გადაწყვეტილება №27487/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27487/2/2026
22 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ----- (ს/ნ ----- )
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 19.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----- 01.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27487/2/2026).
დავის საგანი:
სავალდებულო მარკირებისადმი დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით დეკლარირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 20 მარტის N EL310899 სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 6 მაისის N 9914 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 7 013.37 ლარი.
ფაქტების აღწერა:
2026 წლის 14 მარტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონულად წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების საფუძველზე შევსებულ იქნა N ----- / ----- საქონლის საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დადეკლარირდა ----- რესპუბლიკიდან შემოსატანი სხვადასხვა დასახელების საქონელი.
2026 წლის 17 მარტს, აღნიშნული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, საბაჟო გამშვებ პუნქტ „-----“ მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის გამოყენებით დეკლარაციის დამუშავებისას აღნიშნული დეკლარაციისათვის განისაზღვრა „წითელი დერეფანი“ და საბაჟო კონტროლის შემდგომი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქონელი და მისი გადამზიდი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება გაშვებულ იქნა ----- გაფორმების განყოფილების დანიშნულებით.
ქ. ----- მდებარე შპს „-----“ კუთვნილ საბაჟო საწყობში წარდგენილი საქონლის დათვალიერების, მისი თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმებისა და სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად გამოირკვა, რომ N ----- / ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციის მე-4 პოზიციაზე დეკლარირებული იყო სეს ესნ-ის 2009 19 980 00 კოდში შემავალი ხილის წვენი (რაოდენობით 11 097 ცალი, ბრუტო წონით 5 399 კგ, ნეტო წონით 5 388 კგ, საბაჟო ღირებულებით 7 013.37 ლარი), თუმცა, აღნიშნული საქონლის („სხვადასხვა საგემოვნო არომატული სასმელი შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების შემცველობით“) შესაბამის სასაქონლო კოდს წარმოადგენს არა დეკლარანტის მიერ გაცხადებული კოდი, არამედ სეს ესნ-ის 2202 99 190 00 კოდი (საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2026 წლის 20 მარტის N ----- /2026 ექსპერტიზის დასკვნა).
ვინაიდან დასახელებული საქონლის შესაბამის სასაქონლო კოდში კლასიფიცირებული საქონლის იმპორტი/თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება ექვემდებარება სავალდებულო მარკირებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იყო შესრულებული, 2026 წლის 20 მარტს შედგენილი N EL310899 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 179-ე მუხლის შესაბამისად და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 7013.37 ლარის (სავალდებულო მარკირებისადმი დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის საბაჟო ღირებულების) ოდენობით.
2026 წლის 21 მარტს წარდგენილ იქნა N ----- საგადახდო დავალება აღნიშნული ჯარიმის ოდენობის თანხის გადახდის შესახებ, ხოლო 2026 წლის 23 მარტის N ----- /21-11 განცხადებით ი/მ ----- ითხოვა საბაჟო საწყობში განთავსებულ ზემოთ აღნიშნულ საქონელზე მარკირების განხორციელების უფლება, სავალდებულო მარკირების განხორციელების შემდეგ კი, საქონელი 2026 წლის 23 მარტის N ----- / ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.
2026 წლის 20 მარტს შედგენილი N EL310899 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 6 მაისის N 9914 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 781 მუხლის მე-2 პუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 პუნქტზე, ამავე მუხლის მე-5 პუნქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 179-ე მუხლზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია:
ხსენებულ ადმინისტრაციულ აქტს არ ეთანხმება, მიაჩნია რომ იგი არ ასახავს საქმის რეალურ ვითარებას, შედგენილია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების შესწავლისა და გათვალისწინების გარეშე და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
----- რესპუბლიკაში ჰყავს საქმიანი პარტნიორი, რომლისაგანაც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით იძენს სხვადასხვა საქონელს. 2026 წლის 06 მარტს ----- მომწოდებელს დაუკვეთა ხილეული წყლები, 2026 წლის 09 მარტს შეიძინა აქციზური მარკები არაალკოჰოლური სასმელებისათვის და დაუკავშირდა მომწოდებელს მათი გაგზავნის დროისა და ადგილის შესათანხმებლად. მომწოდებელმა აცნობა, რომ მიმდინარე ეტაპზე მას მხოლოდ ხილის წვენების მოწოდება შეეძლო, რასაც აქციზური მარკა არ ესაჭიროებოდა და თანხმობის შემთხვევაში მათ გაუგზავნიდა. პარტნიორის წინადადებას დასთანხმდა.
2026 წლის 14 მარტს ----- მიიღო ინვოისი სადაც მითითებული იყო სასაქონლო კოდი 200991998, ხსენებული დოკუმენტის საფუძველზე ამავე დღეს წინასწარ წარადგინა დეკლარაცია C ----- / -----, სადაც ----- მიღებული დოკუმენტის შესაბამისად მიუთითა სასაქონლო კოდი 2009 1998 000 და საქონლის დასახელებაც „ხილის წვენი“.
