ბრძანება N 22041

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.10.2026
№ დოკუმენტი 22041
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22041

06 ოქტომბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 6 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №89) განიხილა შპს „----" (ს/ნ ----) 2026 წლის 6 სექტემბრის №104442/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 5 აგვისტოს №----- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

შემოწმებით განსაზღვრული საწესდებო კაპიტალისა და საბანკო ამონაწერების მიხედვით, საწესდებო კაპიტალის შემცირებას შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 8 ივლისის N15405 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-----“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2026 წლის თებერვლის თვეში საბანკო ანგარიშებიდან საწესდებო კაპიტალის შემცირების და ავტომობილის შეძენის დანიშნულებით გატანილი თანხების დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 5 აგვისტოს №17702 ბრძანება და ამავე თარიღის №002-135 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა - 29 571 ლარი

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 18 722 ლარი:

ჯარიმა - 9 361

საურავი - 1 488

 

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 30 სექტემბერს 13:30 საათზე. გადამხდელს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ეცნობა საჩივრის განხილვის შესახებ, თუმცა მომჩივანმა არ მიიღი მონაწილეობა საჩივრის ზეპირ განხილვაში და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2026 წლის 23 თებერვალს შპს „-----“ დირექტორმა და 100%-იანმა დამფუძნებელმა ფ/პ ----- შეიძინა ორი ერთეული უძრავი ქონება (-----; -----) 60 000 $-ად ექვივალენტი ლარში (160 560 ლარი), რომელიც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე განთავსებული ნასყიდობის ხელშეკრულებით და იმავე დღეს, პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე, აღნიშნული ქონება შეტანილ იქნა შპს „------“ კაპიტალში (------; ----- საკადასტრო კოდებზე არ ფიქსირდება შეზღდუვა: იპოთეკა, ვალდებულება და ა.შ.). 2026 წლის 24 თებერვალს უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაფორმდა სს „------“ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 172 500 აშშ დოლარად. აღნიშნული ხელშეკრულებით, მიმღების თანამონაწილეობა და სერვისის მომსახურებამ შეადგინა 68 620$, რომელიც გამოიქვითა ქონების სახელშეკრულებო ღირებულებიდან და დარჩენილი თანხა 103 879$ ეკვივალენტი ლარში (277 887 ლარი) სს „------“ ჩაურიცხა საწარმოს საბანკო ანგარიშზე. 2026 წლის 25 თებერვალს შპს „------“ კაპიტალის შემცირების გზის გატანილ იქნა 82 800$ ეკვივალენტი ლარში (221 423,76 ლარი) და 3 800 ლარი, ასევე ავტომანქანის შესაძენად და გასაფორმებლად 10 225 ლარი (არ ფიქსირდება საწარმოს სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე, 148-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით საწარმოს კაპიტალში შეტანილი აქტივის ღირებულება განისაზღვა 60 000$ ეკვივალენტი ღირებულებით 160 560 ლარი, შესაბამისად, სხვაობა, რომელიც წარმოიქმნა საბანკო ამონაწერების მიხედვით საწესდებო კაპიტალის შემცირების და ავტომობილის შეძენის დანიშნულებით გატანილ თანხას და შემოწმებით დაფიქსირებულ საწესდებო კაპიტალს შორის განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საწესდებო კაპიტალსა და საბანკო ამონაწერების მიხედვით, საწესდებო კაპიტალის შემცირებას შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

განმარტავს, რომ დამფუძნებელმა 2026 წლის 23 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება და საწესდებო კაპიტალში შეიტანა 225 224 ლარის ოდენობის არაფულადი შენატანი (შენატანის ჩამონათვალი მოცემულია კრების ოქმში №-------). შემდგომ 2026 წლის 25 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება და კაპიტალი შეამცირა 225 224 ლარით (საბანკო ანგარიშიდან გამოიტანა 82 800 აშშ დოლარი, ეკვივალენტი ლარში და 3 800 ლარი).

აგრეთვე, 2026 წლის 25 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება და საწესდებო კაპიტალში შეიტანა 38 275 ლარის ოდენობის არაფულადი შენატანი (შენატანის ჩამონათვალი მოცემულია კრების ოქმში №------). შემდგომ 2026 წლის 25 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება და კაპიტალი შეამცირა 10 600 ლარით. თანხა საბანკო ანგარიშიდან გადაირიცხა ავტომობილის გამყიდველის ანგარიშზე 9 850 ლარის ოდენობით, ხოლო 750 ლარი გადახდილ იქნა გადაფორმების ხარჯებისთვის. ავტომობილის შესყიდვა მოხდა თიბისი ლიზინგის საშუალებით.

გადამხდელი განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის საკითხში ნამეტი არ ფიქსირდება.

 

შემოსავლების სამსახურის პოზიცია:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილების თანახმად:

1. პირის (პირთა) მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემა (დავალიანებით ან მის გარეშე) არ არის აქტივების მიწოდება.

2. ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმღები მხარისათვის აქტივების ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისათვის მათი ღირებულება გადაცემის მომენტისათვის.

6. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება უფლებრივი ნაკლის მქონე აქტივების გადამცემზე, თუ დავალიანება აღემატება გადაცემული აქტივების ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას, გარდა ისეთი ხარჯებისა (დანახარჯებისა), რომელთა პირდაპირ გამოქვითვის უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს, ხოლო აქტივების უსასყიდლოდ მიღებისას – ამ აქტივების საბაზრო ფასი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, კომპანიის დირექტორმა და 100%-იანმა დამფუძნებელმა შეიძინა ორი ერთეული უძრავი ქონება 60 000 აშშ დოლარად (ეკვივალენტი ლარში 160 560 ლარი), რომელიც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე განთავსებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე, ამავე დღეს აღნიშნული ქონება შეტანილ იქნა კომპანიის საწესდებო კაპიტალში. 2026 წლის 25 თებერვალს კაპიტალის შემცირების გზის გატანილ იქნა 82 800 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში 221 423,76 ლარი) და 3 800 ლარი, ასევე, ავტომანქანის შესაძენად და გასაფორმებლად 10 225 ლარი (არ ფიქსირდება საწარმოს სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი).

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა კომპანიის საწესდებო კაპიტალში შეტანილი აქტივის ღირებულების განსაზღვრა. ასევე, მართლზომიერად განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრულ საწესდებო კაპიტალსა და საბანკო ამონაწერების მიხედვით, საწესდებო კაპიტალის შემცირებას შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოწმებით განსაზღვრული საწესდებო კაპიტალისა და საბანკო ამონაწერების მიხედვით, საწესდებო კაპიტალის შემცირებას შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს დირექტორმა და 100%-იანმა დამფუძნებელმა ფიზიკური პირისგან შეიძინა ორი ერთეული უძრავი ქონება 160 560 ლარის ექვივალენტად და იმავე დღეს შეიტანა საწარმოს კაპიტალში. მომდევნო დღეს აღნიშნული ქონების უზრუნველყოფით ლიზინგის კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საწარმოს ანგარიშზე ჩაირიცხა 277 887 ლარი.

ერთი დღის შემდეგ საწარმოდან კაპიტალის შემცირების გზით გატანილ იქნა 221 423.76 ლარი და 3 800 ლარი, ასევე ავტომანქანის შესაძენად 10 225 ლარი (საწარმოს სახელზე ავტომობილი რეგისტრირებული არ არის).

კაპიტალში შეტანილი აქტივის ღირებულება განისაზღვრა 160 560 ლარით, ხოლო მასსა და გატანილ თანხებს შორის სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:151(2,6);73(9);101(1);154(1);