ბრძანება N 3075
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3075
14 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,---ის” (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 18 აგვისტოს, 2024 წლის 25 იანვრის და 26 იანვრის
საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვრის და პირველი თებერვლის სხდომებზე (ოქმი №3, ოქმი №9) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს ,,---ის” (ს/ნ---) 2023 წლის 18 აგვისტოს №20605/2/2023 და 2024 წლის 25 იანვრის №526064 (რეგ. №12354/21) და 26 იანვრის №13154/21 დაზუსტებული საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 ივლისის №094-52 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ, არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი მიწის ნაკვეთების შეძენის და საბაზრო ფასს შორის სხვაობის თანხის მოგების განაწილებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შემოწმებას წარუდგინა ორ კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ასევე წარუდგინა დამოუკიდებელი შემფასებლის ორი ალტერნატიული ანგარიში უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ (თანდართულია ასევე საჩივარზე). განმარტავს, რომ 2019 წელს დამფუძნებელი ფიზიკური პირისგან საწარმოს მიერ შეძენილია ქ. ---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელთა ღირებულება განისაზღვრა 4 580 000 ლარის ოდენობით, ---ში არა თუ სადაც მიწის ნაკვეთი მდებარეობს, არამედ ნებისმიერ ადგილზე, 2019 წლის მდგომარეობით, შეუძლებელი იყო მიწის ნაკვეთის 31 აშშ დოლარად ყიდვა. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღებისას, კომპანიის მიერ განხორციელდა მიმდებარე მიწის ნაკვეთების გასაყიდი ფასების მოკვლევა, ამასთანავე გათვალისწინებულ იქნა გარიგებაზე მოლაპარაკებისას შესაძლო 20%-იანი ფასდათმობა და შესაბამისად, კვადრატულ მეტრზე მიწის ფასი განისაზღვრა 79 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული ოპერაცია დამონიტორინგებულია 2019 წლის ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის დროს, რადგან საქმე ეხება ურთიერთდამოკიდებულ პირებს. აცხადებს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ წარდგენილი სერთიფიცირებული შემფასებლის მიერ ნასყიდობის პერიოდში განხორციელებული შეფასება, ამასთან, საშემფასებლო კომპანია შპს ,,---ის’’ დასკვნის შესაბამისად, ქონების ფასი განისაზღვრა 3 886 000 ლარის ოდენობით, ხოლო დამოუკიდებელი შემფასებლის ---ძის დასკვნის შესაბამისად ფასი განისაზღვრა 4 151 000 ლარის ოდენობით. გადამხდელი ასევე მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 29-ე მუხლზე და მიაჩნია, რომ მხარეებს შორის დადებული გარიგების ფასი შესაბამისობაშია საბაზრო ფასთან და ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს გარიგების შედეგებზე. გადამხდელი ასევე ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ მომზადებული დასკვნის შესწავლას და მიუთითებს აღნიშნული დასკვნის არასანდოობაზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 მარტის №6018 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,---ს” (ს/ნ ---) გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33580 ბრძანება და ამავე თარიღის №094-121 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 106 711 ლარი, მათ შორის: გადასახადი 454 628 ლარი, ჯარიმა 382 087 ლარი, საურავი 269 996 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 26 აპრილის №9088 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №094-121 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 26 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,,1. შპს ,,---ს” (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.’’