მიმდინარე წლის 17 მარტს ტვირთი საბაჟოზე წითელ დერეფანში მოხვდა. ტვირთის დათვალიერებისა და ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად ტვირთი აღმოჩნდა „სხვადასხვა საგემოვნო არომატული სასმელი შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების შემცველობის“ რომლსაც განესაზღვრა სასაქონლო კოდი 2202 99819 000 და რომელიც სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება. აღნიშნულზე შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
იმ საქონლის საბაჟო ღირებულება, რომელზეც სანქცია გავრცელდა 55961,45 ლარია თუმცა მისთვის გაურკვეველი მიზეზის გამო გავრცელებული სანქციის ოდენობა 7013,37 ლარს შეადგენს. რადგან სატრანსპორტო საშუალებაში არსებული ტვირთის თაობაზე სხვა ინფორმაცია არ ჰქონდა ამიტომ საბაჟო დეკლარაციაში იმპორტირებული საქონლის შესახებ მონაცემების შეტანისას მომწოდებლის მიერ გამოგზავნილი ინვოისით იხელმძღვანელა.
აღნიშნულიდან გამომდინარე სამართალდარღვევა გამოწვეულია არცოდნით. მის მიერ დაშვებული საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მეთერთმეტე ნაწილის შესაბამისად საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით. ითხოვს, მოეხსნას დაკისრებული სანქცია.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-11 ნაწილების შესაბამისად:
1. საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა;
11. საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბაჟო კოდექსის 179-ე მუხლის შესაბამისად, სავალდებულო მარკირებისადმი დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით დეკლარირება − იწვევს დაჯარიმებას მარკირების გარეშე გამოვლენილი სავალდებულო მარკირებისადმი დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის საბაჟო ღირებულების ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ იმ საქონლის საბაჟო ღირებულება, რომელზეც სანქცია გავრცელდა 55961,45 ლარია თუმცა მისთვის გაურკვეველი მიზეზის გამო გავრცელებული სანქციის ოდენობა 7013,37 ლარს შეადგენს. რადგან სატრანსპორტო საშუალებაში არსებული ტვირთის თაობაზე სხვა ინფორმაცია არ ჰქონდა ამიტომ საბაჟო დეკლარაციაში იმპორტირებული საქონლის შესახებ მონაცემების შეტანისას მომწოდებლის მიერ გამოგზავნილი ინვოისით იხელმძღვანელა.
მომჩივნის არგუმენტთან მიმართებაში, რომელიც შეეხება საბაჟო სანქციის ოდენობის განსაზღვრას, საბაჟო დეპარტამენტი წარმოდგენილ 17.06.2026 წლის N ----- -21-10 წერილში განმარტავს, რომ N ----- / ----- (14.03.2026) საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში 14 პოზიციად დეკლარირებულ იქნა სხვადასხვა დასახელების საქონელი, რომელთაგან სავალდებულო მარკირებისადმი დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის კატეგორიას წარმოადგენდა მხოლოდ მე-4 პოზიციაზე გაცხადებული საქონელი – სხვადასხვა საგემოვნო არომატული უალკოჰოლო სასმელი შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების შემცველობით.
კოჰოლო სასმელი შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების შემცველობით. სავალდებულო მარკირებისადმი დაქვემდებარებული დასახელებული არააქციზური საქონლის საბაჟო ღირებულება, საქონლის თანმხლები დოკუმენტების შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში შეადგენდა 2569.94 აშშ დოლარს (საქონლის ფაქტურული ღირებულება 1934.28 აშშ დოლარი, საქონლის ტრანსპორტირების ღირებულება 635.66 აშშ დოლარი), ხოლო ეროვნულ ვალუტაში – 7 013.37 ლარს, საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისთვის (14.03.2026) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის (2.7290) გათვალისწინებით.
შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საბაჟო სანქციის თანხა განსაზღვრულ იქნა ----- /----- (14.03.2026) საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებული, სავალდებულო მარკირებისადმი დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის საბაჟო ღირებულების ოდენობით.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სავალდებულო მარკირებისადმი დაქვემდებარებული აღნიშნული არააქციზური საქონელი, მარკირების ვალდებულების შესრულების შემდეგ, 2026 წლის 23 მარტის N ----- / ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით დადეკლარირდა კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო მარკირების გარეშე, სახეზეა საბაჟო კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შეფარდების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
სავალდებულო მარკირებისადმი დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით დეკლარირება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქონლის იმპორტისას საბაჟო შემოწმებით დადგინდა, რომ იგი არასწორად იყო კლასიფიცირებული, რის გამოც სავალდებულო მარკირება არ განხორციელდა. კომპანიას დაეკისრა ჯარიმა, რომელიც გადაიხადა. მარკირების შემდეგ საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში გაუშვეს. აღნიშნული ჯარიმა ჯერ შემოსავლების სამსახურში, შემდეგ კი დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრდა.
გადაწყვეტილება:
საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 179; 163(11);.