გადაწყვეტილება №19381/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.05.2023
№ დოკუმენტი 19381/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19381/2/2023

25.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ---- ---------------ი (პ/ნ ------------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- ------ის 10.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19381/2/2023).

 

დავის საგანი:

ცრუმაგიერ პირზე განხორციელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №011-323 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №011-2023-013875 საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანება;

3. შემოსავლების სამსახურის 23.03.2023 წლის №5728 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის (საქმე №3/7928-21) ბრძანებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის საჩივარი და ----- ----------ი (პ/ნ ------------), შპს --------ს (ს/ნ -------), ----- ----------ი (პ/ნ --------------) და შპს "--------ა" (ს/ნ ---------) აღიარებულ იქნენ შპს „-----“-ს (ს/ნ---------) ცრუმაგიერ პირებად. აღნიშნული ბრძანება, შესულია კანონიერ ძალაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის (საქმე №3/7928-21) ბრძანების და საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების საფუძველზე, შპს „-----“-ს (ს/ნ ---------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის №011-323 ბრძანებით მომჩივნის ქონებას დაედო ყადაღა, იმავე დღეს გამოიცა №011-2023-013875 ბრძანება მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ. აღნიშნული საინკასო დავალებით, მომჩივნის საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 1 224.63 ლარი.

ვალის მართვის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №011-323 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება და ამავე თარიღის №011-2023-013875 საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.03.2023 წლის №5728 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილებით, 241-ე მუხლით, 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 243-ე მუხლის პირველი ნაწილით, 246-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორის წინაშე პასუხს არ აგებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს „----“ (ს/ნ -------) წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, ზემოხსენებული მუხლის მიხედვით მისი პარტნიორი - ----- ----------ი პასუხს არ აგებს საზოგადოების საგადასახადო ვალდებულებებზე. შესაბამისად, მის მიმართ გავრცელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად დააყადაღოს ვალდებული პირის ქონება ან/და საბანკო ანგარიშზე წარადგინოს საინკასო დავალება.

საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

2. ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

4. ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, გადასახადის გადამხდელი/ვალდებული პირი და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას. თუ ამ პირებმა უარი განაცხადეს ხელმოწერაზე, აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების თანახმად:

4. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

6. ქონებაზე ყადაღის (აღწერის) დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის. თუ მესამე პირი განაცხადებს ყადაღადადებულ ქონებაზე საკუთრების უფლებას, იგი მაინც შეიტანება ქონებაზე ყადაღის დადების აქტში და კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. საგადასახადო ორგანო ან საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მესამე პირის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც დაერთვის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამორიცხოს მესამე პირის ქონება ქონებაზე ყადაღის დადების აქტიდან.

საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.

ვინაიდან, მომჩივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის ბრძანებით აღიარებულ იქნა შპს „----“-ს (ს/ნ -------) ცრუმაგიერ პირად, საბჭოს მიაჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ცრუმაგიერ პირზე განხორციელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ცრუმაგიერ პირზე განხორციელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორის წინაშე პასუხს არ აგებს.ვინაიდან გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, ზემოხსენებული მუხლის მიხედვით მისი პარტნიორი მომჩივანი პასუხს არ აგებს საზოგადოების საგადასახადო ვალდებულებებზე. შესაბამისად, მის მიმართ გავრცელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებების გაუქმებას.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან, მომჩივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით აღიარებულ იქნა გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად, საბჭოს მიაჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ცრუმაგიერ პირზე განხორციელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(1 „გ“„ე“,2,6); 239(9); 241(1,2,4); 243(1); 246(1,2,5); 302(6);

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე (1);

,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42 (4,6);