გადაწყვეტილება №23912/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.11.2024
№ დოკუმენტი 23912/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23912/2/2024

06 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,10.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 12.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23912/2/2024).

 

დავის საგანი:

1. სალაროდან გაცემული თანხის სესხად განხილვის და მოგების გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2024 წლის №081-170 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.09.2024 წლის №19923 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 213 266,34 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 119 868

დღგ - 6 336

მოგების გადასახადი - 46 421

საშემოსავლო გადასახადი - 67 111

ჯარიმა - 58 354

საურავი - 35 044,34

 

პროცედურული გარემოებები:

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 აპრილის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე შედგა 28.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2024 წლის №16673 ბრძანება და №081-170 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.09.2024 წლის №19923 ბრძანებით, არარეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ნაწილში, მომჩივანს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მასალები და თუ დადასტურდება ინდ. მეწარმეების მიერ მომსახურების გაწევის ფაქტი, ინდ. მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 6.09.2024 წლის №19923 ბრძანება არ დაკმაყოფილებულ ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სალაროდან გაცემული თანხის სესხად განხილვის და მოგების გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ბუღალტრული დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ "-------"-ზე გაცემულია სალაროდან ჯამურად 245 000 ლარი. (02.08.2022 წელს გაცემულია 120 000 ლარი, 26.08.2022 წელს -70 000 ლარი, 30.09.2022 წლს-20 000 ლარი, 31.01.2023 წელს-25 000 ლარი, 30.12.2023 წლს-10 000 ლარი). აღნიშნულთან დაკავშირებით, წარმოდგენილია, 01.08.2022 წლის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ნასყიდობის საგანს წარმოადგენს მიწის ნაკვეთი (ს/კ "-------"). რადგან, საჯარო რეესტრის მონაცემებით, არ დასტურდება აღნიშნული მიწის ნაკვეთის მომჩივნის საკუთრებაში გადასვლა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ოპერაციას შეეცვალა შინაარსი და დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით, 2022 წლის აგვისტოში, სექტემბერში, 2023 წლის იანვარში და დეკემბერში გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 97-ე, 982 -ე, 43-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ სალაროდან ფ/პ "-------"-ზე გაცემული თანხის საწარმოს მიერ გაცემულ სესხად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ოპერაციისთვის შინაარსის შეცვლა და მისი დაკვალიფიცირება ფ/პ "-------"-ზე (ს/ნ "-------") სალაროდან გაცემულ სესხად საფუძველს მოკლებულია, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის შესაბამისად ხელშემკვრელი მხარეები ხელშეკვრის მომენტში თავისუფალნი არიან ხელშეკვრის პირობებში და მხარეთა მიერ შეთანხმების პირობები პრაქტიკულად არ დარღვეულა, კიდევ უფრო მეტიც, საგადასახადო შემოწმების აქტით მოცემული პერიოდის ბოლოსათვის (01. 03. 2024 წლისათვის), ხელშეკრულებით ზემოაღნიშნული მიწის საზოგადოებაზე გადმოცემის თაობაზე (2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით) ამოწურული არ იყო, შესაბამისად გადახდილი თანხების სესხად გადაკვალიფიცირება არამართლზომიერია. ამდენად, არამართლზომიერი და არაკანონზომიერია სესხად განხილვა, ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტის სსკ-ის 981 მუხლის მიხედვით მოგების გადასახადით დაბეგვრა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 17.09.2024 წლის №"-------" წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნის საქმიანობაა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში სამშენებლო, სარეაბილიტაციო ობიექტების პროექტების განხორციელება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი უწყისების შესწავლით დადგინდა, რომ შპს „--------“-ს (ს/ნ "-------") მიერ შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ "-------"-ზე (პ/ნ "-------") გაცემულია სალაროდან ჯამურად 245 000 ლარი. (02.08.2022 წელს გაცემულია 120 000 ლარი, 26.08.2022 წელს-70 000 ლარი, 30.09.2022 წელს-20 000 ლარი, 31.01.2023 წელს-25 000 ლარი, 30.12.2023 წელს-10 000 ლარი.) მომჩივანს წარდგენილი აქვს 01.08.2022 წლის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ნასყიდობის საგანს წარმოადგენს მიწის ნაკვეთი (ს/კ "-------"). ვინაიდან, საჯარო რეესტრის მონაცემებით, არ დასტურდება აღნიშნული მიწის ნაკვეთის გადამხდელის საკუთრებაში გადასვლა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ოპერაციას შეეცვალა შინაარსი და დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად. შემოწმების მიერ 2022 წლის აგვისტოში, სექტემბერში, 2023 წლის იანვარში და დეკემბერში გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი მოსმენისას განაცხადა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით აღნიშნული მიწის ნაკვეთის შპს „---------“-ს (ს/ნ "-------") საკუთრებაში გადასვლა არ მომხდარა.

