გადაწყვეტილება №25605/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25605/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------ს 5.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25605/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 30.01.2025 წლის №926 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.05.2025 წლის №094-11 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.07.2025 წლის №16313 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 156 914,5 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 82 384
დღგ - 293
მოგების გადასახადი - 11 517
საშემოსავლო გადასახადი - 70 574
ჯარიმა - 40 849
საურავი - 33 681,5
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №094-92 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6596 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სალაროს არაგონივრული ნაშთის განსაზღვრის და დებიტორული დავალიანების ნაშთების დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. საბანკო ამონაწერები). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6596 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 24.07.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა: საბანკო ამონაწერები, სალაროს ორდერები, ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები, დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით და საბუღალტრო პროგრამა „ორისიდან“ ამოღებული ბრუნვითი უწყისები. მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არსებული ანალიზით დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით შემცირებას დაექვემდებარა სულ 77 732 ლარი. შესაბამისი შედეგების გათვალისწინებით, ასევე, დაკორექტირდა სალაროს არაგონივრული ნაშთი (საკასო შემოსავლის 10%). რაც შეეხება სალაროს ნაშთს, შესწავლილი იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები (საბანკო ამონაწერები), რომლის მიხედვით ვერ მოხდა ბანკში არსებული ფულადი ნაკადების მოძრაობიდან გამომდინარე შესაბამისი თანხების იდენტიფიცირება. აგრეთვე, განხორციელდა აღნიშნული საკითხის ანალიზი შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით“ მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი №9) მეთოდური მითითების მიხედვით. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტის 24.07.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 29.07.2024 წლის №094-39 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.09.2024 წლის №20891 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 21.11.2024 წლის №24132/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 25.09.2024 წლის №20891 ბრძანება, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 21.11.2024 წლის №24132/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 30.01.2025 წლის №926 ბრძანებით საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ:
- სალაროს არაგონივრული ნაშთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დებიტორული დავალიანების ნაშთების დაბეგვრასთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. ბუღალტრული პროგრამის მონაცემები თანხის დაფარვის თაობაზე);
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილოებით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.01.2025 წლის №926 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 30.04.2025 წლის დასკვნის მიხედვით, გაანგარიშების ფარგლებში სალაროს არაგონივრული ნაშთის დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა: საბანკო ამონაწერები 2023 წლის ივნისის და ივლისის თვეების და სალაროს მოძრაობის უწყისი 2023 წლის ივნისის თვის ჩათვლით. შესწავლილ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ არგუმენტს ზედმეტად დეკლარირებულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით, შემოწმების პროცესში წარმოდგენილი მასალების მიხედვით (ბუღალტრული პროგრამა ორისი, საბანკო ამონაწერები და სხვა ხელთ არსებული მასალები), კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რიგ თვეებში გაცემული და დეკლარირებული იყო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით ხელფასები, რომელიც გათვალისწინებული იყო სალაროს მოძრაობის ანალიზის დროს, შესაბამისად აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოხსენებული გაცემული ხელფასით შემცირებული იქნა სალაროს არაგონივრული ნაშთი. ამასთან, განხორციელდა ანალიზი შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების სალაროში ნაღდი ფულის ნაშთთან დაკავშირებული მეთოდური მითითების (დანართი №9) მიხედვით, აღნიშულ თემაში ასევე გათვალისწინებულ იქნა დებიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხი, სადაც გათვალისწინებულია საკასო შემოსავლის 10%. ასევე ჩატარდა ანალიზი საბანკო ანგარიშზე შეტანილ თანხებთან დაკავშირებით 2023 წლის ივლისის თვის ჩათვლით, რომლის მიხედვით საწარმოში მუდმივად ხორციელდება სალაროდან ბანკში ნავაჭრი თანხების შეტანა და თვის ბოლოს ისევ ფიქსირდება არაგონივრული ნაშთი, აღნიშნულიდან გამომდინარე შეუძლებელია შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში იმ ანალიზის ჩატარება თუ რეალურად რომელი თანხის შეტანა განხორციელდა საბანკო ანგარიშზე, წინა პერიოდში მიღებული შემოსავლის თუ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ წარმოშობილი თანხებიდან გამომდინარე. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახდო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა (კორექტირებას) შემცირებას.
დებიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრასთან დაკავშირებით, გაანგარიშების ფარგლებში შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა: სალაროს შემოსავლის ორდერები, ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები დებიტორულ დავალიანებებთან მიმართებაში. აღნიშნულ ფიზიკურ პირების შესაბამისი ბუღალტრული ბარათები დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით, ბუღალტრული პროგრამის მონაცემები თანხის დაფარვის თაობაზე, ბუღალტრული პროგრამა ორისი. შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, შესწავლილ იქნა სალაროს მოძრაობა სალარო აპარატში ამობეჭდილი ჩეკების ანალიზის მიხედვით, სულ ჯამურად როგორც ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებების, ასევე სხვა ჩატარებული ანალიზით დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით შემცირებას ექვემდებარება სულ 141 139 ლარი, შესაბამისი შედეგების გათვალისწინებით ასევე დაკორექტირებულ იქნა სალაროს არაგონივრული ნაშთი (საკასო შემოსავლის 10%). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირებას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადის თანხა 31 756 ლარით, ასევე ჯარიმა 15 878 ლარის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის 30.04.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.05.2025 წლის №094-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.07.2025 წლის №16313 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე, 136-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 105- ე, 72-ე, 82-ე, 43-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე და 97–ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
სალაროს არაგონივრული ნაშთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის ზეპირი განხილვისას წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმადაც, კომპანიას აქვს გაწეული ხარჯები, რომლებიც არ არის შემოწმების მიერ გათვალისწინებული და შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მ.შ კომპანიის სატელეფონო ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და გადახდებზე გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სალაროს არაგონივრული ნაშთის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, საშემოსავლო გადასახადში დარიცხული ჯარიმის პატიებასთან და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული 50%-იანი ჯარიმის ნაცვლად 10%-იანი ჯარიმის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია, ასევე, რაც შემოსავლების სამსახურის 30.01.2025 წლის №926 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
დებიტორული დავალიანების ნაშთების დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც, შემოწმებამ დასაბეგრი ბაზიდან ამოიღო მხოლოდ ის დებიტორები, რომელთა დავალიანებაც აღემატებოდა 100 ლარს, მაშინ როდესაც შეეძლო ეხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის №2657 სიტუაციური სახელმძღვანელოთი და საერთოდ ჩამოეწერა უიმედო დავალიანების თანხები, ვინაიდან ეს თანხები 100 დან 400 ლარამდეა და თითოეულ დებიტორზე სასამართლოში სარჩელის შეტანაზე გაწეული ხარჯი გადააჭარბებს მისაღები სარგებლის ოდენობას. აგრეთვე, მიუთითებს, რომ დებიტორების ნაწილი გასულია ქვეყნიდან და შეუძლებელია დებიტორული დავალიანების არსებობის ნოტარიულად დადასტურება.
საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის, შემოსავლების სამსახურის №2657 სიტუაციური სახელმძღვანელოს და გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ფიზიკური პირების 1 000 ლარამდე დებიტორული დავალიანებების მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა არამართლზომიერია.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დებიტორული დავალიანების ნაშთების დაბეგვრასთან მიმართებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფიზიკური პირებზე 1 000 ლარამდე არსებული დებიტორული დავალიანებების მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2025 წლის 30 აპრილის დასკვნა და გამოცემულ იქნა 2025 წლის 6 მაისის საგადასახდო მოთხოვნა №094-11, რომლის საფუძველზე შემცირებულ იქნა დებიტორული დავალიანების ანგარიშში დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 31 756 ლარის ოდენობით, ხოლო 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით ხელფასად დაბეგრილი სალაროს ნაშთის ანგარიშში დარიცხვა ყოვლად გაურკვეველი საბაბით უცვლელად იქნა დატოვებული, რის გამოც კვლავ მიმართა საჩივრით შემოსავლების სამსახურს, რომლის 2025 წლის 21 ივლისის №16313 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დარიცხული თანხების გაანგარიშება, თუმცა ამავე ბრძანების მე-4 ნაწილით დარჩენილ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც წარმოდგენს აღნიშნულ საჩივარს.
ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ აქტების შედგენისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები: საგადასახდო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო ის გარემოებები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული ამავე აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს მიერ. უფრო მეტიც, საგადასახადო ორგანომ საშემოსავლო გადასახადში ისე განახორციელა გადასახადის დარიცხვა, რომ გადასახადის გადამხდელთან ერთად საერთოდ არ გამოუკვლევია ამ კუთხით არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებები და არ მიუღია შესაბამისი განმარტებები, ხოლო შემოსავლების სამსახურმა სრულად უგულვებელყო წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის ბანკის მიერ დადასტურებული საბანკო ამონაწერები.
20.12.2023 წლის შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოზე 2023 წლის 31 მაისის პერიოდზე სალაროს არაგონივრული ნაშთი 79 887 ლარის ოდენობით ჩაითვალა დირექტორზე ხელზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, თუმცა 2025 წლის 30 აპრილის დასკვნით ეს თანხა უფრო გაიზარდა და 101 774 ლარი შეადგინა. ასევე საგადასახდო ორგანოს პოზიციით 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით უმოძრაოდ არსებული დებიტორული დავალიანებების დიდი ნაწილი 396 728 ლარის ოდენობით, ასევე ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელზე მიღებულ თანხად და დაიბეგრა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადით, ხოლო 2 დასკვნის შემდეგ ეს დასაბეგრი თანხა ჯერ შემცირებულ იქნა 77 732 ლარის ოდენობით, ხოლო 2025 წლის 30 აპრილის დასკვნით დამატებით შემცირებული იქნა 141 139 ლარით. ასევე გამოვლინდა მცირეოდენი უზუსტობა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
30.04.2025 წლის დასკვნის მიხედვით, საწარმოზე 2023 წლის 31 მაისის პერიოდზე სალაროს არაგონივრული ნაშთი 79 887 ლარის ნაცვლად 101 774 ლარის ოდენობით ჩაითვალა დირექტორზე ხელზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საბანკო ამონაწერით სრულად დასტურდება 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით არსებული სალაროს ნაშთის უდიდესი ნაწილის 2023 წლის ივნისის თვეში საბანკო ანგარიშზე შეტანის ფაქტი. ასევე, საგადასახადო ორგანოს პოზიციით 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით „უმოძრაოდ“ არსებული დებიტორული დავალიანების თანხიდან, 396 728 ლარიდან უკვე მხოლოდ 177 857 ლარი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელზე მიღებულ თანხად და დაიბეგრა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადით. ასევე, გამოვლინდა მცირეოდენი უზუსტობა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
საგადასახადო ორგანოში წარდგენილია პროგრამა „ორისის“ სრული ასლი 2018-2022 წლების საანგარიშო პერიოდებზე, ასევე 2023 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 იანვრამდე პერიოდზე, სადაც შეტანილი იქნა მხოლოდ მოგების გადასახადში წინა საჩივარში აღნიშნული და ნახსენები ცვლილება, რომლის შედეგადაც 2019 წელში დივიდენდად გაცემულად შეცდომით, ზედმეტად დეკლარირებული 100 ათასი ლარის ანგარიშში გაუქმდა დამფუძნებლის დავალიანების იმავე ოდენობით დაფარვა, მოხდა 100 ათასი ლარის სალაროდან დივიდენდად გაწერა, შესაბამისად, იმავე ოდენობით 100 ათასი ლარით გაიზარდა დამფუძნებლის წინაშე არსებული დავალიანება (ვინაიდან 100 ლარის დივიდენდად აღიარების გამო, დავალიანების დაფარვის შემთხვევაში სალაროს ნაშთი გაწითლდებოდა 100 ათასი ლარით). გარდა ამისა, საგადასახდო ორგანოსთვის ამავე საბუღალტრო პროგრამის მონაცემებიდან ნათელი იყო, რომ 2022 წლის მარტის, აგვისტოს და დეკემბრის თვეებში ზედმეტად იყო დეკლარირებული სახელფასო განაცემები, მათ შორის 2022 წლის 31 მარტს ზედმეტად იყო დეკლარირებული ხელზე გაცემული ხელფასის სახით 32 000 ლარი, 2022 წლის 31 აგვისტოს ზედმეტად იყო დეკლარირებული ხელზე გაცემული ხელფასის სახით 30 000 