ბრძანება N 17450
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17450
30 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს„-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 1 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 15 ივლისის სხდომაზე (ოქმი №62) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 1 ივლისის №103207/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 1 ივნისის №----- „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბარტერის ფარგლებში გადაცემული ფართების დაბეგვრას გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ღირებულებით. აცხადებს, რომ 2022 წელს ბარტერის ოპერაცია სრულად დაბეგრილია სამშენებლო მომსახურების საბაზრო ღირებულებაზე მაღალი ღირებულებით. აღნიშნავს, რომ ბარტერის ხელშეკრულების თანახმად, კომპანიის მიერ ----- გადასაცემი იყო საცხოვრებელი ფართი (საზაფხულო ფართის ჩათვლით) 200 კვ.მ. შავი კარკასის კონდიციით და ერთი ავტოფარეხი 3x5.5 კვ.მ. აცხადებს, რომ 1 კვ.მ. შავი კარკასის სამშენებლო მომსახურების მშენებლობის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 230 აშშ დოლარს (დღგ-ის გარეშე), ხოლო 1 კვ.მ. ავტოსადგომის სამშენებლო მომსახურების მშენებლობის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 150 აშშ დოლარს (დღგ-ის გარეშე). ამდენად, გადასაცემი ფართის სრული საბაზრო ღირებულება შეადგენდა 48 475 აშშ დოლარს (დღგ-ის გარეშე), ხოლო დეკლარაციის მიხედვით დაბეგრილია 141 603 ლარი.
გადამხდელი ასევე არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში განსაზღვრული ჯარიმის ოდენობას. აცხადებს, რომ გადასახადის სახით დარიცხულია 29 927 ლარი, ხოლო ჯარიმის სახით 37 154 ლარი.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2023 წლის ოქტომბრის თვეში გაცემული თანხის განაწილებულ მოგებად განხილვას. განმარტავს, რომ საწარმოს აქვს ვალდებულება (შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი) ილია კეკელიძის მიმართ, რის გამოც არ განხორციელდა აღნიშნული თანხის დივიდენდად დაბეგვრა და შემცირდა მის მიმართ არსებული დავალიანება. აცხადებს, რომ აღნიშნული დასტურდება ბუღალტრული აღრიცხვით.
3. სახელფასო განაცემების ნაწილში შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტორების მიერ არ იქნა წარდგენილი დეტალური ინფორმაცია კონკრეტულად რომელი თვის რომელ ტრანზაქციას ეხება აღნიშნული საკითხი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 თებერვლის №4635 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 25 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 1 ივნისის №11990 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით, გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 86 683 ლარი, მათ შორის, გადასახადი 38 099 ლარი, ჯარიმა 38 096 ლარი და საურავი 10 488 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და ფართების შემდგომი რეალიზაცია. მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელზეც საწარმო აშენებს საცხოვრებელ კორპუსს მიღებულია ფ/პ---- (პ/ნ -----) ბარტერის ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც გაფორმებულია 2020 წლის 6 ნოემბერს. მიწის სანაცვლოდ კომპანია ვალდებულია აღნიშნულ ფიზიკურ პირს გადასცეს აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში შესაბამისი ფართები. ფართები ფიზიკურ პირზე გადაფორმებულია 2022 წელს და ჯამური მოცულობა შეადგენს - 217.75 კვ.მ-ს. ბარტერის ფარგლებში გადაცემული ფართების მიწოდება, საწარმოს მიერ ჯამურად დეკლარირებულია შემცირებული ღირებულებით, კერძოდ, დასაბეგრი ჯამური ღირებულება შემოწმების გაანგარიშების მიხედვით შეადგენს 298 393,86 ლარს დღგ-ის გარეშე. თანხის გარკვეული ნაწილი (141 603 ლარი), გადამხდელს მისივე განმარტების საფუძველზე დაბეგრილი აქვს 2022 წელს, ხოლო დარჩენილი სხვაობა (156 790 ლარი) დაექვემდებარა დასაბეგრ ბრუნვაში ჩართვას 2025 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, ბარტერის ფარგლებში გადაცემული ფართები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ღირებულებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შემოწმების შედეგად დგინდება, რომ 2023 წლის ოქტომბრის თვეში საწარმოს გაცემული აქვს დივიდენდად 25 080 ლარი (საბანკო ამონაწერის მიხედვით). აღნიშნული განაცემის დადეკლარირება გამორჩენილია ამ თვის საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
3. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გაცემული სახელფასო განაცემები არაზუსტად აქვს დადეკლარირებული, მ.შ. გაცემის შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ხოლო მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
ამავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება სამშენებლოსამონტაჟო საქმიანობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და ფართების შემდგომი რეალიზაცია. გადამხდელს მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელზეც აშენებს საცხოვრებელ კორპუსს მიღებული აქვს ფ/პ ----- (პ/ნ -----) ბარტერის ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც გაფორმებულია 2020 წლის 6 ნოემბერს. ფართები ფიზიკურ პირზე გადაფორმებულია 2022 წელს, რომლის ჯამური ღირებულება შემოწმების გაანგარიშების მიხედვით შეადგენს 298 393,86 ლარს დღგ-ის გარეშე.
