ბრძანება N 6111

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.03.2023
№ დოკუმენტი 6111
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 6111

28.03.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2023 წლის 24 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №26) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №78473/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №001-253 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია: მომჩივანი არ ეთანხმება უძრავი ქონების შეძენის მიზნით გადახდილი თანხის უპროცენტო სესხად კვალიფიცირებას და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული იყო წერილობითი ფორმით, მაგრამ არ იყო რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რადგან მას ღირებულების მხოლოდ ნაწილი ჰქონდა გადახდილი.

ფაქტობრივი გარემოებები: საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 სექტემბრის №24773 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 4 ოქტომბრიდან 2022 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 26 დეკემბრის №32906 ბრძანება და ამავე თარიღის №001-253 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 110 588 ლარი, მათ შორის, გადასახადი 59 924 ლარი, ჯარიმა 44 180 ლარი, საურავი 6 484 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო: შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს უფლებამოსილი პირის განმარტებით, 2022 წლის მაისის თვეში ფიზიკური პირისგან შეძენილი აქვს უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობა, აგრეთვე შენობაში განთავსებული საწარმოო დანადგარები) 215 000 ლარად, საიდანაც 150 000 ლარი გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით 2022 წლის 28 მაისს (აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ მომხდარა, ასევე გამყიდველ ფიზიკურ პირს აღნიშნულ ოპერაციაზე არ აქვს შესრულებული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები). ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩაითვალა, რომ ოპერაციის ეკონომიკურ შინაარსს არ წარმოადგენს უძრავი ქონების შეძენა, შესაბამისად, საწარმოს მიერ 2022 წლის მაისის თვეში გადახდილი თანხა 150 000 ლარი დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. შემოწმებით, გაცემული სესხი 150 000 ლარი (მოგების გადასახადის გარეშე), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98² მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა მოგების გადასახადით. საწარმო აგრეთვე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად მოგების გადასახადით იბეგრება: ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე; ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირისგან შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობა, აგრეთვე შენობაში განთავსებული საწარმოო დანადგარები 215 000 ლარად, საიდანაც 150 000 ლარი გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით 2022 წლის 28 მაისს. აღნიშნული ქონების სსიპ საჯარო რეესტრში ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია არ მომხდარა, ასევე გამყიდველ ფიზიკურ პირს აღნიშნულ ოპერაციაზე არ აქვს შესრულებული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით ჩაითვალა, რომ ოპერაციის ეკონომიკურ შინაარსს არ წარმოადგენს უძრავი ქონების შეძენა, შესაბამისად, საწარმოს მიერ 2022 წლის მაისის თვეში პიზიკურ პირზე (მიხეილ ასლანიშვილზე) გადახდილი თანხა 150 000 ლარი ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ მის მიერ უძრავი ქონების შეძენისას, კანონმდებლობის შესაბამისად, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, რომლის რეგისტრაცია სსიპ საჯარო რეესტრში ეროვნულ სააგენტოში არ განხორციელდა, ვინაიდან ნასყიდობის ღირებულება სრულად არ იყო გადახდილი. მხარეების შეთანხმების თანახმად, ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ მოხდება საკუთრების უფლების მყიდველის სახელზე რეგისტრაცია. ასევე, აუდიტის დხეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით მხარეებს შორის ურთიერთდამოკიდებულება არ დგინდება. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საჩივარში მოყვანილი არგუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, მათ შორის მესამე მხარისგან გამოითხოვოს ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საჩივარში მოყვანილი არგუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, მათ შორის მესამე მხარისგან გამოითხოვოს ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება უძრავი ქონების შეძენის მიზნით გადახდილი თანხის უპროცენტო სესხად კვალიფიცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს უფლებამოსილი პირის განმარტებით, 2022 წლის მაისის თვეში ფიზიკური პირისგან შეძენილი აქვს უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობა, აგრეთვე შენობაში განთავსებული საწარმოო დანადგარები , აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, ასევე გამყიდველ ფიზიკურ პირს აღნიშნულ ოპერაციაზე არ აქვს შესრულებული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები.

 

გადაწყვეტილება

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით ჩაითვალა, რომ ოპერაციის ეკონომიკურ შინაარსს არ წარმოადგენს უძრავი ქონების შეძენა, შესაბამისად, საწარმოს მიერ 2022 წლის მაისის თვეში ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხა ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად.

 

დასაბუთება