ბრძანება N 17713

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.07.2024
№ დოკუმენტი 17713
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17713

30 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ -------------ის (ს/ნ ------------------)

(მის.: -------------------------------------)

2024 წლის 14 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა ი/მ -------------ის (ს/ნ ------------------) №90706/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 ივლისის №041-34 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი, ოჯახური მდგომარების და მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნავს, რომ არ აქვს აქტის საფუძველზე დაკისრებული სანქციების გადახდის საშუალება და ითხოვს შემოწმებით დარიცხული სანქციების მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №9598 და 20 ივნისის №14465 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -------------ის (ს/ნ ------------------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველი აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის შემოწმდა 2024 წლის 24 აპრილის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 25 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 10 ივლისს გამოსცა №16398 ბრძანება და №041-34 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 226 821 ლარი, მათ შორის, გადასახადი 136 984 ლარი, ჯარიმა 66 325 ლარი და საურავი 23 512 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

. გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ვაჭრობა სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო საქონლით (ბოქლომი, ელ. ჩამრთველები, საკეტები და ა.შ.). იმპორტის გზით შემოტანილი საქონლის რეალიზაციას გადამხდელი ახორციელებს -----ის ტერიტორიაზე, ასევე აქვს იჯარით აღებული სასაწყობე ფართი, ქალაქ "--------"-ში , ---------ი და საწყობი ----ში. გადამხდელის განმარტებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას ახორციელებს ელექტრონულად ექსელის პროგრამაში. თუმცა გამოგზავნილი მასალები (ნაშთები) არ არის სრულყოფილი და არ ედრება, როგორც მის მიერ წარმოებულ ინფორმაციას პერიოდების მიხედვით, ასევე, შემოწმების მიერ განსაზღვრულს (საქონლის თვითღირებულებას). შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. რის საფუძველზეც ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადისა და დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებული მონაცემები (დასაბეგრი ბრუნვა) განსხვავებულია, ვინაიდან მეწარმის მიერ მოხდა დღგ-ის ბრუნვების დაზუსტება. შესაბამისად განსხვავებულია საშუალო სარეალიზაციო ფასნამატებიც (წლ. საშ. გად. დეკლ.- 20-25%, დღგ-ის დეკლ.-65-69%) გამომდინარე იქიდან, რომ მეწარმე არ ახორციელებს საქონლის რაოდენობრივ და თანხობრივ ჩამოწერას (არ წარმოუდგენია შემოწმებისთვის), ამასთან, შეძენის ინვოისებში ერთი და იგივე კოდებით განსაზღვრულ საქონელს უმეტეს შემთხვევაში აქვს განსხვავებული შეძენის ღირებულება, ვერ დგინდება შეძენილი და რეალიზებული საქონლის ზუსტი კავშირი და შესაბამისად, ფასნამატი. შემოწმება დაეყრდნო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილს. მოძიებული ინფორმაციის თანახმად, განისაზღვრა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ გამოყენებული საშუალო სარეალიზაციო ფასნამატი, რაც თანხვედრაშია დღგ-ს დეკლარირებული ბრუნვით განსაზღვრულ გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ფასნამატებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ მოხდა წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ერთობლივი შემოსავლის კორექტირება გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული, ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი მასალები, მეწარმის კუთვნილ და იჯარით აღებულ ფართებში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შესახებ, რომლითაც დათვლილ იქნა ფაქტობრივად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი და დამატებით შესწავლის მიზნით გადმოიგზავნა აუდიტის დეპარტამენტში. აღნიშნული მასალების საფუძველზე გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სხვაობა ფაქტობრივად არსებულსა და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის თვითღირებულებით 58 043 ლარი, რაც გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატით ჩართულ იქნა 2024 წლის დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებში პროპორციულად საანგარიშო თვეების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრიდან მიღებული წერილის თანახმად, გადამხდელს უფიქსირდება მოძრავი ქონება (ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ -------------ის (ს/ნ ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოწმებით დარიცხული სანქციების მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №9598 და №14465 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველი აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის შემოწმდა 2024 წლის 24 აპრილის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა №16398 ბრძანება და №041-34 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 226 821 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გადამხდელი ახორციელებს იმპორტის გზით შემოტანილი საქონლის რეალიზაციას. მომჩივანის განმარტებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას ახორციელებს ელექტრონულად ექსელის პროგრამაში. თუმცა გამოგზავნილი მასალები (ნაშთები) არ არის სრულყოფილი და არ ედრება, როგორც მის მიერ წარმოებულ ინფორმაციას პერიოდების მიხედვით, ასევე, შემოწმების მიერ განსაზღვრულს.

შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. რის საფუძველზეც ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადისა და დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებული მონაცემები განსხვავებულია.შემოწმება დაეყრდნო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილს. მოძიებული ინფორმაციის თანახმად, განისაზღვრა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ გამოყენებული საშუალო სარეალიზაციო ფასნამატი, რაც თანხვედრაშია დღგ-ს დეკლარირებული ბრუნვით განსაზღვრულ გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ფასნამატებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ მოხდა წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ერთობლივი შემოსავლის კორექტირება გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების შესაბამისად. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან,შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული, ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი მასალები, მეწარმის კუთვნილ და იჯარით აღებულ ფართებში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შესახებ, რომლითაც დათვლილ იქნა ფაქტობრივად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი და დამატებით შესწავლის მიზნით გადმოიგზავნა აუდიტის დეპარტამენტში. აღნიშნული მასალების საფუძველზე გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სხვაობა ფაქტობრივად არსებულსა და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის თვითღირებულებით 58 043 ლარი, რაც გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატით ჩართულ იქნა 2024 წლის დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებში პროპორციულად საანგარიშო თვეების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ასევე,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრიდან მიღებული წერილის თანახმად, გადამხდელს უფიქსირდება მოძრავი ქონება . აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);