გადაწყვეტილება №24764/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2025
№ დოკუმენტი 24764/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24764/2/2025

10 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --------ი (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 17.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24764/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 8.07.2024 წლის №16220 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.10.2024 წლის №007-258 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.01.2025 წლის №394 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 359 140.63 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 172 719

დღგ - 65 448

საშემოსავლო გადასახადი - 107 271

ჯარიმა - 85 121

საურავი - 101 300.63

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, ძირითადად იოდიზირებული მარილით, უფიქსირდება როგორც იმპორტირებული, ასევე, ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის რეალიზაცია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდის, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგების მიზნებისთვის 20.03.2022 წლის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 29.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

- გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 2 239 126 ლარის საქონელი, ხოლო საქონლის რეალიზაციიდან დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 2 115 929 ლარს, რაც თითქმის სრულად დოკუმენტურია (გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები). გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ფიქსირდება 431 313 ლარის თვითღირებულების საქონლის ნაშთი, მათ შორის, მარილის ნაშთი თანხობრივად შეადგენს 315 870 ლარს და რაოდენობრივად 1 097 ტონას. საქონლის (საკვები მარილის) მოძრაობის ანალიზით ირკვევა, რომ 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანიას გააჩნია მზარდი ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. ამ პერიოდის განმავლობაში მინიმალური ნაშთი შეადგენს 758 ტონას და მუდმივად იზრდება, 1.01.2023 წლის მდგომარეობით კი შეადგენს 1 097 ტონას. ამასთან, 15.10.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდში შეძენილია 3 604 ტონა მარილი, იმ პირობებში, როცა არ ხდება ნაშთის ამოყიდვა და ფიქსირდება უძრავი ნაშთი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.03.2023 წლის №5320 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც 20.03.2023 წლის მდგომარეობით მარილის ფაქტობრივმა ნაშთმა შეადგინა 274 300 კგ. (საბაზრო ღირებულებით 128 507 ლარი). საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, განსაზღვრულია სმფ-ების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის (1.01.2023წ.), ინვენტარიზაციით განსაზღვრული ნაშთის ფაქტობრივ მოცულობას დაემატა რეალიზებული საქონლის რაოდენობა და გამოაკლდა შეძენილი საქონლის რაოდენობა, შედეგად ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 198 260 კგ., ხოლო ბუღალტრული ნაშთი ამ პერიოდისთვის იყო 1 097 707 კგ., გამოვლენილი სხვაობა 899 447 კგ. უძრავი ნაშთის წარმოშობის პერიოდების მიხედვით განხილულია მიწოდებად შესაბამისი პერიოდის შეწონილი დოკუმენტური ფასებით. შედეგად, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ხოლო მიღებული განკარგვადი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

- გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული აქვს იოდიზირებული მარილი ----დან და -----დან. შემოწმებისთვის მიწოდებული სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით, არარეზიდენტ მომწოდებლებთან ანგარიშსწორება დაფიქსირებულია სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით. საბანკო ამონაწერებით, უნაღდო ანგარიშსწორება არ არის განხორციელებული. შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან მომწოდებლებზე გადახდილად ნაჩვენები თანხები ჯამურად შეადგენს 523 431 ლარს და კრედიტორული დავალიანება არ ფიქსირდება. გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი საქონლის ღირებულების გადახდის დასადასტურებლად სხვა რაიმე დოკუმენტი (მაგ.: შედარების აქტი, თანხის მიღება-ჩაბარების აქტი, საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა) არ წარუდგენია. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების (დანართი №8) შესაბამისად, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% (392 573 ლარის ოდენობით) ჩაითვალა ანაზღაურებულად. შესაბამისად, სააღრიცხვო მონაცემებით სალაროდან არარეზიდენტი კრედიტორების ანგარიშსწორებისთვის ჩამოწერილი თანხების (რომლებზეც არ იქნა წარდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია) 25% ჩაითვალა აუნაზღაურებლად და ანგარიშვალდებულ პირზე - საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 4.04.2023 წლის №7248 ბრძანება და ამავე თარიღის №007-71 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 2023 წლის 2 მაისს, 12 მაისს და 13 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.06.2023 წლის №14603 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 5.10.2023 წლის №20264/2/2023 (26.10.2023წ. 03/84068) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14603 ბრძანება, საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დაბრუნებული საჩივრები განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 20.12.2023 წლის №32157 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებები შეისწავლოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ჩართულობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, მომწოდებლებთან გაფორმებული შესაბამისი წესით დამოწმებული შედარების აქტები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებები შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების (დანართი №8) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32157 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 2.04.2024 წლის დასკვნა საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2024 წლის №7622 ბრძანება და ამავე თარიღის №007-65 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 12.06.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.07.2024 წლის №16220 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, არარეზიდენტი კრედიტორებისთვის ჩამოწერილი თანხების 25%-ის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №8-ის („კრედიტორული დავალიანების შესახებ“) შესაბამისად, გაანგარიშებაში გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივართან ერთად წარდგენილი, მომწოდებლებთან გაფორმებული და ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტები და აღნიშნულის გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 8.07.2024 წლის №16220 ბრძანება არ გასაჩივრებულა.

