ბრძანება N 12201

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.06.2026
№ დოკუმენტი 12201
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12201

04 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 5 თებერვლის, 14 აპრილის და 11 მაისის

საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 7 და 21 მაისის სხდომებზე (ოქმები №37 და №41) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ --------) 2026 წლის 5 თებერვლის №100578/1/2026, 14 აპრილის №101717/1/2026 და 11 მაისის №102307/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 დეკემბრის №031-11 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის გაანგარიშებას და აღნიშნული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ შემოწმებით არ არის გათვალისწინებული ხარჯები. აცხადებს, რომ შემოწმებით შემოსავლის სრული ოდენობა მიჩნეულ იქნა ხელფასად, რაც წარმოადგენს არაპროპორციულ და გადაჭარბებულ მიდგომას. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ხარჯთაღრიცხვა, რომელიც გადამხდელის განმარტებით წარმოადგენს 1 კორპუსის განფასებას და ეხება 4 იდენტურ, ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსს და ასახავს მშენებლობის პროცესში ფაქტობრივად გასაწევ და აუცილებელ ხარჯებს. გადამხდელი ასეევე აღნიშნავს, რომ სამშენებლო პროექტის განხორციელების მიზნით მშენებლობის ნებართვის მისაღებად ------- მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა 2019 წლის ოქტომბრის თვეში, ხოლო შესაბამისი სამშენებლო ნებართვა მიღებულ იქნა 2021 წლის გაზაფხულზე. აღნიშნულმა გარემოებამ მნიშვნელოვნად გაახანგრძლივა პროექტის მომზადებისა და განხორციელების პროცესი. ასევე მიუთითებს, რომ შემოსავლებისა და ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების შედეგად შემოწმების შედეგები არსებითად იცვლება. მშენებლობის მიმდინარეობის პერიოდში საწარმოს არ ჰყავდა ბუღალტერი, რის გამოც ვერ ხდებოდა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის სრულყოფილად კონტროლი, სისტემატიზაცია და სათანადო სააღრიცხვო ფორმით ასახვა. ასევე აღნიშნავს, რომ საწარმოს დოკუმენტურად სრულყოფილად არ უფიქსირდება ისეთი სახის სამშენებლო მასალებისა და მომსახურებების შეძენა, რომლებიც ობიექტურად აუცილებელი იყო საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად.

გადასახადის გადამხდელი ითხოვს ფულის ნაშთის დაკვალიფიცირებას როგორც დირექტორზე გაცემული სესხი. განმარტავს, რომ საწარმოს აქვს მიმდინარე სამუშაო პროცესები და აღნიშნული თანხის დაბრუნება პერიოდის მანძილზე მოხდება საწარმოში ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად. აცხადებს, რომ შპს „-------“ წარმოადგენს მოქმედ კომპანიას, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის დასრულების შემდგომაც აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის, სამშენებლო პროექტების განხორციელებას. კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი ოპერირება საჭიროებს მნიშვნელოვან ფულად სახსრებს, რაც აუცილებელელია მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების დასრულებისათვის. აღნიშნული თანხა გამოყენებული იქნება კომპანიის მიმდინარე პროექტების დასაფინანსებლად, ასევე წარმოადგენს დირექტორის მიერ დროებით გამოყენებულ თანხას, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას. ბუღალტრულად და ეკონომიკური შინაარსით ქმნის დებიტორულ მოთხოვნას კომპანიის სასარგებლოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს გაუქმდეს აღნიშნული კვალიფიკაციის საფუძველზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი, ჯარიმა და საურავი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22390 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 19 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 დეკემბრის №28231 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №031-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 829 574 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 085 842 ლარი, ჯარიმა 543 263 ლარი და საურავი 200 468 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას აშენებული აქვს 4 საცხოვრებელი კორპუსი ქალაქ ------- (მიწის სადაკადტრო კოდი: -------). შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული პროგრამა, რომელიც ნაწარმოები აქვს პროგრამა ორისში. გადამხდელის მხრიდან ასევე წარდგენილია შემოწმების მიერ მოთხოვნილი პირველადი დოკუმენტაცია (ბანკის ცნობები, ამონაწერები, ხელშეკრულებები და სხვა). შემოწმების პროცესში ასევე დამუშავადა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია (კომპანიის მიერ აშენებული საცხოვრებელი ბინების შესახებ სრული ინფორმაცია).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის, ახსნა-განმარტებებისა და დოკუმენტაციის ანალიზით გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი შეადგენს 4 085 287 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო ბუღალტრულად შემოსავალი გატარებული აქვს 1 151 596 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) (მხოლოდ ის თანხები, რაც ავანსის სახით აქვს მიღებული), შესაბამისად, 2 933 691 ლარის შემოსავლის (დღგ-ის ჩათვლით) მიღება და განკარგვა ბუღალტერიაში არ ფიქსირდება, გარდა ამისა, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულად არ უფიქსირდება დებიტორული დავალიანება, თუმცა შემოწმების პროცესში კომპანიამ წარმოადგინა 10 ფიზიკურ პირთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები, რომლითაც დასტურდება 551 086 ლარის დებიტორული დავალიანება. ასევე დგინდება, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) გააჩნია დამფუძნებლის მიმართ კრედიტორული დავალიანება 397 000 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს მიწის (ს/კ -------) ღირებულებას, სადაც კომპანიამ განახორციელა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. აღნიშნული მიწა შპს „-------“ (ს/ნ -------) საკუთრებაში აქვს 2021 წლის 18 თებერვლიდან. აღნიშნული მიწის ნაკვეთი კომპანიას შეძენილი აქვს დამფუძნებლისგან. კომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეიძინა ფიზიკური პირისგან 2021 წლის 11 თებერვალს, სადაც სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 120 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. გადამხდელის მიერ წარდგენილი ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე დასტურდება, რომ მიწის ღირებულების დაფარვა არ განხორციელებულა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, არამედ განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდებში, მიწის ღირებულების გადახდა განხორციელდა ეტაპობრივად. გარდა ამისა, გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებების თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის კაპიტალის ნაშთი შეადგენს 0 ლარს (ბუღალტრულად კომპანიის საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 328 500 ლარს). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ოქტომბრის №22327 ბრძანების შესაბამისად განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგების თანახმად, კომპანიის ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშებული შემოსავლის, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის, ბიუჯეტში გადახდილი თანხების, საწესდებო კაპიტალის შემცირებისა და შემოწმების ხელთ არსებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზით გაანგარიშდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი, რამაც შეადგინა 2 192 402 ლარი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის სალროში ნაღდი ფულის ნაშთი, რომელმაც შეადგინა 2 192 402 ლარი, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე, 101-ე მუხლების შესაბამისად, დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