ლარი, 2022 წლის 30 დეკემბერს ზედმეტად იყო დეკლარირებული ხელზე გაცემული ხელფასის სახით 33 500 ლარი, ანუ ჯამში ზედმეტად დეკლარირებულ იქნა ხელზე გაცემული 95 500 ლარის ხელფასი. ამასთან, აღნიშნული გარემოებების შესახებ საგადასახდო ორგანოს წარუდგინეს ოფიციალური წერილობითი განმარტება, რომლითაც შემოწმებისგან მოითხოვა ამ სამ თვეში ზედმეტად დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადის შემცირება. გარდა ამისა, საგადასახდო ორგანოს ჰქონდა კომპანიის სალაროს მოძრაობა 2023 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული 2025 წლის 31 იანვრამდე საანგარიშო პერიოდზე, სადაც ნათლად ჩანს, რომ 2023 წლის 2 ივნისს სალაროდან ბანკში შეტანილია 94 860 ლარი, ხოლო 2023 წლის 8 ივნისიდან 2023 წლის 12 ივნისის ჩათვლით ბანკში სალაროდან შეტანილი თანხის ოდენობამ დამატებით შეადგინა 245 308 ლარი. ამასთან, ერთად, საგადასახადო ორგანოს შეეძლო შეეხედა საბუღალტრო პროგრამაში 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით საწარმოს დამფუძნებლის და ერთდროულად დირექტორის მიმართ არსებული დავალიანების თანხისთვის, რომელიც ამ მომენტისთვის შეადგენდა 96 200,0ლარს. იმის ნაცვლად, რომ საგადასახადო ორგანოს ყველა ამ ფაქტობრივ გარემოებაზე ემსჯელა და მოეხდინა 2022 წლის სამ თვეში ზედმეტად დეკლარირებული სახელფასო განაცემების და კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის შემცირება, მან 95 500 ლარი ჩათვალა გაცემულ ხელფასად, რის შედეგადაც 31.05.2023 წლის მდგომარეობით დამფუძნებლის წინაშე დავალიანების თანხა დამატებით გაიზრდებოდა 95 500 ლარით და გახდებოდა 191,7 ათასი ლარი და ასეთ პირობებში, საგადასახდო ორგანო 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით უკვე „არაგონივრულ ნაშთად“ მიიჩნევს 101 774 ლარს, მაშინ, როცა ამ დროისთვის მათი ქმედების მიხედვით (სალაროდან გაცემული 95 500 ლარის მაინც გაცემულ ხელფასად ჩათვლა) დამფუძნებლის წინაშე არსებული დავალიანების თანხა შეადგენდა ამ თანხაზე გაცილებით მეტს - 191,7 ათას ლარს და ის მის მიერ გამოყვანილ არაგონივრულ ნაშთს დამფუძნებლის წინაშე დავალიანების თანხაში კი არ ქვითავს, არამედ მას მიიჩნევს ხელზე აღებულ ხელფასად და მას ბეგრავს საშემოსავლო გადასახადით 101 774/0,8*20%=19 972 ლარს, ასევე მასზე ავრცელებს ჯარიმის სახით 9 986 ლარს, რაც ყოვლად დაუშვებელია.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აუდიტის დეპარტამენტს ასევე შემოსავლების სამსახურსაც წარუდგინა მტკიცებულებების სახით ბანკის მიერ დამოწმებული საბანკო ამონაწერი, რომლითაც ნათლად ჩანს, რომ 2023 წლის 2 ივნისს სალაროდან ბანკში შეტანილია 94 860 ლარი, ხოლო 2023 წლის 8 ივნისიდან 2023 წლის 12 ივნისის ჩათვლით ბანკში სალაროდან შეტანილი თანხის ოდენობამ დამატებით შეადგინა 245 308 ლარი (დანართი - ბანკის მიერ დამოწმებული 2023 წლის ივნისის თვის საბანკო ამონაწერი). აღნიშნულ ამონაწერში ნათლად ჩანს, რომ 2023 წლის 2 ივნისს სალაროდან გასული 94 860 ლარი სრულად არის შეტანილი ამავე დღეს საბანკო დაწესებულებაში (ამ დღის საბანკო ამონაწერის შესაბამისი ჩანაწერი გაფერადებულია), ანალოგიურად ამავე საბანკო ამონაწერში ნათლად ჩანს, რომ 2023 წლის 8 ივნისიდან 2023 წლის 12 ივნისის ჩათვლით ბანკში სალაროდან შეტანილი თანხის ოდენობამ დამატებით შეადგინა 245 308 ლარი და ყოველივე ამის ფონზე აუდიტის დეპარტამენტი დასკვნის მე-4 გვერდზე მიუთითებს, რომ თურმე საბანკო ამონაწერის მიხედვით ვერ ხერხდება შესაბამისი თანხების იდენტიფიცირება, რაც არის მცდარი ინფორმაცია და თავად ეს მსჯელობა არსებული მტკიცებულებების იგნორირების უდაო ფაქტს წარმოადგენს. წარდგენილი საბანკო ამონაწერები და ამავე პერიოდის სალაროს მოძრაობის ამსახველ ცხრილებში სიტყვასიტყვით და ნათლად ჩანს, რომ საბანკო ანგარიშზე სალაროდან აღნიშნულ დღეებში შეტანილია ზუსტად ის თანხები, რომლებიც იმავე დღეს გატანილია სალაროდან ბანკში შესატანად და ასეთ ფონზე დასკვნაში მითითებულია, რომ თანხების იდენტიფიცირება შეუძლებელია.
