გადაწყვეტილება №19938/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19938/2/2023
10 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია"------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,21.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "-------" -ის 2.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19938/2/2023).
დავის საგანი:
1.ლიკვიდაციის მიზნებისთვის, დასაკუთრებული ქონების და ძირითადი საშუალებების განხილვა აქტივის მიწოდებად საბაზრო/საბალანსო ღირებულებით;
2. სალიკვიდაციო პერიოდში ფულადი სახსრების ნაშთის დაკვალიფიცირება სახელფასო განაცემად;
3. საურავის დაკისრება და დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №32597 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №006-604 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11290 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 42 744 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 31 158
დღგ - 23 027
საშემოსავლო გადასახადი - 8 064
ქონების გადასახადი - 67
ჯარიმა - 4 066
საურავი - 7 520
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამომხმარებლო ან/და იპოთეკური სესხის გაცემა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 24.11.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 8.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №32597 ბრძანება და ამავე თარიღის №006-604 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 26.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.05.2023 წლის №11290 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დასაკუთრებული ქონების და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების მიწოდება განხორციელებულია შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, უზრუნველყოს აღნიშნულის ქონების მიწოდებად განხილვის საფუძველზე შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11290 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1.ლიკვიდაციის მიზნებისთვის, დასაკუთრებული ქონების და ძირითადი საშუალებების განხილვა აქტივის მიწოდებად საბაზრო/საბალანსო ღირებულებით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ელექტრონული საბუღალტრო პროგრამისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (24.11.2021 წელი) კომპანიას უფიქსირდება სესხის სანაცვლოდ მიღებული „დასაკუთრებული ქონება“, რომლის საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნით შეადგენს 46 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, ხოლო თვითღირებულება უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებით შეადგენს 32 000 აშშ დოლარს.
ასევე, პერიოდის ბოლოს კომპანიას ერიცხება ძირითადი საშუალებები ღირებულებით 4 800 ლარი (დღგ-ის ჩათვლით).
შემოწმებით, ლიკვიდაციის მიზნებისთვის, აღნიშნული ქონება და ძირითადი საშუალებები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილულია აქტივის მიწოდებად საბაზრო/საბალანსო ღირებულებით. ვინაიდან დასაბეგრი ოპერაციის თანხა, დასაკუთრებული ქონების მიწოდება, აჭარბებს 100 000 ლარს, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულება, 24.11.2021 წელს და აღნიშნული თანხა დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ქონების თვითღირებულება გათვალისწინებულია ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში. ასევე, ძირითადი საშუალებების მიწოდებაც დაიბეგრა დღგ-ით და ჩართულია 2021 წლის ერთობლივ შემოსავალში. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა, ხოლო მოგების გადასახადში დამატებით დასარიცხი თანხები არ გამოვლენილა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარდგენილ განმარტებაზე და თანდართულ დოკუმენტებზე, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის 16 მაისის №918 განკარგულების საფუძველზე მომჩივანს გაუუქმდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია სარეგისტრაციო ნომრით - 381109 და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია. გადამხდელი დღემდე იმყოფება ლიკვიდაციის რეჟიმში. ამასთან, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის იანვარში აქვს რეალიზებული დასაკუთრებული ქონება, რაც არ ექცევა დღგ-ით დაბეგვრის არეალში, რადგან რეალიზაციის თანხა არ აჭარბებს 100 000 ლარს და კომპანიას არ უწევს სავალდებულო წესით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ დასაკუთრებული ქონების და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების მიწოდება განხორციელებულია შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, 2023 წლის იანვარში და მისი ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დასაკუთრებული ქონების და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების მიწოდება განხორციელებულია შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, უზრუნველყოს აღნიშნულის ქონების მიწოდებად განხილვის საფუძველზე შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 16 მაისის №918 განკარგულების საფუძველზე კომპანიას გაუუქმდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია სარეგისტრაციო ნომრით 381109 და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია. დღემდე კომპანია იმყოფება ლიკვიდაციის რეჟიმში და მისი ლიკვიდაცია ხორციელდება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის“ მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში, კომპანიის მიერ 2021 წლის ნოემბრის თვეში არ მომხდარა საგადასახადო შემოწმების მიერ მითითებული აქტივების რეალიზაცია, ასევე ხელფასის გაცემა, შესაბამისად ყოვლად უსაფუძვლოა იმის დაშვება რომ კომპანიის ლიკვიდაციის რეჟიმში ყოფნის გამო ნაშთად არსებული აქტივები განხილულ უნდა იქნას მიწოდებად, ხოლო ნაშთად არსებული ფულადი თანხები - ხელფასის სახით განაცემად.
