გადაწყვეტილება №24763/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.03.2025
№ დოკუმენტი 24763/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24763/2/2025

19 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, მ 27.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 17.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24763/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 8.08.2024 წლის №18341 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2024 წლის №006-472 საგადასახდო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26502 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 232 301,1 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 133 961

ჯარიმა - 69 183

საურავი - 29 157,1

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ქ. ---ში, ---ის ქუჩა №319-ში, ---ის ქუჩა №17-ში, ---ს დასახლება მე-3 კვ. კორპ. №45-ში და ---ის ქუჩა №12-ში იჯარით აღებულ ფართში, მედიკამენტების, მათ შორის პირველ ჯგუფს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2.02.2023 წლიდან 1.10.2023 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: საწარმო არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხდება საქონლის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერა. ვერ იშიფრება საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა და საქონლის საბოლოო ნაშთი. არ ხორციელდება ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვა.

შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოგზავნილი სისხლის სამართლის საქმის მასალები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები, დათვლილ იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი ფასნამატი 53%, ხოლო პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრაში შემოწმება დაეყრდნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოგზავნილ თემატური რევიზიის აქტს. შედეგად შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა სულ 943 017 ლარი (მათ შორის პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული მედიკამენტები 893 473 ლარი). აღნიშნული შემოსავალი შემცირდა იმ პერიოდისთვის საწარმოს მიერ გაწეული დანახარჯებით და საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთის გათვალისწინებით. ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად, 2023 წლის აპრილის ბოლოს გამოვლინდა 900 270 ლარის ნაღდი ფულის დანაკლისი, რაც განხილულ იქნა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2023 წლის №006-559 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2663 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 31.05.2024 წლის №22401/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2663 ბრძანება, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 31.05.2024 წლის №22401/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 8.08.2024 წლის №18341 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ეკონომიკური საქმიანობის დაწყება/დასრულების პერიოდის განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის კომუნალური ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები);

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ერთი და იმავე ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლების (ფარმაცევტი) მიერ გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული დღიური რეალიზაციის საშუალო შეწონილი ღირებულების ოდენობით და აღნიშნულიდან გამომდინარე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 8.08.2024 წლის №18341 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 4.11.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შემოწმებით გამოვლენილი პირველ ჯგუფს დაქვემდებარებული, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯის განსაზღვრის მიზნით, შესწავლილ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ გამოცემული გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტის გაანგარიშების შესახებ დასკვნის მონაცემები/მასალები, რომლის მიხედვითაც პირის ხარჯებში გათვალისწინებას დაექვემდებარა საგამოძიებო ორგანოს სისხლის სამართლის მასალების მიხედვით გაანგარიშებული ხარჯის 75%-ის ოდენობით.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშებული 81,8%-იანი ფასნამატის მიხედვით შპს ---ას ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიხედვით აღნიშნული 75%, სულ 368 595 ლარი არაპირდაპირი მეთოდით გათვალისწინებულ იქნა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებულ ხარჯებში. აღნიშნული თანხით განხორციელდა შემოწმებით დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ საკითხებზე გადამხდელის მიერ შესაბამის ვადებში იქნა წარდგენილი არასრულყოფილი მტკიცებულებები, კერძოდ: ობიექტის სამუშაო დღეების განსაზღვრის მიზნით არ იქნა წარდგენილი კომუნალური ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. ხოლო საგამოძიებო სამსახურის მიერ შედგენილი რევიზიის აქტში არსებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი თანხვედრაშია, ობიექტზე დასაქმებული პირების გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებულ თანხებთან, კერძოდ თემატური რევიზიის აქტში შემოსავალი გაანგარიშებულია სხვადასხვა ობიექტზე საწარმოს თანამშრომელთა გამოკითხვის მონაცემების დაჯამების გზით. ამ ნაწილში სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 4.11.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 8.11.2024 წლის №006-472 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26502 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადაანგარიშებისას შემმოწმებელმა გაითვალისწინა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიხედვით აღნიშნულის 75%, სულ 368 595 ლარი, არაპირდაპირი მეთოდით გათვალისწინებულ იქნა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებულ ხარჯად, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების შემცირება. ხოლო, დანარჩენი სადავო საკითხების ნაწილში არ დაკორექტირდა საგადასახადო ვალდებულებები იმ მოტივით, რომ განსაზღვრულ ვადაში გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი სრულყოფილი მტკიცებულებები.