მომჩივანი განმარტავს რომ შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად ოპერაციისთვის შინაარსის შეცვლა და მისი დაკვალიფიცირება ფ/პ "-------"-ზე (ს/ნ "-------") სალაროდან გაცემულ სესხად საფუძველს მოკლებულია, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის შესაბამისად ხელშემკვრელი მხარეები ხელშეკვრის მომენტში თავისუფალნი არიან ხელშეკვრის პირობებში და მხარეთა მიერ შეთანხმების პირობები პრაქტიკულად არ დარღვეულა, კიდევ უფრო მეტიც, საგადასახადო შემოწმების აქტით მოცემული პერიოდის ბოლოსათვის (01. 03. 2024 წლისათვის), ხელშეკრულებით ზემოაღნიშნული მიწის საზოგადოებაზე გადმოცემის თაობაზე (2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით) ამოწურული არ იყო, შესაბამისად მათ მიერ გადახდილი თანხების სესხად გადაკვალიფიცირება არამართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სალაროდან ფ/პ "-------"-ზე გაცემული თანხის საწარმოს მიერ გაცემულ სესხად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია.

შესაბამისად, არ არსებობს სადავო ბრძანების გაუქმების და ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა

მომჩივნის მიმართ გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2024 წლის №081-170 საგადასახადო მოთხოვნა, რის საფუძველზეც დამატებით გადასახდელად დაეკისრა 119 868 ლარი, დღგ - 6 336 ლარი, მოგების გადასახადი - 46 421 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 67 111 ლარი, ჯარიმა - 58 354 ლარის ოდენობით და საურავი - 35 044,34 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე, მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მიიჩნევს რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება ჯარიმის დაკისრებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი მიჩნევს,რომ გადახდილი თანხების სესხად გადაკვალიფიცირება არამართლზომიერია.ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტის სსკ-ის 981 მუხლის მიხედვით მოგების გადასახადით დაბეგვრა.

2.მომჩივანი არ ეთანხმება ჯარიმის დაკისრებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ბუღალტრული დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ-ზე გაცემულია სალაროდან ჯამურად 245 000 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, წარმოდგენილია, 01.08.2022 წლის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ნასყიდობის საგანს წარმოადგენს მიწის ნაკვეთი .რადგან, საჯარო რეესტრის მონაცემებით, არ დასტურდება აღნიშნული მიწის ნაკვეთის მომჩივნის საკუთრებაში გადასვლა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ოპერაციას შეეცვალა შინაარსი და დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად. გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.

2.მომჩივნის მიმართ გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2024 წლის №081-170 საგადასახადო მოთხოვნა, რის საფუძველზეც დამატებით გადასახდელად დაეკისრა გადასახადები.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ სალაროდან ფიზიკურ პირზე გაცემული თანხის საწარმოს მიერ გაცემულ სესხად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. შესაბამისად, არ არსებობს სადავო ბრძანების გაუქმების და ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),97,982,269(7).