ბრძანება N 10707
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10707
15.05.2023
შპს „-------------“ (ს/ნ -----------)
(მის.: ----------------)
2022 წლის 27 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 მაისის სხდომაზე (ოქმი №50) განიხილა შპს „---------------ის“ (ს/ნ----------) 2022 წლის 27 დეკემბრის №236085/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №022-26 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება 2019 და 2020 წლების ბოლოს არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთის უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად დაკვალიფიცირებას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ კომპანია წარმოადგენს დაზარალებულ პირს და დამატებით გადასახადის დარიცხვა არამართლზომიერია. მიუთითებს, რომ მოვალეები წარმოადგენენ ---------, რომელთა წინააღმდეგ დავის წამოწყება დიდ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული. აცხადებს, რომ ვინაიდან იყო პანდემიის პერიოდი და თან კომპანიას არ გააჩნდა საკმარისი ფულადი სახსრები, გადაწყდა რომ არ მიეღოთ არანაირი ზომები დებიტორული დავალიანების ამოსაღებად. დამატებით მიუთითებს, რომ შესაძლოა კომპანიამ ახლო მომავალში აღძრას სარჩელი მოვალეების წინააღმდეგ.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 სექტემბრის №24211 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ---------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბუღალტრულად დაფიქსირებული დებიტორული მოთხოვნებიდან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 16 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 ნოემბრის №29784 ბრძანება და ამავე თარიღის №022–26 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 58 354 ლარი, მათ შორის გადასახადი 30 150 ლარი, ჯარიმა 15 075 ლარი და საურავი 13 129 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 1997 წლის 15 ივლისს. გადამხდელის საქმიანობაა ტვირთის დასაწყობება და შენახვა. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემებით, საქონლის მიწოდებიდან და მომსახურების გაწევიდან მისაღები შემოსავალი შეადგენდა სულ 534 000 ლარს, საიდანაც უძრავად უფიქსირდებოდა 471 106 ლარის მოთხოვნა, ძირითადად ---------კომპანიების მიმართ (მოთხოვნებიდან 82 201 ლარი წარმოშობილი იყო 2016 წელს, 29 020 ლარი - 2017 წელს, 189 022 ლარი - 2018 წელს, 46 211 ლარი - 2019 წელს და 124 654 ლარი - 2020 წელს). შემოწმებამ, დებიტორული დავალიანების რეალობის დადგენის მიზნით, გადამხდელისგან გამოითხოვა ურთიერთშედარების აქტები, თუმცა არ წარუდგენია. ასევე, გადამხდელს არ წარუდგენია დოკუმენტაცია, რომლითაც დასაბუთდებოდა, რომ გაატარა რაიმე ღონისძიება დებიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით (მ.შ. სარჩელი). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, 2019 და 2020 წლების ბოლოს არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთი დაკვალიფიცირდა უსასყიდლო მომსახურების გაწევად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლებს სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემებით, საქონლის მიწოდებიდან და მომსახურების გაწევიდან მისაღები შემოსავლები შეადგენდა სულ 534 000 ლარს, საიდანაც უძრავად ფიქსირდებოდა 471 106 ლარის დებიტორული მოთხოვნა, ძირითადად --------- კომპანიების მიმართ. შემოწმებამ, დებიტორული დავალიანების რეალობის დადგენის მიზნით, გადამხდელისგან გამოითხოვა ურთიერთშედარების აქტები, თუმცა არ წარუდგენია. ასევე, გადამხდელს არ წარუდგენია დოკუმენტაცია, რომლითაც დასაბუთდებოდა, რომ ჩაატარა რაიმე ღონისძიება დებიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით (მ.შ. სარჩელი).
ასევე, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2019 და 2020 წლების ბოლოს არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთის უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად დაკვალიფიცირების საფუძვლით მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება 2019 და 2020 წლების ბოლოს არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთის უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად დაკვალიფიცირებას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა ტვირთის დასაწყობება და შენახვა. დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემებით, საქონლის მიწოდებიდან და მომსახურების გაწევიდან მისაღები შემოსავლები შეადგენდა სულ 534 000 ლარს, საიდანაც უძრავად ფიქსირდებოდა 471 106 ლარის დებიტორული მოთხოვნა.
შემოწმებამ, დებიტორული დავალიანების რეალობის დადგენის მიზნით, გადამხდელისგან გამოითხოვა ურთიერთშედარების აქტები, თუმცა არ წარუდგენია.
არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთი დაკვალიფიცირდა უსასყიდლო მომსახურების გაწევად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2019 და 2020 წლების ბოლოს არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთის უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად დაკვალიფიცირების საფუძვლით მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
136(3);73(9);97(1„გ“ );43(4);