გადაწყვეტილება №20084/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20084/2/2023
19 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 27.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20084/2/2023).
დავის საგანი:
დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის №CB1468345 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13522 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 400 ლარი.
ფაქტების აღწერა
„დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას გამოვლინდა, რომ მომჩივანს დაქირავებულ პირთა რეესტრში არ ყავს შეყვანილი დაქირავებით მომუშავე ორი პირი, რაც ჩაითვალა საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების დარღვევად. აღნიშნულზე მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის №CB1468345 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა თითოეულზე 200 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.06.2023 წლის №13522 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანების 3719 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112 მუხლის მე-2 პუნქტზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 2885 -ე მუხლზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოება დადგა ინფორმაციის გაცვლის ხარვეზის გამო თანამშრომელსა და ბუღალტერს შორის, რომელსაც ევალებოდა ამ პირების რეესტრში ატვირთვა. კომპანიას არ ჰქონდა არანაირი სხვა ტიპის განზრახვა. ორივე თანამშრომელი ბოლო პერიოდში აყვანილი თანამშრომლები არიან. -------- შეყვანილია 2023 წლის აპრილის თვის დეკლარაციაში და ეს არის მისი პირველი ხელფასი კომპანიაში, დაჯარიმების მომენტში მაისის თვის დეკლარაცია არ იყო წარდგენილი, დაჯარიმება მოხდა დეკლარაციის დღეს დილის საათებში, ხოლო --------- პირველი ხელფასის გაცემა მოხდა პირველ მაისს და შესაბამისად პირი დადეკლარირდა 2023 წლის 15 ივნისს. მოხდა მყისიერად ორივე პირის დამატება და არსებული რეესტრის სისწორის გადამოწმება. დღეის მდგომარეობით დასაქმებული თანამშრომლები სრულად დამატებულია. მომჩივანმა გამოაგზავნა ქვითარი, საიდანაც ირკვევა, რომ 1.05.2023 წელს შპს -------- ბანკის ანგარიშიდან აპრილის თვის ხელფასი გადარიცხულია -------- ანგარიშზე. ორივე პირი ნაჩვენებია მაისის დეკლარაციაში.
გადასახადის გადამხდელი, ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ასევე შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასასახი ინფორმაციის ნუსხა და ინფორმაციის ასახვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 3719 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.
საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლის თანახმად, პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა − იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.
ამგვარად, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია გადასახადის გადამხდელის ვალდებულება შეასრულოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შეუსრულებლობით, მომჩივანმა არ შეასრულა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულება, რაზეც ამავე კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებულია შესაბამისი სანქცია. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს მართებულად შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
მომჩივანი განმარტავს, რომ ბუღალტერის შეცდომის გამო არ მოხდა დასაქმებულების დაქირავებულ პირთა რეესტრში შეყვანა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახდელის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა წარმოადგენს პირველ შემთხვევას.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13522 ბრძანება;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის №CB1468345 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
4. მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად შეეფარდოს გაფრთხილება;
5. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა.
ფაქტობრივი გარემოებები
„დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას გამოვლინდა, რომ მომჩივანს დაქირავებულ პირთა რეესტრში არ ყავს შეყვანილი დაქირავებით მომუშავე ორი პირი, რაც ჩაითვალა საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების დარღვევად. აღნიშნულზე მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის №CB1468345 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა თითოეულზე 200 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.06.2023 წლის №13522 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 12, 43(1), 2885, 270(7).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 994 ბრძანება.