თ მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას აშენებული აქვს 4 საცხოვრებელი კორპუსი ქალაქ -------. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი და პირველადი დოკუმენტაცია (ბანკის ცნობები, ამონაწერები, ხელშეკრულებები და სხვა). შემოწმების პროცესში დამუშავადა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია (კომპანიის მიერ აშენებული საცხოვრებელი ბინების შესახებ სრული ინფორმაცია), აგრეთვე, გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა, ახსნა-განმარტება და დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი შეადგენს 4 085 287 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო ბუღალტრულად შემოსავალი უფიქსირდება 1 151 596 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), მხოლოდ ის თანხა, რაც ავანსის სახით აქვს მიღებული. შესაბამისად, 2 933 691 ლარის შემოსავლის (დღგ-ის ჩათვლით) მიღება და განკარგვა ბუღალტერიაში არ ფიქსირდება.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ გაანგარიშებული შემოსავლის, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის, ბიუჯეტში გადახდილი თანხების, საწესდებო კაპიტალის შემცირებისა და შემოწმების ხელთ არსებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის განსაზღვრული სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი აცხადებს, რომ მშენებლობის მიმდინარეობის პერიოდში არ ჰყავდა ბუღალტერი, რის გამოც ვერ ხდებოდა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის სრულყოფილად კონტროლი, სისტემატიზაცია და სათანადო სააღრიცხვო ფორმით ასახვა. აღნიშნავს, რომ საწარმოს დოკუმენტურად სრულყოფილად არ უფიქსირდება ისეთი სახის სამშენებლო მასალებისა და მომსახურებების შეძენა, რომლებიც ობიექტურად აუცილებელი იყო საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად. ამდენად, გადამხდელი განმარტავს, რომ ფულის ნაშთის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული ხარჯები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მშენებლობაზე გაწეული დანახარჯების გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან). დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, მშენებლობაზე გაწეული დანახარჯების გათვალისწინების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

ფულის ნაშთის გაანგარიშება და აღნიშნული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას აშენებული აქვს 4 საცხოვრებელი კორპუსი. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული პროგრამა და პირველადი დოკუმენტაცია. შემოწმების პროცესში დამუშავადა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა, ახსნა-განმარტება და დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრულად შემოსავალში გატარებული აქვს მხოლოდ ის თანხები, რაც ავანსის სახით აქვს მიღებული, შესაბამისად, სრული შემოსავლის მიღება და განკარგვა ბუღალტერიაში არ ფიქსირდება. გარდა ამისა, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება დებიტორული და კრედიტორული დავალიანება.

საგადასახადო შემოწმების მიერ გაანგარიშებული შემოსავლის, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის, ბიუჯეტში გადახდილი თანხების, საწესდებო კაპიტალის შემცირებისა და შემოწმების ხელთ არსებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის განისაზღვრა სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი, რაც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მშენებლობაზე გაწეული დანახარჯების გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154