თუ აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ თანხების იდენტიფიცირება შეუძლებელია, მაშინ როგორ გამოდის, რომ ერთსა და იმავე დღეს სალაროდან გატანილი თანხები და ამავე დღეს საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხები ერთმანეთის იდენტურია? თუ ეს თანხა საბანკო ანგარიშზე სალაროდან არ არის შეტანილი, მაშინ ბანკის მიერ დამოწმებულ საბანკო ანგარიშზე რატომ წერია, რომ ეს თანხა შეტანილია ნაღდი ანგარიშსწორებით სალაროდან? და თუ ეს თანხა სალაროდან არაა შეტანილი, მაშინ საბანკო ამონაწერში რატომ არ წერია მისი შემტანი რომელიმე დებიტორის დასახელება და დანიშნულება და რატომ არ წერია, რომ ეს თანხა უნაღდო ანგარიშსწორებით რომელიღაც დებიტორის მიერ არის ჩარიცხული? ასევე გაურკვეველია, თუ რა თანხებით მოხდა 2023 წლის 1 ივნისის შემდეგ სალაროში შემოსული თანხებით ხელფასების და დივიდენდების გაცემა, ვინაიდან ამ პერიოდში სალაროში არსებული სახსრებიდან ვერანაირად ვერ მოხდებოდა დივიდენდის და ხელფასის სახით 197,7 ათასი ლარის გაცემა. სამწუხაროდ, ამ კუთხით სახეზეა, რომ მოხდა წარდგენილი მტკიცებულებების აბსოლუტური იგნორირება.
დასკვნის შედგენის შემდეგ პერიოდში შემმოწმებლებთან ერთად სრულად გაიარეს სალაროს ნაშთი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ აუდიტორების მიერ გამოყვანილი და საბუღალტრო პროგრამაში არსებული სალაროს ნაშთი სრულად ემთხვევა 2021 წლის 1 იანვრის და 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მაგრამ არ ედრება 2022 წლის 31 დეკემბრის და 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით 43 617 ლარზე და რომ აუდიტორის მიერ ამ თარიღების მდგომარეობით ზედმეტად დაფიქსირებული სალაროს ნაშთი მეტია 43 617 ლარის ოდენობით, ხოლო ეს ფაქტობრივი გარემოება განპირობებულია იმით, რომ 2022 წლის აგვისტოში სალაროს შემოსავალი გაზრდილია 13 880 ლარით, ხოლო 2022 წლის დეკემბრის თვეში სალაროს გასავალში გამორჩენილია კრედიტორებზე გადახდილი 29 737 ლარი. შესაბამისად, ამის გამო 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით ზედმეტად დაბეგრილი არასწორი სალაროს ნაშთი შეადგენს 43 617 ლარს, ხოლო მის ანგარიშში ზედმეტად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 43 617/0,8*0,2=10 904 ლარის ოდენობით, ასევე მასზე ზედმეტად დარიცხული ჯარიმის თანხა 5 452 ლარია.
შემოსავლების სამსახურში აღნიშნულ თემაზე დავის განხილვა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დაევალა 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით სალაროს ნაშთის კორექტირება. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე სავარაუდოდ მოხდება სალაროს ნაშთის კორექტირება ზემოაღნიშნული 43 617 ლარით, ასევე ამავე ბრძანების შესაბამისად მოხდება 1 000 ლარამდე დებიტორული დავალიანების თანხების ამოღება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზიდან, რის გამოც ამ კუთხით მადლიერია შემოსავლების სამსახურის მიმართ, თუმცა ამავდროულად შემოსავლების სამსახურს თავის ბრძანებაში გამორჩა ის გარემოება, რომ ყველა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დაკმაყოფილების მიუხედავად, 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით არსებული სალაროს ნაშთის დაბეგვრის თანხობრივი მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, ხელფასის სახით დასაბეგრი ბაზიდან 43 617 ლარის ამოღების და სალაროს გონივრული ნაშთის 10 000 ლარით გაზრდის პირობებშიც კი, 2023 წლის ივნისიდან მოყოლებული 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და შემდგომ 2024 წლის პერიოდშიც სალაროს ნაშთი სულ იქნება მინუსში მინიმუმ 155 ათასი ლარის ოდენობით, რაც სრულიად დაუშვებელია და არალოგიკურია.
ყურადღებით შესასწავლია აღნიშნული კონკრეტული ფაქტი - წარდგენილი 2023 წლის ივნისიაგვისტოს თვეების საბანკო ამონაწერი, ასევე 2023 წლის მაისიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში სალაროს მოძრაობის ანგარიში და ნათლად გამოჩნდება, რომ სალაროში არსებული ნაშთის თანხები მართლაც რომ საბანკო დაწესებულებაშია შეტანილი იმავე დღეს და იმავე პირობებში როცა, სალაროდან 2022 წლის მდგომარებით ხელფასად გაცემულად 95 500 ლარის ჩვენების პირობებში კომპანიის სალაროს ნაშთი თითქმის მუდმივად წითელია 2023 წლის 30 იანვრიდან 2023 წლის 30 აპრილამდე პერიოდში, ხოლო 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით არსებული სალაროს ნაშთიდან თუნდაც 85 ათასი ლარის ხელფასად დაბეგვრის პირობებში კომპანიის სალაროს ნაშთი მუდმივად წითელია 2023 წლის ივნისიდან მოყოლებული 2023 წლის დეკემბრის ბოლომდე, ასევე 2024 წლის დეკემბრის ბოლომდე, ასევე 2024 წლის თითქმის მთელ პერიოდში მინიმუმ 180 ათასი ლარით და მაშინ, ასეთ პირობებში როგორ მოხდა ამ სალაროდან 2023 წლის ივნისიდან 2023 წლის აგვისტოს პერიოდში ხელფასებად და დივიდენდად 180 ათასი ლარის გაცემა? იმედია ამ ნაწილში არ გახდება საჭირო საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზის დანიშვნა, ასევე თუ არგუმენტები არ იქნება გათვალისწინებული მაშინ საწარმოს მოუწევს 2023 წლის ივნისისა და აგვისტოს პერიოდში საშემოსავლო გადასახადში და მოგების გადასახადში დეკლარირებული გადასახადების დაზუსტება და შემცირება. კერძოდ, ასეთ პირობებში უნდა გააუქმოს 2023 წლის ივნისიაგვისტოს თვეებში ხელზე გაცემული ხელფასის და დივიდენდის 180 ათასი ლარის შემცირება და მის ანგარიშში საშემოსავლო გადასახადის შემცირება 5 263 ლარის ოდენობით, ხოლო მოგების გადასახადის შემცირება 18 576 ლარის ოდენობით, ასევე ხელზე გაცემული ხელფასების შემცირება 97 274 ლარის ოდენობით და დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადის შემცირება კიდევ 24 319 ლარის ოდენობით, ანუ ამ თანხების ანგარიშში უნდა შეამციროს მოგების და საშემოსავლო გადასახადის თანხით 10 904 ლარით, რომელიც ზედმეტად და შეცდომით იქნა დაბეგრილი სალაროს ნაშთის ანგარიშში.
