია მართლზომიერად და არ არსებობს ვალის მართვის დეპარტამენტის 21.05.2025 წლის №CB1761533 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძველი.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 26.08.2024 წლის №002-173 საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელმა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.09.2024 წლის №20878 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 21.11.2024 წლის №24102/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 24.09.2024 წლის №20878 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა საბჭოს 21.11.2024 წლის №24102/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი 20.12.2024 წლის №26758 ბრძანებით არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 აგვისტოს №002-173 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ აუდიტის დეპარტამენტის სადავო კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი 2024 წლის 19 სექტემბრის საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 დეკემბრის №26758 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი, სადავო კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ეს არის საჩივარი საგადასახადო აუდიტის ნომრით 002-173 და ვალის ამოღების ბრძანების 011-2025- 057799 შედეგებზე, ასევე ყველა მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე.
კომპანიას (ვირტუალური ზონის პირს) მოგების გადასახადის გადახდა მოსთხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადასახადისგან გათავისუფლებულია. შემოსავლების სამსახურმა გადაწყვეტილება საკუთარ მეთოდოლოგიურ მითითებებს დააფუძნა. კომპანიამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და შემდგომი აუდიტის დროს, აუდიტორებმა - ყოველგვარი დასაბუთების გარეშე - დამფუძნებლის დივიდენდებიდან მიღებული შემოსავალი ხელფასად გადააკვალიფიცირეს, რამაც საშემოსავლო გადასახადის და ჯარიმის დაკისრება გამოიწვია.
შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედებები არღვევს საქართველოს კანონმდებლობასა და საგადასახადო კოდექსს, ასევე გადასახადის გადამხდელის უფლებებს. შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული სხვადასხვა მეთოდოლოგიური მითითებები ეწინააღმდეგება არა მხოლოდ არსებულ კანონმდებლობას, არამედ ერთმანეთთანაც. ეს ცოტა ხნის წინ დაადასტურა თბილისის სასამართლომ: -------
სასამართლომ დაადგინა, რომ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნები, ამ მეთოდოლოგიურ მითითებებზე დაყრდნობით, არაკონსტიტუციურია და არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის „ინფორმაციული ტექნოლოგიების ზონების შესახებ“ კანონს და საგადასახადო კოდექსს. გარდა ამისა, დაქირავებული პერსონალის ნაკლებობა არ აუქმებს კომპანიის საგადასახადო შეღავათებზე უფლებას: -------
გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის ქმედებები და აუდიტის შედეგები არა მხოლოდ ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის დებულებებს, არამედ არღვევს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების (DTT) პირობებს, კერძოდ, 14-16 მუხლებს.
შემოსავლების სამსახურის ქმედებები უკანონოა, სცილდება კანონით დაშვებულ ფარგლებს და უარყოფითად მოქმედებს კომპანიის ნორმალურ საქმიანობაზე. ამ უკანონო ქმედებების გამო, მათ შორის შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ვალის ამოღების ბრძანების გამო კომპანიის საბანკო ანგარიშის დაბლოკვის გამო, კომპანიის ყოველდღიური საქმიანობა შეფერხებულია და კომპანიას არ შეუძლია წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკაში და განახორციელოს გადასახადების შემდგომი გადახდები.
გადასახადის გადამხდელი პატივისცემით ითხოვს საგადასახადო აუდიტის დასკვნების ყოვლისმომცველ განხილვას, უკანონოდ დაკისრებული საგადასახადო შეფასების გაუქმებას და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საგადასახადო გადახდის მოთხოვნის, ვალის ამოღების ბრძანების, ჯარიმებისა და პროცენტის გაუქმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ სარჩელი შეიტანოს შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ როგორც საქართველოს სასამართლოში, ასევე საერთაშორისო სასამართლოში. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი სასამართლოში არა მხოლოდ მოითხოვს უსაფუძვლო ჯარიმის მოხსნას, არამედ შემოსავლების სამსახურისგან მოითხოვს კომპენსაციას ნებისმიერი უკანონო ჩარევისთვის, რომელმაც გავლენა მოახდინა კომპანიაზე და გამოიწვია შემოსავლის დაკარგვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში 19.09.2024 წელს ელექტრონულად წარდგენილია (№92033/1/2024) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 26.08.2024 წლის №002-173 საგადასახადო მოთხოვნაზე. აღნიშნული საჩივარი განხილულია შემოსავლების სამსახურის მიერ და მიღებულია 24.09.2024 წლის №20878 ბრძანება საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე.
იგივე მოთხოვნით მომჩივანმა 14.06.2025 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 4.07.2025 წლის №15067 ბრძანება საჩივრის ამ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
3. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა
ფაქტების აღწერა
აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 17.04.2025 წლის №011-1380 ბრძანებით ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში (ბალანსზე) რიცხულ ქონებას. ამასთან, გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 10.04.2025 წლის №011-2025-057799 ბრძანება, გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის და შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის მიზნით წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები საბანკო ანგარიშზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-9 ნაწილებზე, 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილებზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2025 წლის 2 მაისს. ხოლო საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2025 წლის 11 აპრილს.
შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2025 წლის 14 ივნისს.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი, ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებების ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტაცია მითითებულია მეორე დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ვალის მართვის დეპარტამენტის 23.09.2025 წლის №84192-21-17 წერილის მიხედვით, 10.04.2025 წლის №011-2025-057799 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად გაეცნო 11.04.2025 წელს. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 17.04.2025 წლის №011-1380 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად გაეცნო 2.05.2025 წელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალის მართვის დეპარტამენტის 10.04.2025 წლის №011-2025-057799 ბრძანების გასაჩივრების ვადის 30-ე დღე იყო 11.05.2025 წელს (ემთხვევა არასამუშაო კვირა დღეს). მომჩივანს საჩივრის წარდგენა შეეძლო 12.05.2025 წლის ჩათვლით. ხოლო, ვალის მართვის დეპარტამენტის 17.04.2025 წლის №011-1380 ბრძანების გასაჩივრების ვადის 30-ე დღე იყო 1.06.2025 წელს (ემთხვევა არასამუშაო კვირა დღეს). მომჩივანს საჩივრის წარდგენა შეეძლო 2.06.2025 წლის ჩათვლით.
ვალის მართვის დეპარტამენტის 10.04.2025 წლის №011-2025-057799 და 17.04.2025 წლის №011-1380 ბრძანებების თაობაზე საჩივარი (№96231/1/2025) შემოსავლების სამსახურში წარდგენილია ელექტრონულად 14.06.2025 წელს.
მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტაცია სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 4.07.2025 წლის №15067 ბრძანება, ვალის მართვის დეპარტამენტის 10.04.2025 წლის №011-2025-057799 და 17.04.2025 წლის №011-1380 ბრძანებების ნაწილში საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. ქონების ნუსხის წარუდგენლობის გამო დაკისრებული სანქცია;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
3. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. ვალის მართვის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა არ შეასრულა საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად წარდგენილი მოთხოვნა მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარდგენის თაობაზე, რაზეც შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 აგვისტოს №002-173 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ მომჩივანის მიერ აუდიტის დეპარტამენტის სადავო კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი 2024 წლის 19 სექტემბრის საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 დეკემბრის №26758 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
3. შემოსავლების სამსახურის მიუთითებს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2025 წლის 2 მაისს. ხოლო საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2025 წლის 11 აპრილს. შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2025 წლის 14 ივნისს.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიმართ ჯარიმა დაკისრებულია მართლზომიერად და არ არსებობს გაუქმების საფუძველი.
ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭომ მიიჩნია, რომ ბრძანება განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 301(ე, ზ)