შემოწმებით დადგინდა, რომ ბარტერის ფარგლებში გადაცემული ფართების მიწოდება, საწარმოს მიერ ჯამურად დეკლარირებულია შემცირებული ღირებულებით, კერძოდ, გადამხდელს 141 603 ლარი დაბეგრილი აქვს 2022 წელს. შემოწმებით ბარტერის ფარგლებში გადაცემული ფართები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ღირებულებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრული ჯარიმის ოდენობას, კერძოდ, აცხადებს, რომ გადასახადის სახით დარიცხულია 29 927 ლარი, ხოლო ჯარიმის სახით 37 154 ლარი, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ საქმის ზეპირი განხილვისას წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის თანახმად, გადამხდელს გარდა ბარტერის ფარგლებში გადაცემული ფართების ნაწილში განსაზღვრული ჯარიმისა, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში ჰქონდა პერიოდების აცდენა და პერიოდის ცვლილების გამო განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით ბარტერის ფარგლებში გადაცემული ფართების დაბეგვრას გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ღირებულებით და გამოთქვამს მზაობას წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ბარტერის ფარგლებში გადაცემული ფართების თვითღირებულების განსაზღვრის შესახებ კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ხელშეკრულება (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან). დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის ოქტომბრის თვეში საბანკო ამონაწერის მიხედვით დივიდენდად გაცემული აქვს 25 080 ლარი, რომელიც არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო და მოგების გადასახადებით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი არ ეთანხმება 2023 წლის ოქტომბრის თვეში გაცემული თანხის განაწილებულ მოგებად განხილვას. აცხადებს, რომ დამფუძნებლისგან შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი და აღნიშნული განაცემით შემცირებულია დამფუძნებლთან არსებული დავალიანება, რომელიც ასევე დასტურდება ბუღალტრული აღრიცხვით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამეტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და თუ დადასტურდება დამფუძნებლის მიმართ არსებული დავალიანების/კაპიტალის შემცირება, დამფუძნებელზე გაცემული თანხის დივიდედნად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არაზუსტად აქვს დეკლარირებული გაცემული სახელფასო განაცემები მ.შ. გაცემის შესაბამის საანგარიშო პერიოდებში.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“ (ს/ნ-----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ბარტერის ფარგლებში გადაცემული ფართების თვითღირებულების განსაზღვრის შესახებ კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ხელშეკრულება (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამეტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და თუ დადასტურდება დამფუძნებლის მიმართ არსებული დავალიანების/კაპიტალის შემცირება, დამფუძნებელზე გაცემული თანხის დივიდედნად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბარტერის ფარგლებში გადაცემული ფართების დაბეგვრას გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ღირებულებით.
გადამხდელი ასევე არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში განსაზღვრული ჯარიმის ოდენობას.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2023 წლის ოქტომბრის თვეში გაცემული თანხის განაწილებულ მოგებად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
დგინდება, რომ საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და ფართების შემდგომი რეალიზაცია. საწარმოს მიერ ბარტერის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ფიზიკურ პირზე გადაცემულია აშენებულ კორპუსში შესაბამისი ფართები, ჯამური მოცულობით 217,75 კვ.მ. დგინდება, რომ აღნიშნული ფართების მიწოდება საწარმოს მიერ დეკლარირებული იყო შემცირებული ღირებულებით. აღნიშნულის საფუძველზე საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
ასევე დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გაცემული აქვს დივიდენდი, რომლის დადეკლარირებაც გამორჩენილი იყო შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციებში. აღნიშნულის საფუძველზე საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი და ჯარიმა. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გაცემული სახელფასო განაცემები არაზუსტად ჰქონდა დადეკლარირებული შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. აღნიშნულის საფუძველზე საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:18(10);16(1,2):159(1);160(1):163(1,2);164(1);275(1,2);101(1);154(1);