სწორედ ამის გამო, დავის განხილვისას მოითხოვა, სალაროდან აუდიტის მიერ 2023 წლის ივნისიაგვისტოს თვეებიდან 2023 წლის მაისის თვეში გადანაცვლებული სახელფასო განაცემების ანგარიშში - 95 500+1 017 674=197 274/0,8*20% დარიცხული 49 319 ლარის ოდენობის საშემოსავლო გადასახადზე გაანგარიშებული ჯარიმის თანხის 24 659 ლარის პატიება ან/და მინიმუმ მისი განაკვეთის შეცვლა 50%- იდან 10%-მდე, ანუ ამ ნაწილში ჯარიმის თანხის 24 659 ლარის ნაცვლად 4 932 ლარამდე შემცირება. შემოსავლების სამსახურის თავის 2025 წლის 21 ივლისის №16313 ბრძანებაში მიუთითებს, რომ მომჩივანს წინა დავისას არ მოუთხოვია ამ ნაწილში ჯარიმის პატიება, მაგრამ საკითხი მდგომარეობს შემდეგში: დავის არცერთ ეტაპზე არ აღიარებს 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით არსებული სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვა, მაგრამ დავის ამ ეტაპზე შემოსავლების სამსახურს განუცხადეს, რომ თუ დაეთანხმება 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით სალაროს ნაშთის დაბეგვრას რაღაც კონკრეტული თანხით, მაშინ მოუწევს იმავე თანხით 2023 წლის ივნისი-ივლისის პერიოდზე ხელზე აღებული საშემოსავლო გადასახადში და მოგების გადასახადში დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება სალაროს ნაშთის მუდმივი გაწითლების გამო. შესაბამისად, თუ არ დაეთანხმება 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით სალაროს ნაშთის ხელფასად დაბეგვრას, მაშინ მოუწევს 2023 წლის ივნისიივლისის პერიოდზე იგივე ოდენობით სახელფასო განაცემის შემცირება, რის გამოც მოითხოვა ამის გამო საშემოსავლო გადასახადში დარიცხული ჯარიმის თანხის ან სრული პატიება, ან მისი განაკვეთის 50%- დან 10%-მდე შემცირება. შემოსავლების სამსახური №16313 ბრძანებაში მიუთითებს, რომ წინა დავისას მომჩივანს ჯარიმის პატიება ან განაკვეთის შემცირება არ მოუთხოვია, მაგრამ წინა და ამჟამინდელი დავისასაც არ ეთანხმება 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით არსებული სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვას, მაგრამ ამჟამინდელი დავისას დააკონკრეტა, რომ თუ დაეთანხმება დარიცხვის ამ პრინციპს, მაშინ მოუწევს იმავე ხელფასების ნაწილში იგივე თანხის ოდენობით 2023 წლის ივნისი-ივლისის თვეების სახელფასო განაცემების შემცირება დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გზით, ვინაიდან 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით არსებული სალაროს ნაშთის ხელფასად დაბეგვრის პირობებში, ვერანაირად ვერ შეძლო 2023 წლის ივნისი-ივლისის თვეებში იგივე ოდენობის სახელფასო განაცემების გაცემა. სწორედ ამას ეფუძნებოდა მოთხოვნა და არა იმას, რომ ეს საკითხი წინა დავისას არ დაუყენებია. ანუ ამ ნაწილში საკითხი არის მარტივი, თუ ეთანხმება 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვას, მაშინ ეს გარემოება იწვევს 2023 წლის ივნისი-ივლისის პერიოდში იგივე ოდენობით დეკლარირებული სახელფასო განაცემების და შესაბამისი გადასახადის შემცირებას, რის გამოც უნდა მოხდეს ამ ნაწილში დარიცხული ჯარიმის ან სრულად პატიება, ან მისი განაკვეთის 50%-დან 10 %-მდე შემცირება.
მითითებული არგუმენტაციის დასადასტურებლად წარმოადგენს სალაროს მოძრაობის ამსახველ სრულ სურათს 2022 წლის 1 მარტიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, სადაც ყვითლად არის მონიშნული ყველა ის დღე, სადაც 95 500 ლარის და 101 774 ლარის სალაროდან გაცემის აღიარების პირობებში სალაროს ნაშთი არის წითელი.
ანუ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სრულად ნათელია, რომ აქტის საფუძველზე საგადასახდო ორგანო ახორციელებს ისეთ არამართებულ და უსაფუძვლო დარიცხვას, რომელიც დოკუმენტურად და ფაქტობრივი მტკიცებულებებით გამაგრებული არაა და თავის მხრივ პირიქით აუცილებლად მინიმუმ იწვევს იმავე შემოწმებულ პერიოდში დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადის და მაქსიმუმ შემოწმების პერიოდის შემდეგ მე-2 საანგარიშო თვის შედეგებით დეკლარირებული საშემოსავლო და მოგების გადასახადების აუცილებელი წესით შემცირებას. ანუ ფაქტია, რომ ამ ნაწილში საგადასახადო ორგანომ განახორციელა ყოვლად უსაფუძვლო და არამართებული დარიცხვა, რომელიც სათანადო მტკიცებულებებით არაა გამაგრებული.
მოცემულ შემთხვევაში საგადასახდო ორგანოს მხრიდან დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვტილება (მოცემულ შემთხვევაში გადასახადების დარიცხვის შესახებ) შეიძლება მიიღოს ყველა ფაქტისა და გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რასაც ადგილი არ ჰქონია. ასევე დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე და ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული ან შესწავლილი. ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რომელიც დასაბუთებულია წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტაციით და რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის საფუძველია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 30.01.2025 წლის №926 ბრძანებით, სალაროს არაგონივრული ნაშთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დებიტორული დავალიანების ნაშთების დაბეგვრასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. ბუღალტრული პროგრამის მონაცემები თანხის დაფარვის თაობაზე). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილოებით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 30.04.2025 წლის დასკვნის მიხედვით, გაანგარიშების ფარგლებში სალაროს არაგონივრული ნაშთის დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა: საბანკო ამონაწერები 2023 წლის ივნისის და ივლისის თვეების და სალაროს მოძრაობის უწყისი 2023 წლის ივნისის თვის ჩათვლით. შესწავლილ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ არგუმენტს ზედმეტად დეკლარირებულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით, შემოწმების პროცესში წარმოდგენილი მასალების მიხედვით (ბუღალტრული პროგრამა ორისი, საბანკო ამონაწერები და სხვა ხელთ არსებული მასალები), კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რიგ თვეებში გაცემული და დეკლარირებული იყო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით ხელფასები, რომელიც გათვალისწინებული იყო სალაროს მოძრაობის ანალიზის დროს, შესაბამისად აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოხსენებული გაცემული ხელფასით შემცირებული იქნა სალაროს არაგონივრული ნაშთი. ამასთან, განხორციელდა ანალიზი შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების სალაროში ნაღდი ფულის ნაშთთან დაკავშირებული მეთოდური მითითების (დანართი №9) მიხედვით, აღნიშულ თემაში ასევე გათვალისწინებულ იქნა დებიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხი, სადაც გათვალისწინებულია საკასო შემოსავლის 10%. ასევე ჩატარდა ანალიზი საბანკო ანგარიშზე შეტანილ თანხებთან დაკავშირებით 2023 წლის ივლისის თვის ჩათვლით, რომლის მიხედვით საწარმოში მუდმივად ხორციელდება სალაროდან ბანკში ნავაჭრი თანხების შეტანა და თვის ბოლოს ისევ ფიქსირდება არაგონივრული ნაშთი, აღნიშნულიდან გამომდინარე შეუძლებელია შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში იმ ანალიზის ჩატარება თუ რეალურად რომელი თანხის შეტანა განხორციელდა საბანკო ანგარიშზე, წინა პერიოდში მიღებული შემოსავლის თუ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ წარმოშობილი თანხებიდან გამომდინარე. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახდო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა (კორექტირებას) შემცირებას. დებიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემცირებას დაექვემდებარა სულ 141 139 ლარი, შესაბამისი შედეგების გათვალისწინებით ასევე დაკორექტირებულ იქნა სალაროს არაგონივრული ნაშთი (საკასო შემოსავლის 10%).
შემოსავლების სამსახურის 21.07.2025 წლის №16313 ბრძანებით, სალაროს არაგონივრული ნაშთის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დებიტორული დავალიანების ნაშთების დაბეგვრასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფიზიკურ პირებზე 1 000 ლარამდე არსებული დებიტორული დავალიანებების მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 21.07.2025 წლის №16313 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №926 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №094-92 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №6596 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №094-39 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №20891 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.საბჭოს №24132/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №20891 ბრძანება, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს №24132/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და წლის №926 ბრძანებით საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ.აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №094-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის შემოსავლების სამსახურის №16313 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის №16313 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“);