ასევე, დამატებით აღსანიშნია, რომ კომპანიამ 2023 წლის იანვარში აუქციონის წესით მოახდინა დასაკუთრებული ქონების რეალიზაცია, რაც არ ექცევა დღგ-ით დაბეგვრის არეალში, რადგან რეალიზაციის თანხა არ აჭარბებს 100 000 ლარს და კომპანიას არ უწევს სავალდებულო წესით დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის“ პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად:
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი (შემდგომში – წესი) გამოიყენება იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის (შემდგომში – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) მიმართ, რომელსაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (შემდგომში – ეროვნული ბანკი) გაუუქმა რეგისტრაცია.
2. ლიკვიდაცია არის პროცესი, რომელიც იწყება ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტის მიღებისთანავე და რომლის მიზანია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივების/ქონების რეალიზაცია და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. მის მიმდინარეობას აკონტროლებს ეროვნული ბანკი.
3. ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის რეგისტრაციის გაუქმებისთანავე იწყება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.
4. რეგისტრაციის გაუქმებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონის 101 მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 პუნქტების შესაბამისად:
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმებისას (გარდა ამ კანონის 102 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა) ხდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება იძულებითი აღსრულება.
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
7. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის დასრულებამდე ლიკვიდაციის პროცესში მყოფ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე ვრცელდება ამ კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11290 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დასაკუთრებული ქონების და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების მიწოდება განხორციელებულია შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, უზრუნველყოს აღნიშნულის ქონების მიწოდებად განხილვის საფუძველზე შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგად ამ ნაწილში შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები სრულად შემცირდა, რაც აისახა დასკვნაში.
მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეს საკითხი სადავოს აღარ წარმოადგენს.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანება მართებულია და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. სალიკვიდაციო პერიოდში ფულადი სახსრების ნაშთის დაკვალიფიცირება სახელფასო განაცემად
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების პროცესში დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ელექტრონული საბუღალტრო პროგრამა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემები, რომლის ანალიზის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის 2019 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში არასწორად აქვს დეკლარირებული გაცემული ხელფასი და იჯარა, 2019 წლის მაისის თვეში არ აქვს დეკლარირებული გაცემული ხელფასი. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საბანკო ანგარიშებზე გააჩნია ფულადი ნაშთი 3 146 ლარის ოდენობით. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 154- ე მუხლის შესაბამისად დაკორექტირდა (გაიზარდა) გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები. ასევე, სალიკვიდაციო პერიოდში, საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი ნაშთი დაკვალიფიცირდა სახელფასო განაცემად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს 2019 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში არასწორად აქვს დეკლარირებული გაცემული ხელფასი და იჯარა, 2019 წლის მაისის თვეში არ აქვს დეკლარირებული გაცემული ხელფასი. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საბანკო ანგარიშებზე გააჩნია ფულადი ნაშთი 3 146 ლარის ოდენობით, რომელიც სალიკვიდაციო პერიოდში დაკვალიფიცირდა სახელფასო განაცემად. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესაძლებელია კომპანიამ ნაშთად არსებული თანხები არ გასცეს ხელფასის სახით და გამოყენებულ იქნეს სხვა ხარჯების გასაწევად. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი“ (მუხლი 7.11) უშვებს შესაძლებლობას, რომ არ მოხდეს კომპანიის ლიკვიდაცია და მან ფუნქციონირება განაგრძოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ ლიკვიდაციის დასრულების საფუძვლით აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორცილებული დარიცხვები არის უკანონო და ექვემდებარება გაუქმებას. აღსანიშნავია, რომ მსგავს საქმეზე შემოსავლების სამსახურს მიღებულ აქვს გადაწყვეტილება, რომლითაც დააკმაყოფილა საჩივარი (იხ. დანართი №32198; 28.10.2020 გადაწყვეტილება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
2. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
3. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეს არ არის კლასიკური კომპანიის ლიკვიდაცია, არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომლის ლიკვიდაციას ზედამხედველობას უწევს ეროვნული ბანკის წარმომადგენლი, ორგანიზაციაში მიმდინარეობს სხვადასხვა პროცესები, მათ შორის დავები და შესაბამისად ორგანიზაციას უწევს ხარჯების გაწევა, რისთვისაც სჭირდება თანხები. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი“ (მუხლი 7.11) უშვებს შესაძლებლობას, რომ არ მოხდეს კომპანიის ლიკვიდაცია და მან ფუნქციონირება განაგრძოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ ლიკვიდაციის დასრულების საფუძვლით აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორცილებული დარიცხვები არის უკანონო და ექვემდებარება გაუქმებას.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, სალიკვიდაციო პერიოდში, ორგანიზაციას საბანკო ანგარიშებზე გააჩნდა ფულადი ნაშთი 3 146 ლარის ოდენობით, რაც დაკვალიფიცირდა სახელფასო განაცემად.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო აღნიშნავს, რომ კომპანიის საბანკო ანგარიშზე არსებული ფულის ნაშთის ხელფასის სახით განაცემად მიჩნევა, მხოლოდ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ორგანიზაცია ლიკვიდაციის პროცესშია, არამართებულია. ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის ლიკვიდაციის მიმდინარეობის პერიოდში საბანკო ანგარიშზე არსებული ფულის ნაშთის ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირება არ არის დასაბუთებული და ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები უნდა გაუქმდეს.
