გადაწყვეტილება №26523/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 17.02.2026
№ დოკუმენტი 26523/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№26523/2/2026

17 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----- ----- (ს/ნ ----- )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 06.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 26.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 26523/2/2026).

 

დავის საგანი:

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის N ELC22439 სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის N ELC22438 სამართალდარღვევის ოქმი;

3. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის N ELC22437 სამართალდარღვევის ოქმი;

4. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 16 სექტემბრის N 20351 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 3 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა:

2020 წლის 28 ივლისს, 5 და 8 აგვისტოს მომჩივანმა, როგორც ------ის (პასპ/ნ -----) მინდობილმა პირმა განახორციელა სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანა და ზოგადი დეკლარირება, რომელთაც გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განესაზღვრათ 2020 წლის 26 სექტემბერი, 4 ოქტომბერი და 7 ოქტომბერი.

ზემოაღნიშნულ ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე არ იყო შესრულებული საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და ასევე არ განხორციელებულა მათი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, რაზეც, მომჩივანს 2023 წლის 16 ოქტომბრის N ELC22437, N ELC22438 და N ELC22439 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმები მომჩივანმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომელიც 2025 წლის 16 სექტემბრის N 20351 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4, მე-10 და მე-11 ნაწილების მიხედვით, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუ პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

ზემოაღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაგზავნილია 2025 წლის 19 სექტემბერს და გაცნობა ფიქსირდება 2026 წლის 8 იანვარს.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 და მე-11 ნაწილების შინაარსის გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო აქტი, საჯაროდ გავრცელებიდან მე-20 დღეს ითვლება ჩაბარებულად, ხოლო პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო აქტის გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს და არა ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობის დღიდან.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 16 სექტემბრის N 20351 ბრძანების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 12.01.2026 წელი, ხოლო საჩივარი სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნით დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 2026 წლის 23 იანვარს, შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს გაშვებული აქვს სადავო აქტის გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

მომჩივანმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მას დაუკავშირდნენ და უთხრეს რომ მის სახელზე იყო გზავნილი, თუმცა როდესაც საფოსტო დაწესებულებაში მივიდა, არანაირი დოკუმენტი/გზავნილი არ უნახავს.

ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომჩივანმა საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები განსაზღვრულ ვადაში არ წარადგინა და არ მოახდინა მათი დეკლარირება, რის გამოც დაეკისრა ჯარიმა. მისი საჩივარი ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დააკმაყოფილა და დავა გაგრძელდა დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 301(ე); 44 (4-10-11);

საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165;.