გადაწყვეტილება №19570/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.07.2023
№ დოკუმენტი 19570/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19570/2/2023

21 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------- 1.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19570/2/2023).

 

დავის საგანი:

სსიპ ------- მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2022 წლის №007-145 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8376 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 464 407 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 277 312

ჯარიმა - 138 656

საურავი - 48 439

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა არარეზიდენტი საწარმოს საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების დაცვა-გაცილების და დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება. კერძოდ, მომჩივანი უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის რეჟიმში მოქცეული, არარეზიდენტის საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებებისთვის დოკუმენტაციის მომზადებას და -------- გამოძახებას. მომჩივანი აღნიშნულ მომსახურებას განიხილავს დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად, საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ.გ“ ქვეპუნქტი). პირს აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მიღებული აქვს ტვირთის გაცილების მომსახურებები სსიპ --------გან, რომლის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვითაც იმცირებს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. გადასახადის გადამხდელის განცხადებით სსიპ -------- ფასები შპს -------- (ს/ნ -------) მიერ დამკვეთისთვის დაწესებული ფასებისაგან განსხვავდება თითოეულ ოპერაციაზე 50 ლარით.

საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების ფარგლებში სსიპ -------- მიერ გაწეული მომსახურება, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებულ მომსახურებას აგრეთვე გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. შესაბამისად, მის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მომჩივანს არ უნდა მოეხდინა დღგ-ის შემცირება.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2022 წლის №007-145 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8376 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 175-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ.გ“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილზე, 1601 მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 169-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 172-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ.ა“ და „თ.გ“ ქვეპუნქტებზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს -------- უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის რეჟიმში მოქცეული, არარეზიდენტი პირის საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებებისთვის დოკუმენტაციის მომზადებას და ------- გამოძახებას და კომპანია აღნიშნულ მომსახურებას განიხილავს დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად. პირს აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში --------გან მიღებული აქვს ტვირთის გაცილების მომსახურებები, რომლის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. ვინაიდან, -------- მიერ გაწეული მომსახურება, როგორც სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, საგადასახადო შემოწმებით გაუქმდა -------- მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ, მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით, არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, კომპანია მოქმედებდა კეთილსინდისიერად, ვინაიდან ენდობოდა ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სსიპ --------, რომელიც ბეგრავდა მიწოდებულ მომსახურებას, წერდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, რომლის საფუძველზეც შპს „--------“ ახორციელებდა დღგ-ის ჩათვლას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2022 წლის №007-145 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო ორგანოს მიერ საწარმოსთვის დღგ-ის ჩათვლების გაუქმება იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებების გამო:

- სსიპ ------- მიერ საწარმოსთვის გაწეული მომსახურების სტატუსის შესაფასებლად, კერძოდ იმ გარემოების დასადგენად, რამდენად წარმოადგენს გაწეული მომსახურება ტრანზიტისთვის განკუთვნილ ან/და ტრანზიტის რეჟიმში მოქცეული ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ ოპერაციას, მნიშვნელოვანია დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა მომსახურების მიმღები ტრანზიტის განმახორციელებელ პირს;

- მოცემულ შემთხვევაში, სსიპ ------- მიერ გაწეული დაცვის მომსახურების მიმღებს წარმოადგენს არა ტრანზიტის განმახორციელებელი პირი - არარეზიდენტი კომპანია, არამედ საწარმოს, რომელიც თავად არ ახორციელებს ტვირთის ტრანზიტს, ის არარეზიდენტ კომპანიას ე.ი. ტრანზიტის განმახორციელებელ პირს, უწევს ტვირთის ტრანზიტთან დაკავშირებულ მომსახურებას;

- საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ.გ“ ქვეპუნქტი, ისევე, როგორც 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ.გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მომსახურების გაწევის გათავისუფლებას (ჩათვლის უფლებით) დღგ-ით დაბეგვრისაგან, თუ ის უშუალოდ არის დაკავშირებული ტრანზიტისთვის განკუთვნილი ან ტრანზიტში მოქცეული ტვირთების გადაზიდვისთვის. კანონმდებელი არ ათავისუფლებს ტრანზიტისთვის განკუთვნილი ან ტრანზიტში მოქცეული ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ ყველა მომსახურებას და მუხლი დაბეგვრისაგან გათავისუფლების წინაპირობად აყენებს ასეთი მომსახურების პირდაპირ - უშუალო კავშირს ხსენებული ტვირთების გადაზიდვასთან. სსიპ ------- დაცვის მომსახურებას უწევს საწარმოს, რომელიც ერთის მხრივ არ წარმოადგენს ტრანზიტის განმახორციელებელ პირს, ხოლო მეორეს მხრივ, ასევე არ ახორციელებს ტვირთის გადაზიდვას. საწარმოს თავად უწევს არარეზიდენტ კომპანიას ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას. შესაბამისად, უშუალო ე.ი. პირდაპირი კავშირი სსიპ ------- მიერ განხორციელებულ დაცვის მომსახურებასა და ტრანზიტისთვის განკუთვნილი ან ტრანზიტში მოქცეული ტვირთების გადაზიდვას შორის მოცემული კავშირი არ არის, რაც გამორიცხავს სსიპ -------- მიერ საწარმოსთვის გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას;