შემოსავლების სამსახურის 8.07.2024 წლის №16220 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 21.10.2024 წლის დასკვნა საიდანაც ირკვევა, რომ გადაანგარიშების შედეგად საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა შემცირდა სულ 49 071 ლარით, მათ შორის გადასახადი 32 714 ლარით და ჯარიმა 16 357 ლარით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.10.2024 წლის №22757 ბრძანება და ამავე თარიღის №007-258 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 27.12.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.01.2025 წლის №394 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულება/დოკუმენტაციის შესწავლის და გათვალისწინების შედეგად, განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის საქმიანობაა მარილის იმპორტი და შემდგომ რეალიზაცია. ძირითადად საქონლის შემოტანა ხდებოდა -----დან, მომწოდებელთან თანხები გასტუმრებულია ნაღდი ანგარიშსწორებით, რაც აუდიტორმა არ გაითვალისწინა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოთხოვილი ჰქონდა შედარების აქტები და დამატებით წარადგინა შემოსავლების სამსახურში დავის განხილვისას.

შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დავალებული საქმის აღსრულება როგორ განხორციელდა ბუნდოვანია, ვინაიდან აქვს ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტები. შესაბამისად, არ ეთანხმება საგადასახადო მოთხოვნას, ასევე შემოსავლების სამსახურის ბრძანებას და ითხოვს მისი მონაწილეობით გადაანგარიშებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 8.07.2024 წლის №16220 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა არარეზიდენტი კრედიტორებისთვის ჩამოწერილი თანხების 25%-ის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №8-ის („კრედიტორული დავალიანების შესახებ“) შესაბამისად, გაანგარიშებაში გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივართან ერთად წარდგენილი, მომწოდებლებთან გაფორმებული და ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტები და აღნიშნულის გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 21.10.2024 წლის დასკვნა საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე შესწავლილ იქნა სადავო საკითხი, გაანგარიშებაში გათვალისწინებულია კომპანიის მიერ საჩივართან ერთად წარდგენილი, მომწოდებლებთან გაფორმებული და ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

შემოსავლების სამსახურში 12.06.2024 წელს წარდგენილ საჩივარში (რაზეც მიღებულია შემოსავლების სამსახურის 8.07.2024 წლის №16220 ბრძანება, რომლის აღსრულების შედეგებიც სადავოა განსახილველ შემთხვევაში) გადასახადის გადამხდელი განმარტავდა, რომ „მარილის იმპორტს ახორციელებს ------დან და მომწოდებლებთან თანხების გადახდა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით. საგადასახადო დავის პირველ ეტაპზე წარდგენილ იქნა მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტები, ხოლო შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გადამხდელს დაევალა შესაბამისი წესით დამოწმებული შედარების აქტების წარმოდგენა, რაც მომჩივნის განმარტებით, განსაზღვრულ ვადაში ვერ მოხერხდა. გადამხდელი საჩივარს თან ურთავს ნოტარიული წესით დამოწმებულ შედარების აქტებს და ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას“.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარშიც ანალოგიურად მიუთითებს, რომ „კომპანიის საქმიანობაა მარილის იმპორტი და შემდგომ რეალიზაცია. ძირითადად საქონლის შემოტანა ხდებოდა -----დან, მომწოდებელთან თანხები გასტუმრებულია ნაღდი ანგარიშსწორებით. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოთხოვილი ჰქონდა შედარების აქტები და დამატებით წარადგინა შემოსავლების სამსახურში დავის განხილვისას. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დავალებული საქმის აღსრულება როგორ განხორციელდა ბუნდოვანია, ვინაიდან აქვს ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტები“.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ 26.02.2025 წლის №14770- 21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით აღნიშნულ სადავო საკითხში საგადასახადო შემოწმების აქტით გადასახადის გადამხდელს სულ დაერიცხა 49 072 ლარი, მათ შორის საშემოსავლო გადასახადი 32 714 ლარი და ჯარიმა 16 357 ლარი. 21.10.2024 წლის დასკვნით აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხები სრულად დაექვემდებარა შემცირებას, კერძოდ სულ 49 072 ლარი, მათ შორის საშემოსავლო გადასახადი 32 714 ლარით და ჯარიმა 16 357 ლარით.

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულება/დოკუმენტაციის შესწავლის და გათვალისწინების შედეგად, განხორციელდა შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 8.07.2024 წლის №16220 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №16220 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდის, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგების მიზნებისთვის 20.03.2022 წლის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 29.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №7248 ბრძანება და №007-71 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 2023 წლის 2 მაისს, 12 მაისს და 13 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №14603 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს №20264/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №14603 ბრძანება, საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.დაბრუნებული საჩივრები განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის №32157 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის №32157 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 2.04.2024 წლის დასკვნა საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №7622 ბრძანება და №007-65 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 12.06.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №16220 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.შემოსავლების სამსახურის №16220 ბრძანება არ გასაჩივრებულა.

შემოსავლების სამსახურის №16220 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 21.10.2024 წლის დასკვნა საიდანაც ირკვევა, რომ გადაანგარიშების შედეგად საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა შემცირდა სულ 49 071 ლარით, მათ შორის გადასახადი 32 714 ლარით და ჯარიმა 16 357 ლარით.დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №22757 ბრძანება და №007-258 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №394 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №16220 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);