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 აპრილის №9088 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 19 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 148 000 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 9 531 ლარით, ჯარიმა 138 469 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 31 ივლისის №094-52 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 13 სექტემბრის №22360 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 29 დეკემბრის №20944/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 სექტემბრის №22360 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 დეკემბრის №20944/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახდო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადამხდელმა წარმოადგინა ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების ანგარიშები/დასკვნა. წარმოდგენილი დასკვნით, შპს ,,---ის’’ მიერ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა 3 886 000 ლარი, ხოლო დამოუკიდებელი შემფასებლის ---ის მიერ, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 4 151 000 ლარით. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, აუდიტის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ არ არსებობს სათანადო საფუძველი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შპს „---ის“ კუთვნილი ქონებების საბაზრო ღირებულება გამოყვანილია შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVSC) 2022 წლის მოქმედი რედაქციის შესაბამისად. შეფასებაში მოყვანილი მოსაზრებები ეფუძნება ექსპერტების პროფესიულ გამოცდილებას. მოქმედი შეფასების საერთაშორისო სტანდარტი ითვალისწინებს უძრავი ქონების შეფასების სამ მიდგომას შესაბამისი მეთოდებით. არსებული და ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოცულობისა და საიმედოობის გათვალისწინებით, შემფასებელი დამოუკიდებლად ირჩევს შეფასების მეთოდს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ობიექტების შესაფასებლად ექსპერტის მიერ გამოყენებული იქნა შეფასების საბაზრო მიდგომა, მიდგომის შერჩევა განხორციელდა შესაფასებელი ობიექტების სპეციფიკის და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. მოპოვებული ინფორმაციით მიწის ნაკვეთზე (ს/კ ---), მდებარე ქ.---, 2019 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით ვრცელდება შემოთავაზებული რეკრეაციული ზონის სტატუსი (არ არის განსაზღვრული რეკრეაციული ზონის ქვე-კატეგორია, კერძოდ რზ-1; რზ-2 ან რზ-3) და წყლის ობიექტების სანიტარული დაცვის არეალი (მიწის ნაკვეთის დიდი წილი მოცული აქვს ტბების წყალდაცვით ზონას, ქ.----ს საკრებულოს დადგენილება:--- - 15/03/2019). ხოლო მიწის ნაკვეთზე (ს/კ ---), მდებარე ქ. ---, 2019 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით ვრცელდება შემოთავაზებული რეკრეაციული ზონის სტატუსი (არ არის განსაზღვრული რეკრეაციული ზონის ქვე-კატეგორია, კერძოდ რზ-1; რზ-2 ან რზ-3).
აუდიტის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, განსაზღვრულ იქნა მიწის ნაკვეთების ((ს/კ ---) საბაზრო ღირებულება 2019 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით. შეფასების საერთაშორისო სტანდარტებში ზოგადი სტანდარტების 30-ე პუნქტის 30,1 ქვეპუნქტის თანახმად, საბაზრო ღირებულება არის შეფასებითი (გაანგარიშებითი) თანხა, რომლითაც აქტივი ან ვალდებულება უნდა გაიცვალოს შეფასების თარიღისათვის, გარიგების მსურველ მყიდველსა და გამყიდველს შორის, სათანადო მარკეტინგული ღონისძიებების შემდეგ, „გაშლილი ხელის მანძილის პრინციპით“ დადებულ გარიგებაში, როდესაც თითოეული მხარე იმოქმედებდა შეგნებულად, წინდახედულად და ძალდაუტანებლად. საბაზრო ღირებულება არის ყველაზე მეტად მოსალოდნელი ფასი, რომელიც, გონივრულობის ფარგლებში, ხელმისაწვდომია ბაზარზე შეფასების თარიღისთვის. ამ შეფასებაში არ გაითვალისწინება განსაკუთრებული პირობების ან გარემოებების გავლენით აწეული ან დაწეული ფასები. საბაზრო ღირებულების შეფასების შედეგი ასახავს ბაზრის მდგომარეობასა და გარემოებებს შეფასების თარიღისათვის და არა რომელიმე სხვა თარიღისთვის.
გარიგების მსურველ მყიდველს წარმოადგენს ისეთი მყიდველი, ვინც ყიდულობს ამჟამინდელი, მოცემული ბაზრის მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით და არა ისეთ წარმოსახვით ან ჰიპოტეზურ ბაზარზე დაყრდნობით, რომლის არსებობის პროგნოზირება შეუძლებელია. საბაზრო მიდგომის შედეგად ღირებულების მაჩვენებელი მიიღება აქტივის შედარებით იდენტურ ან შესადარის (ანუ ანალოგიურ) აქტივებთან, რომელთა ფასების შესახებაც არსებობს ინფორმაცია.
ექსპერტის მიერ შესწავლილ იქნა მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ყიდვა-გაყიდვის მონაცემები საჯარო რეესტრის ბაზაში დაფიქსირებულ რეალიზაციებზე დაყრდნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე შერჩეულ ანალოგებში სათანადო კორექტირებების გათვალისწინებით მიღებულ იქნა აქტივის საბაზრო ღირებულება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, სათანადო საფუძვლის არ არსებობის გამო საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი მიწის ნაკვეთების შეძენის და საბაზრო ფასს შორის სხვაობის თანხის მოგების განაწილებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ,,---ს” (ს/ნ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ, არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი მიწის ნაკვეთების შეძენის და საბაზრო ფასს შორის სხვაობის თანხის მოგების განაწილებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 აპრილის №9088 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 19 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 148 000 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 9 531 ლარით, ჯარიმა 138 469 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 31 ივლისის №094-52 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 13 სექტემბრის №22360 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 29 დეკემბრის №20944/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 სექტემბრის №22360 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ მუხლებს: 304.