3. საურავის დაკისრება და დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 4 066 ლარი (მათ შორის გადახდის წყაროსთან დაკავებულ გადასახადში 4 032 ლარი და ქონების გადასახადში 34 ლარი), ასევე აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №006-604 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საურავი 7 520 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო მოთხოვნით საურავი განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების დღიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში წყდება პროცენტებისა და სარგებლის დარიცხვა მიღებულ კრედიტებსა და სხვა ვალდებულებებზე და ამ თარიღისათვის დარიცხული გაუცემელი პროცენტები გაერთიანდება ძირითად ვალთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ კომპანიაზე საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული საურავი არის უკანონო და უნდა გაუქმდეს.
საგადასახადო შემოწმების შედეგად კომპანიაზე სანქციების დარიცხვა მოხდა იმ პერიოდში, როდესაც მას გაუუქმდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია და საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების შესრულება ვერ მოხერხდა გარდამავალ პერიოდში, რაც ფიქრობს, რომ წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე კომპანიაზე დარიცხული სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის.
თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
მომჩივნის არგუმენტი, რომ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის“ მე-2 მუხლის მე5 პუნქტის (მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების დღიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში წყდება პროცენტებისა და სარგებლის დარიცხვა მიღებულ კრედიტებსა და სხვა ვალდებულებებზე) გათვალისწინებით, კომპანიაზე საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული საურავი არის უკანონო, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო სანქციები გამოყენებულია არა მიღებულ კრედიტებსა და სხვა ვალდებულებებზე არამედ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის გამო.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების, სანქციისგან გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი მე-2 დავის საგნის ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს: ა) საგადასახადო ორგანოს მიერ, მომჩივნის ლიკვიდაციის მიმდინარეობის პერიოდში საბანკო ანგარიშზე არსებული ფულის ნაშთის ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირების ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გაუქმება (შემცირება); ბ) ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.კომპანიის მიერ 2021 წლის ნოემბრის თვეში არ მომხდარა საგადასახადო შემოწმების მიერ მითითებული აქტივების რეალიზაცია, ასევე ხელფასის გაცემა, შესაბამისად ყოვლად უსაფუძვლოა იმის დაშვება რომ კომპანიის ლიკვიდაციის რეჟიმში ყოფნის გამო ნაშთად არსებული აქტივები განხილულ უნდა იქნას მიწოდებად, ხოლო ნაშთად არსებული ფულადი თანხები - ხელფასის სახით განაცემად.
ასევე,მომჩივანი მიიჩნევს ,რომ კომპანიას არ უწევს სავალდებულო წესით დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირება.
2.მომჩივანს მიაჩნია, რომ ლიკვიდაციის დასრულების საფუძვლით აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორცილებული დარიცხვები არის უკანონო და ექვემდებარება გაუქმებას.
3.გადამხდელს მიაჩნია, რომ კომპანიაზე საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული საურავი არის უკანონო და უნდა გაუქმდეს.
ფაქტობრივი გარემოებები
1.კომპანიას უფიქსირდება სესხის სანაცვლოდ მიღებული „დასაკუთრებული ქონება“, რომლის საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნით შეადგენს 46 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, ხოლო თვითღირებულება უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებით შეადგენს 32 000 აშშ დოლარს. ასევე, პერიოდის ბოლოს კომპანიას ერიცხება ძირითადი საშუალებები.
შემოწმებით, ლიკვიდაციის მიზნებისთვის, აღნიშნული ქონება და ძირითადი საშუალებები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილულია აქტივის მიწოდებად საბაზრო/საბალანსო ღირებულებით.გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულება და აღნიშნული თანხა დაიბეგრა დღგ-თი. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ქონების თვითღირებულება გათვალისწინებულია ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში. ასევე, ძირითადი საშუალებების მიწოდებაც დაიბეგრა დღგ-ით და ჩართულია 2021 წლის ერთობლივ შემოსავალში. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2.გადამხდელის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში არასწორად აქვს დეკლარირებული გაცემული ხელფასი და იჯარა,შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაკორექტირდა გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები. ასევე, სალიკვიდაციო პერიოდში, საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი ნაშთი დაკვალიფიცირდა სახელფასო განაცემად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
3.საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით, ასევე აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №006-604 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საურავი .
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანება მართებულია და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის ლიკვიდაციის მიმდინარეობის პერიოდში საბანკო ანგარიშზე არსებული ფულის ნაშთის ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირება არ არის დასაბუთებული და ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები უნდა გაუქმდეს.
3.საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების, სანქციისგან გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
101,145,154,159,275.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი“