გადაწყვეტილება №19266/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 19.05.2023
№ დოკუმენტი 19266/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19266/2/2023

19.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -- 30.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19266/2/2023).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №006-688 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №5585 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 694 909,79 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 412 815

დღგ - 68 289

მიწა - არასასოფლო - 3 146

საშემოსავლო გადასახადი - 341 380

ჯარიმა - 206 508

საურავი - 75 586,79

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 მაისის №13140 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33708 ბრძანება და ამავე თარიღის №006-688 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და მომჩივანს განესაზღვრა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. მომჩივანს საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია.

შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №5585 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ მე-15 მუხლის პირველ, მე-2, მე-21 , მე-3 და მე-8 პუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ მომჩივნის საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №006-688 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს საჩივრის შემოსავლების სამსახურისათვის დაბრუნებას, ვინაიდან რიგი საკითხების გამო ვერ მოხდა საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორება.

ამასთან უთითებს 2 გარემოებაზე, კერძოდ:

1. 2016 წელს პირველ სექტემბერს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება - ბარტერი, რომელიც დაბეგრილი იქნა დღგ-ის მიზნებისთვის, შესაბამისად ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი დარიცხვა.

2. შესამოწმებელ პერიოდში მოხდა შესწავლა ფულადი ნაკადების მოძრაობის. ფულადი ნაკადების ნაშთი არ უფიქსირდება ორგანიზაციას, შესაბამისად ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი დაბეგვრა.

 

დავების განხილვის

საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დავის განმხილველი ორგანო საჩივარს წარმოებაში არ იღებს, თუ იგი არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ პროცედურულ მოთხოვნებს.

საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, მომჩივანს წერილობით ეცნობება ამის შესახებ და მიეცემა არანაკლებ 5 დღე საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია ხარვეზის არსებობის მიუხედავად მიიღოს საჩივარი წარმოებაში, თუ იგი არსებითად არ უშლის ხელს საჩივრის განხილვას

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

მომჩივანმა შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარადგინა 2023 წლის 15 თებერვალს, სადაც არ ეთანხმებოდა დარიცხვას და ითხოვდა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №006-688 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

შემოსავლების სამსახურმა, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებდა საგადასახადო კოდექსის მე300 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ: საჩივრიდან არ ირკვეოდა მოთხოვნის არსი, საჩივარზე დაადგინა ხარვეზი.

აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად მომჩივანს მიეცა 7 კალენდარული დღე ხარვეზის წერილის ჩაბარებიდან. მომჩივანს, ხარვეზის წერილი გაეგზავნა ელექტრონულად შემოსავლების

სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით, რომელსაც გაეცნო 22.02.2023 წელს, თუმცა მომჩივანმა საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ გამოასწორა.

აღსანიშნავია, რომ საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა დაადასტურა, რომ ასაჩივრებდა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №006-688 საგადასახადო მოთხოვნას.

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზი არსებითად არ უშლიდა ხელს საჩივრის განხილვას და შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იყო მიეღო საჩივარი წარმოებაში ამ ხარვეზის არსებობის მიუხედავად.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №5585 ბრძანება და საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის განუხილველად დატოვება - მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

 

ფაქტობრივი გარემოება

მომჩივანმა შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარადგინა , სადაც არ ეთანხმებოდა დარიცხვას და ითხოვდა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას. შემოსავლების სამსახურმა, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებდა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს, კერძოდ: საჩივრიდან არ ირკვეოდა მოთხოვნის არსი, საჩივარზე დაადგინა ხარვეზი.თუმცა მომჩივანმა საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ გამოასწორა. აღსანიშნავია, რომ საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა დაადასტურა, რომ ასაჩივრებდა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნას. საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზი არსებითად არ უშლიდა ხელს საჩივრის განხილვას და შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იყო მიეღო საჩივარი წარმოებაში ამ ხარვეზის არსებობის მიუხედავად.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 300

მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილება: 33 (1 „ა“ ).