გადაწყვეტილება №27558/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.08.2026
№ დოკუმენტი 27558/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27558/2/2026

06 აგვისტო 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, შემადგენლობით, 2.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ის 9.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27558/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის N5348 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.04.2026 წლის №002-49 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.05.2026 წლის №11378 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 90 904,49 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 54 496,29

დღგ - 9 395,31

საშემოსავლო გადასახადი - 45 100,98

ჯარიმა - 25 561,88 საურავი - 10 846,32

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 5.11.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 11.11.2025 წლის №002-161 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5348 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5348 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2026 წლის დასკვნის მიხედვით, ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა გარკვეული სახის დოკუმენტაცია, კერძოდ, ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მივლინების ხარჯები, დაზღვევის ხარჯები, სატრანსპორტო მომსახურების და ტერმინალის ხარჯები და სხვა). აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად (ვინაიდან მიჩნეულ იქნა სათანადო საფუძვლად), განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 16.04.2026 წლის №002-49 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.05.2026 წლის №11378 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა გარკვეული სახის დოკუმენტაცია, კერძოდ, ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მივლინების ხარჯები, დაზღვევის ხარჯები, სატრანსპორტო მომსახურების და ტერმინალის ხარჯები და სხვა). აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად შემოწმების მიერ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს კონკრეტულად თუ რა ნაწილში არ იქნა აღსრულებული შემოსავლების სამსახურის ბრძანება, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნით დადგენილ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 მარტის №5348 ბრძანების აღსრულების მიზნით წარდგენილი იქნა შესაბამისი მტკიცებულებები აუდიტის დეპარტამენტში. სრულყოფილად არ არის გათვალისწინებული წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 25 მაისის №11378 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და მომჩივნის მონაწილეობით დამატებით უნდა იქნას შესწავლილი წარდგენილი მტკიცებულებები, რათა სრულყოფილად იქნეს გათვალისწინებული მომჩივნის არგუმენტები/პოზიცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5348 ბრძანებით, ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2026 წლის დასკვნის მიხედვით, ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა გარკვეული სახის დოკუმენტაცია, კერძოდ, ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მივლინების ხარჯები, დაზღვევის ხარჯები, სატრანსპორტო მომსახურების და ტერმინალის ხარჯები და სხვა). აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად (ვინაიდან მიჩნეულ იქნა სათანადო საფუძვლად), განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2026 წლის №54950-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შპს ----ის მიერ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 მარტის №5348 ბრძანების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებებიდან არ იქნა გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის ჯარიმები - ბიუჯეტში გადახდილი თანხები უკვე იყო გათვალისწინებული თანხის გასავალ ნაწილში (ხარჯებში). ტრანსპორტირების ხარჯები იმ ოპერაციებზე, რომელზეც მიღებული იყო ანგარიშ-ფაქტურები, ვინაიდან აღნიშნული უკვე იყო გათვალისწინებული თანხის გასავალ ნაწილში (ხარჯებში). ფულადი გზავნილების ამონაწერები (ინვოისის ხარჯები უკვე იყო გათვალისწინებული თანხის გასავალ ნაწილში (ხარჯებში). ხოლო გათვალისწინებული იქნა მივლინების ხარჯები, ტრანსპორტირების ხარჯები (გარდა იმ ოპერაციებისა, რომელზეც მიღებული იყო ანგარიშ-ფაქტურები), ბანკის საკომისიო (სხვაობა), დაზღვევის ხარჯები, სახანძრო უსაფრთხოების და შპს ---ის და შპს ---ის თანხები (არ იყო მიღებული ანგარიშ-ფაქტურა).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი და საჩივარზე დართული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2026 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5348 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის N5348 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურის №5348 ბრძანების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებებიდან არ იქნა გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის ჯარიმები - ბიუჯეტში გადახდილი თანხები უკვე იყო გათვალისწინებული თანხის გასავალ ნაწილში (ხარჯებში). ტრანსპორტირების ხარჯები იმ ოპერაციებზე, რომელზეც მიღებული იყო ანგარიშ-ფაქტურები, ვინაიდან აღნიშნული უკვე იყო გათვალისწინებული თანხის გასავალ ნაწილში (ხარჯებში). ფულადი გზავნილების ამონაწერები (ინვოისის ხარჯები უკვე იყო გათვალისწინებული თანხის გასავალ ნაწილში (ხარჯებში). ხოლო გათვალისწინებული იქნა მივლინების ხარჯები, ტრანსპორტირების ხარჯები (გარდა იმ ოპერაციებისა, რომელზეც მიღებული იყო ანგარიშ-ფაქტურები), ბანკის საკომისიო (სხვაობა), დაზღვევის ხარჯები, სახანძრო უსაფრთხოების და შპს --- თანხები (არ იყო მიღებული ანგარიშ-ფაქტურა). შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის №5348 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 73 (9); 101 (1); 154 (1).