გადაწყვეტილება № 25887/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 25887/2/2025
26 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------22.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25887/2/2025).
დავის საგანი:
1.01.2022 წლის მდგომარეობით კომპანიის საწესდებო კაპიტალის საწყისის ნაშთის, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელს გატანილი აქვს დაუბეგრავად და ასევე, ამავე პერიოდში დირექტორ-დამფუძნებელზე საქვეანგარიშოდ გატანილი თანხის, დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.07.2025 წლის №002-95 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 3.09.2025 წლის №19443 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 482 112.22 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 265 777.4
დღგ - (-25 425.97)
საშემოსავლო გადასახადი - 291 203.37
ჯარიმა - 145 601.70
საურავი - 70 733.12
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2025 წლის №3893 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, სადაც სადავო საკითხზე მითითებულია შემდეგი:
კომპანიამ წარადგინა ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა. აღნიშნული პროგრამის მიხედვით, საწარმოს 2022 წლის პირველ იანვრისთვის უფიქსირდებოდა საწესდებო კაპიტალის საწყისის ნაშთი - 935 000 ლარის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელს საწარმოს სალაროდან გატანილი ჰქონდა აღნიშნული თანხა დაუბეგრავად. ასევე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა დირექტორ-დამფუძნებელზე საქვეანგარიშოდ გატანილი ფულადი სახსრები 229 814 ლარის ოდენობით.
შემოწმების შედეგად გაანალიზდა წინა საგადასახადო შემოწმების პროგრამის საბოლოო ნაშთები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რათა გამოკვეთილიყო საწარმო 2022 წლის პირველ იანვრამდე საჭიროებდა თუ არა დამფუძნებლის შენატანს 935 000 ლარის ოდენობით. შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ 2.05.2019 წლიდან საწარმო მუშაობდა მოგებაზე, მთლიანი შემოსავალი მკვეთრად აღემატებოდა მთლიან ხარჯს, კომპანიას არ სჭირდებოდა დამატებით დამფუძნებლის შენატანი (935 000 ლარი).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად 935 000 ლარი და ასევე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საქვეანგარიშოდ გატანილი თანხა
229 814 ლარი აიგროსა და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ჩაითვალა შესაბამის თვეებში დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.07.2025 წლის №14534 ბრძანება და ამავე თარიღის №002-95 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.09.2025 წლის №19443 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 491 მუხლზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2022 წლის სასტარტო ნაშთში დაფიქსირებული თანხა 935 000 ლარი წარმოადგენს წინა პერიოდში დამფუძნებლის მიერ შეტანილ თანხას, რომლის აუცილებლობა გამომდინარეობდა 2022 წლამდე არსებული კომპანიის ინტერესების დაცვითა და მისი ეკონომიკური საქმიანობით. ვინაიდან, აღნიშნული თანხის ხარჯვითი ნაწილი ეკუთვნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ხანდაზმულ პერიოდს და ამასთან, აღნიშნული რესურსის რეალიზება დაკავშირებულ იყო გარკვეული რისკების გაწევასთან, მისი შესაბამისი დოკუმენტირება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა - რამდენიმე წლის წინ განხორციელებულ ინვესტიციას თან ახლდა მთელი რიგი სირთულეები, რომლის უმეტესი ნაწილი დღეისათვის უკვე მოგვარებულია და ამ ყველაფრის დასაბუთებისთვის მზად არის საბჭოს წარუდგინოს სათანადო რელევანტური არგუმენტები, რომელიც შემოსავლების სამსახურმა სამწუხაროდ არ გაითვალისწინა.
ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის სრულად/ნაწილობრივ გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2022 წლის სასტარტო ნაშთად დაფიქსირებული თანხა 935 000 ლარი წარმოადგენს წინა პერიოდში დამფუძნებლის მიერ შეტანილ თანხას, რომლის აუცილებლობა გამომდინარეობდა 2022 წლამდე არსებულ კომპანიის ინტერესების დაცვითა და მისი ეკონომიკური საქმიანობით. ვინაიდან, აღნიშნული თანხის ხარჯვითი ნაწილი ეკუთვნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ხანდაზმულ პერიოდს და ამასთან, აღნიშნული რესურსის რეალიზება დაკავშირებულ იყო გარკვეული რისკების გაწევასთან, მისი შესაბამისი დოკუმენტირება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა - რამდენიმე წლის წინ განხორციელებულ ინვესტიციას თან ახლდა მთელი რიგი სირთულეები, რომლის უმეტესი ნაწილი დღეისათვის უკვე მოგვარებულია და ამ ყველაფრის დასაბუთებისთვის მზად არის წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტები.
მოპასუხემ, სადავო საკითხზე წარმოდგენილი 6.10.2025 წლის №87150-21-14 წერილით და საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2025 წლის მარტის თვიდან, შემოწმების დანიშვნის თარიღიდან, მომჩივანს ეთხოვა აღნიშნულზე წარმოედგინა შესაბამისი დოკუმენტები, რაც დღემდე, დავის ეტაპზეც კი, წარმოდგენილი არ არის. ამდენად, შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ 2.05.2019 წლიდან საწარმო მუშაობს მოგებაზე, მთლიანი შემოსავალი მკვეთრად აღემატება მთლიან ხარჯს და კომპანია არ საჭიროებდა დამატებით დამფუძნებლის შენატანს.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის სრულად/ნაწილობრივ გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად გაანალიზდა წინა საგადასახადო შემოწმების პროგრამის საბოლოო ნაშთები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რათა გამოკვეთილიყო საწარმო 2022 წლის პირველ იანვრამდე საჭიროებდა თუ არა დამფუძნებლის შენატანს 935 000 ლარის ოდენობით. შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ 2.05.2019 წლიდან საწარმო მუშაობდა მოგებაზე, მთლიანი შემოსავალი მკვეთრად აღემატებოდა მთლიან ხარჯს, კომპანიას არ სჭირდებოდა დამატებით დამფუძნებლის შენატანი (935 000 ლარი). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად 935 000 ლარი და ასევე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საქვეანგარიშოდ გატანილი თანხა 229 814 ლარი აიგროსა და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ჩაითვალა შესაბამის თვეებში დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
№19443 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(4,9);101(1);154(1)