ამასთან, საგამოძიებო სამსახურის მიერ შედგენილ თემატური რევიზიის აქტში არსებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი თანხვედრაშია ობიექტზე დასაქმებული პირების გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებულ თანხებთან, კერძოდ, თემატური რევიზიის აქტში შემოსავალი გაანგარიშებულია სხვადასხვა ობიექტებზე თანამშრომელთა გამოკითხვის მონაცემების დაჯამების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯი გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების შემცირება, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ დანარჩენი სადავო საკითხების ნაწილში გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი სრულყოფილი მტკიცებულებები, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ 2024 წლის 8 აგვისტოს №18341 ბრძანების აღსრულება განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ კომპანიას საგადასახადო ვალდებულება დააკისრა ქმედებისათვის, რაც მას არ ჩაუდენია და სრულად ეფუძნება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურის მიერ შედგენილ რევიზიის აქტს. თავის მხრივ რევიზიის აქტის შედეგი, რომ კომპანიამ მიიღო შემოსავალი პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან ჯამში 893 473 ლარის ოდენობით, გაანგარიშებულია ოთხი მოწმის ჩვენების საფუძველზე, მაშინ როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს 10-ზე მეტი მოწმის ჩვენება, სადაც ისინი აღნიშნული მოწმისაგან რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას იძლევიან. მოწმეების ძირითადი ნაწილი (კომპანიის თანამშრომლები, ფარმაცევტები) ჩვენებაში უთითებს რომ კომპანიის მიერ არ ხორციელდებოდა პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია, თუმცა საგამოძიებო სამსახურის სარევიზიო ჯგუფი დაეყრდნო მხოლოდ ოთხი თანამშრომლის (----) ჩვენებას, რომლებიც ადასტურებენ რომ ასეთ ოპერაციებს ქონდა ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიულად არ დაეთანხმა როგორც მოწმეთა ჩვენებებს, ასევე 2023 წლის 29 სექტემბრის აქტსა და 2023 წლის 13 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტს ერთიანობაში და მივუთითეთ მნიშვნელოვან უზუსტობებს, აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას არ მიაქცია ყურადღება მათ, კერძოდ: 1. მოწმე --- 2023 წლის 11 აგვისტოს ჩვენებაში განმარტავს, რომ დღის განმავლობაში საშუალოდ 4 000 ლარის ღირებულების სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული (ფსიქოტროპული) მედიკამენტების რეალიზება ხდებოდა, ამასთან 2023 წლის 8 აგვისტოს 10 000 ლარსაც კი გადააჭარბა. ამავე დღეს ჩატარებული ჩხრეკის თანახმად სალაროში აღმოჩნდა ნაღდი ფული 873 ლარის ოდენობით. 2023 წლის 29 სექტემბრის რევიზიის აქტში მითითებულია, რომ--- კომპანიაში დასაქმებულია. 2023 წლის პირველი მარტიდან, ---ს №12-ში მდებარე აფთიაქში. აღნიშნული პერიოდზე გაანგარიშებულია კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი - 162*4 000+1*10 000+873= 658 873 ლარი. ---ის №12 მოქმედი ფილიალი გაიხსნა 2023 წლის 23 მარტს, რასაც ამტკიცებს ამ მისამართზე სალარო საკონტროლო აპარატის რეგისტრაციის თარიღი (დოკუმენტი წარმოდგენილია დანართის სახით).

ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად აღნიშნული ფილიალის გახსნის თარიღი ემთხვევა სალარო აპარატის რეგისტრაციის თარიღს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანიის ინფორმაციით 2023 წლის 21 თებერვლიდან 2023 წლის 22 მარტის ჩათვლით კომერციული ფართი, სადაც შპს --მდე მოიჯარე იყო და საქმიანობდა სხვა კომპანია (შპს ---), დალუქული იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ (მტკიცებულების სახით წარმოადგენს შპს „---“-ის დირექტორის წერილს). ამგვარად, საგამოძიებო სამსახურის სარევიზიო ჯგუფის დათვლის მეთოდით მიღებული შემოსავალი უნდა ყოფილიყო - 140*4 000+10 000*1+873=570 873 ლარი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ საგამოძიებო სამსახურის მიდგომა სწორია, 88 000 ლარით (658 873-570 873) არის გაზრდილი კომპანიის დასაბეგრი შემოსავალი.

2. მოწმე --- 2023 წლის 10 მაისის ჩვენებაში განმარტავს, რომ დღის განმავლობაში საშუალოდ 1 400 ლარის ღირებულების სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული (ფსიქოტროპული) მედიკამენტების რეალიზება ხდებოდა. 2023 წლის 29 სექტემბრის რევიზიის აქტში მითითებულია, რომ --- კომპანიაში დასაქმებულია 2023 წლის 2 თებერვლიდან, ---ის №----ში მდებარე აფთიაქში. აღნიშნული პერიოდზე გაანგარიშებულია კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი 97*1 400=135 800 ლარი. ---ის №----ში მოქმედი ფილიალი გაიხსნა 2023 წლის 7 მარტს, რასაც ამტკიცებს ამ მისამართზე სალარო საკონტროლო აპარატის 5 რეგისტრაციის თარიღი (დოკუმენტი წარმოდგენილია დანართის სახით).

ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ფილიალის გახსნის თარიღი ემთხვევა სალარო აპარატის რეგისტრაციის თარიღს. ამასთან, დამატებით წარმოადგენს მტკიცებულებას, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აღნიშნულ მისამართზე 2023 წლის 28 თებერვლამდე საქმიანობდა შპს „---“. ამრიგად, საგამოძიებო სამსახურის სარევიზიო ჯგუფის დათვლის მეთოდით მიღებული შემოსავალი უნდა ყოფილიყო - 64*1 400=89 600 ლარი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ საგამოძიებო სამსახურის მიდგომა სწორია, 46 200 ლარით (135 800-89 600) არის გაზრდილი კომპანიის დასაბეგრი შემოსავალი.

ზემოთ აღწერილი მეთოდით არის დაანგარიშებული ---ში მდებარე აფთიაქების მეშვეობით მიღებული შემოსავლები, მოწმეები---სა და ---ს ჩვენებების მიხედვით.

3. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აგვისტოს №18341 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა „ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ერთი და იმავე ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლების (ფარმაცევტი) მიერ გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული დღიური რეალიზაციის საშუალო შეწონილი ღირებულების ოდენობით და აღნიშნულიდან გამომდინარე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება)“.

მოწმე --- 2023 წლის 11 აგვისტოს ჩვენებაში განმარტავს, რომ დღის განმავლობაში საშუალოდ 4 000 ლარის ღირებულების სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული (ფსიქოტროპული) მედიკამენტების რეალიზება ხდებოდა, ამასთან 2023 წლის 8 აგვისტოს 10 000 ლარსაც კი გადააჭარბა. ამავე დღეს ჩატარებული ჩხრეკის თანახმად სალაროში აღმოჩნდა ნაღდი ფული 873 ლარის ოდენობით. ამავე სავაჭრო ობიექტზე დასაქმებული ---ს ჩვენებიდან ირკვევა, რომ საშუალო ამავე სავაჭრო ობიექტზე საშუალო ნავაჭრი შეადგენდა 350 ლარს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ 4.11.2024 წელს შედგენილ დასკვნაში აღნიშნული საკითხი არ არის განხილული. ამრიგად აუდიტის დეპარტამენტს 4 000 ლარის ნაცვლად 2 175 ლარიანი მაჩვენებელი უნდა გამოეყენებინა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 8.08.2024 წლის №18341 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ეკონომიკური საქმიანობის დაწყება/დასრულების პერიოდის განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის კომუნალური ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ერთი და იმავე ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლების (ფარმაცევტი) მიერ გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული დღიური რეალიზაციის საშუალო შეწონილი ღირებულების ოდენობით, ასევე დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 4.11.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შემოწმებით გამოვლენილი პირველ ჯგუფს დაქვემდებარებული, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯის განსაზღვრის მიზნით, შესწავლილ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტის გაანგარიშების შესახებ დასკვნის მონაცემები/მასალები, რომლის მიხედვითაც ხარჯებში გათვალისწინებას დაექვემდებარა საგამოძიებო ორგანოს სისხლის სამართლის მასალების მიხედვით გაანგარიშებული ხარჯის 75%-ის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშებული 81,8%-იანი ფასნამატის მიხედვით შპს ---ს ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიხედვით აღნიშნული 75%, სულ 368 595 ლარი არაპირდაპირი მეთოდით გათვალისწინებულ იქნა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებულ ხარჯებში. აღნიშნული თანხით განხორციელდა შემოწმებით დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ საკითხებზე გადამხდელის მიერ შესაბამის ვადებში იქნა წარდგენილი არასრულყოფილი მტკიცებულებები, კერძოდ: ობიექტის სამუშაო დღეების განსაზღვრის მიზნით არ იქნა წარდგენილი კომუნალური ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. ხოლო, საგამოძიებო სამსახურის მიერ შედგენილი რევიზიის აქტში არსებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი თანხვედრაშია, ობიექტზე დასაქმებული პირების გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებულ თანხებთან, კერძოდ თემატური რევიზიის აქტში შემოსავალი გაანგარიშებულია სხვადასხვა ობიექტზე საწარმოს თანამშრომელთა გამოკითხვის მონაცემების დაჯამების გზით. ამ ნაწილში სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით გადაანგარიშების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის სავაჭრო ობიექტებში დასაქმებული პირების გამოკითხვის ოქმები. ---ს ჩვენებაში, რომელიც გადამხდელმა დაურთო საჩივარს, პირი მიუთითებს, რომ აღნიშნულ ობიექტზე ის ყიდდა თერაპიულ მედიკამენტებს, ხოლო ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან შეხება არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნულ ობიექტზე ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან დადგენილი შემოსავალი დარჩა უცვლელი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე შემოსავლების სამსახურის 8.08.2024 წლის №18341 ბრძანების გათვალისწინებით განისაზღვრა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 4.11.2024 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 8.08.2024 წლის №18341 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 8.08.2024 წლის №18341 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 4.11.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შემოწმებით გამოვლენილი პირველ ჯგუფს დაქვემდებარებული, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯის განსაზღვრის მიზნით, შესწავლილ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტის გაანგარიშების შესახებ დასკვნის მონაცემები/მასალები, რომლის მიხედვითაც ხარჯებში გათვალისწინებას დაექვემდებარა საგამოძიებო ორგანოს სისხლის სამართლის მასალების მიხედვით გაანგარიშებული ხარჯის 75%-ის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშებული 81,8%-იანი ფასნამატის მიხედვით საწარმოს ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიხედვით აღნიშნული 75%, სულ 368 595 ლარი არაპირდაპირი მეთოდით გათვალისწინებულ იქნა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებულ ხარჯებში. აღნიშნული თანხით განხორციელდა შემოწმებით დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ საკითხებზე გადამხდელის მიერ შესაბამის ვადებში იქნა წარდგენილი არასრულყოფილი მტკიცებულებები, კერძოდ: ობიექტის სამუშაო დღეების განსაზღვრის მიზნით არ იქნა წარდგენილი კომუნალური ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. ხოლო, საგამოძიებო სამსახურის მიერ შედგენილი რევიზიის აქტში არსებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი თანხვედრაშია, ობიექტზე დასაქმებული პირების გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებულ თანხებთან, კერძოდ თემატური რევიზიის აქტში შემოსავალი გაანგარიშებულია სხვადასხვა ობიექტზე საწარმოს თანამშრომელთა გამოკითხვის მონაცემების დაჯამების გზით. ამ ნაწილში სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 8.08.2024 წლის №18341 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154.