- უშუალო კავშირის კრიტერიუმის/წინაპირობის შემოღების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ კანონმდებელმა დღგ-ისგან გაათავისუფლა არა თავად მომსახურების სახეები, მაგალითად დაცვის მომსახურება, არამედ დღგ-ისაგან გათავისუფლების წინაპირობად დაადგინა უშუალო/პირდაპირი კავშირი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ან ტრანზიტში მოქცეული ტვირთების გადაზიდვასთან. უშუალო კავშირის წინაპირობის დადგენით კანონმდებელმა არ გაართულა საგადასახადო სამართლებრივი ურთიერთობები მეწარმე სუბიექტებს შორის და მათ არ დაავალდებულა ყოველ ჯერზე მოახდინონ იმ გარემოების დადგენა, ხომ არ აპირებს მომსახურების შემძენი შეძენილი მომსახურების გამოყენებას ტრანზიტისთვის განკუთვნილი ან ტრანზიტში მოქცეული ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურების გასაწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში არამარტო მეწარმე სუბიექტებისთვის გართულდებოდა საგადასახადო-სამართლებრივი ურთიერთობები, არამედ საგადასახადო ადმინისტრირების კუთხითაც შეუძლებელი გახდებოდა ამის კონტროლი.

სწორედ ამიტომ, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

მომჩივანი, ასევე ითხოვს საწარმოსთვის საგადასახადო სანქციის (საურავის) თანხების გაუქმებას.

შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში (ძირითადი სადავო საკითხისგან დამოუკიდებლად) მითითებული იყო საწარმოს სანქციის/საურავისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლება, რომელიც შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ითვალისწინებს გადამხდელის გათავისუფლებას დარიცხული საგადასახადო სანქციის თანხებისგან.

შემოსავლების სამსახურმა 18.04.2023 წლის №8376 ბრძანებით საწარმო გაათავისუფლა სადავო საგადასახადო მოთხოვნით (20.06.2022 წლის №007-145 საგადასახადო მოთხოვნა) დარიცხული ჯარიმის თანხებისგან, თუმცა საწარმო არ გაათავისუფლა დარიცხული საურავის თანხებისგან.

შემოსავლების სამსახურის პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებები გამო:

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმადაც საწარმოსთვის სადაო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმის თანხები, ასევე მისთვის დარიცხული საურავის თანხები წარმოადგენენ საგადასახადო სანქციის თანხებს. უდავოა ის ფაქტი, რომ დავების განმხილველმა ორგანომ სწორად შეაფასა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებისთვის საჭირო არსებითი გარემოებები და სწორად დაადგინა, რომ მოცემული იყო საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული წინამძღვრები, თუმცა საწარმო გაათავისუფლა მხოლოდ სადავო საგადასახდო მოთხოვნით დარიცხული სანქციის ნაწილისაგან - ჯარიმის თანხებისგან, ხოლო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული საურავის თანხებისაგან საწარმო არ გათავისუფლდა, რაც იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ.გ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია ექსპორტის პროცედურაში, რეექსპორტში, გარე გადამუშავების ან ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტებით) გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. აღნიშნულ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას განეკუთვნება საექსპედიტორო მომსახურება.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს: საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ და ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრ პირს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გაწეულ ხარჯთან დაკავშირებული დღგ-ის თანხა, თუ საქონელი ან მომსახურება გამოიყენება ამ კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებში.

საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ.ა“ და „თ.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული ან ტრანზიტისთვის განკუთვნილი (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტებით) საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებებია: გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტის, ნავსადგურის, სარკინიგზო ან საავტომობილო სადგურის/ვაგზლის მიერ გაწეული მომსახურება და საექსპედიტორო მომსახურება.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ მომჩივანი უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის რეჟიმში მოქცეული, არარეზიდენტის საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებებისთვის დოკუმენტაციის მომზადებას და -------- გამოძახებას. მომჩივანს აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში ტვირთის გაცილების მომსახურებები მიღებული აქვს სსიპ --------გან, რომლის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს ჩათვლილი აქვს დღგ.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანს მიღებული აქვს ტვირთის გაცილების მომსახურება სსიპ --------გან. ვინაიდან არარეზიდენტის საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებებით ხორციელდება ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის გადაზიდვა, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. შესაბამისად, დღგ-ით დაუბეგრავი ოპერაციების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას მომჩივნის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სადავო აქტების საფუძველზე დარიცხული საურავისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სადავო აქტების საფუძველზე დარიცხული საურავისგან;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სსიპ -ს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა არარეზიდენტი საწარმოს საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების დაცვა-გაცილების და დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება. მომჩივანი აღნიშნულ მომსახურებას განიხილავს დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად. პირს აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მიღებული აქვს ტვირთის გაცილების მომსახურებები სსიპ -გან, რომლის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვითაც იმცირებს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების ფარგლებში სსიპ -ს მიერ გაწეული მომსახურება, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებულ მომსახურებას აგრეთვე გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. შესაბამისად, მის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მომჩივანს არ უნდა მოეხდინა დღგ-ის შემცირება.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2022 წლის №007-145 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8376 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სადავო აქტების საფუძველზე დარიცხული საურავისგან.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174(1), 175(1)(2"ბ"), 172(1"თ.ა" "თ.გ"), 269(7).

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 173(1)(2"ა"), 174(1"ა")(2"ა.ა"), 175(2), 168(4"გ.გ").