ბრძანება N 25800
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25800
25 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,-------” (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 12 სექტემბრის და 3 ნოემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 და 20 ნოემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმები №92 და №96) განიხილა შპს ,,-------” (ს/ნ -------) 2025 წლის 12 სექტემბრის №97969/1/2025 და 3 ნოემბრის №98634/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 ივლისის №024-47 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
1. არ ეთანხმება ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად განკარგვადი თანხის გაანგარიშებას დღგ-ის დეკლარაციით დეკლარირებულ ფასნამატზე დაყრდნობით. აცხადებს, რომ გაუგებარია შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის, მათ შორის დებიტორული დავალიანების (411 528 ლარი) შესახებ წარდგენილი შედარების აქტების გაუთვალისწინებლობის საფუძველი. აცხადებს, რომ წარდგენილი ჰქონდა ყველა ის მტკიცებულება, რაც შეცვლიდა დარიცხულ თანხებს, სწორედ აღნიშნული დოკუმენტაცია დაედო საფუძვლად შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ასევე წარადგინა ალტერნატიული გაანგარიშების ცხრილი, რომელიც დამყარებულია დოკუმენტურ რეალიზაციაზე.
2. ითხოვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირებას. აცხადებს, რომ გაუგებარია რა არგუმენტზე დაყრდნობით არ მოახდინა აუდიტის დეპარტამენტმა საკითხის ხელახლა შესწავლა და გადაანგარიშება, როდესაც ყველა არგუმენტის მტკიცებულება (გაანგარიშების ცხრილები) წარდგენილ იქნა საჩივართან ერთად დანართის სახით. აცხადებს, რომ გადაანგარიშების დასკვნაში არ არის მითითებული თუ რა დოკუმენტაცია იქნებოდა საკმარისი საკითხის შესწავლისთვის. მიუთითებს, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დაუშვებელია შემოწმებული პერიოდზე კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა, მათ მიერ წარდგენილი გაანგარიშების საფუძველზე უნდა დაკორექტირდეს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნავს, რომ 2022 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში საწარმოს მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 1 320 983 ლარის ოდენობით, რომელიც არ შეესაბამებოდა რეალობას. აღნიშნული განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ კომპანიის ბუღალტრის მიერ ვერ იქნა დათვლილი ზუსტი ფასნამატი და მოახდინა მაღალი მარჟით ბრუნვის დეკლარირება, რომლის კორექტირებასაც შემდგომ აპირებდა. აცხადებს, რომ კომპანიის მიერ განხორციელდა შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება, თვითღირებულების განსაზღვრა და დოკუმენტური ფასნამატის ოდენობის დადგენა სახეობების მიხედვით. შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტური რეალიზაცია სრული რეალიზაციის დაახლოებით 45-50%-ია, რომლითაც შესაძლებელია რეალური ფასნამატის და დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 დეკემბრის №32679 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 აპრილის №024-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 22 მაისის და 13 დეკემბრის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 დეკემბრის №32679 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 4 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები შემცირდა 33 930 ლარით, მათ შორის გადასახადი 22 620 ლარით და ჯარიმა 11 310 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 14 ივლისის №024-47 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 8) შესაბამისად, ფულადი სახსრების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა იმპორტირებული საქონლის სრული საინვოისო ღირებულება, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). საწარმოს მიერ საჩივარში მითითებულ სხვა საკითხების ირგვლიც არ არის წარმოდგენილი ისეთი შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საჩივრებში მითითებულ პოზიციასა და ზეპირ განხილვაზე მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, გაუგებარია შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის, მათ შორის დებიტორული დავალიანების (411 528 ლარი) შესახებ სანოტარო წესით დადასტურებული შედარების აქტების გაუთვალისწინებლობის საფუძველი. აცხადებს, რომ წარდგენილი ჰქონდა ყველა ის მტკიცებულება, რაც შეცვლიდა დარიცხულ თანხებს, სწორედ აღნიშნული დოკუმენტაცია დაედო საფუძვლად შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დებიტორული დავალიანების, კერძოდ, საჩივრების დანართად წარმოდგენილი სანოტარო წესით დადასტურებული შედარების აქტების ნაწილში სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტებით მიზნით, დებიტორულ დავალიანებასთან მიმართებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივრების დანართად წარმოდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მეშვეობით დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 დეკემბრის №32679 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ,,-------” (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტებით მიზნით, დებიტორულ დავალიანებასთან მიმართებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივრების დანართად წარმოდგენილი მტკიცებულებები მ.შ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მეშვეობით დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად განკარგვადი თანხის გაანგარიშება დღგ-ის დეკლარაციით დეკლარირებულ ფასნამატზე დაყრდნობით;
2. ითხოვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირებას;
3. ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 დეკემბრის №32679 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 4 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები შემცირდა 33 930 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტებით მიზნით, დებიტორულ დავალიანებასთან მიმართებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივრების დანართად წარმოდგენილი მტკიცებულებები მ.შ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მეშვეობით დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 დეკემბრის №32679 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 269(7)