გადაწყვეტილება №19534/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19534/2/2023
21 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 27.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19534/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 15.06.2022 წლის №15192 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2023 წლის №006-57 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8033 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 107 148,98 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 62 844
დღგ - 29 752
საშემოსავლო გადასახადი - 33 092
ჯარიმა - 30 970
საურავი - 13 334,98
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 9.02.2022 წლის აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.02.2022 წლის №006-22 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.03.2022 წლის №7172 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.03.2022 წლის და №7172 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 6.05.2022 წლის №16242/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 22.03.2022 წლის და №7172 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 15.06.2022 წლის №15192 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 6.05.2022 წლის №16242/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.06.2022 წლის №15192 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით შესწავლილ იქნა მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ:
- კომპანიას შეძენილი სამშენებლო მასალები გამოყენებული/გახარჯული ჰქონდა დამკვეთ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სამშენებლო ობიექტზე, რომელზეც წარადგინა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა და ორმხრივად დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიის მიერ შეძენილი მასალები, რომელზეც წარდგენილ იქნა შესაბამისი გახარჯვის/ჩამოწერის აქტები განხილულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულად და შესაბამისად შეუმცირდა შუალედური აქტით დარიცხული დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის თანხები;
- კომპანიას იმპორტით შეძენილი საქონელი გამოყენებული აქვს სამშენებლო ობიექტის მშენებლობისათვის, რომელზეც გააჩნია შესაბამისი ჩამოწერის/გახარჯვის დოკუმენტები, ხოლო ნაწილი საქონელი შემოწმების ბოლოსთვის ჰქონდა ნაშთად. ასევე, წარმოდგენილია შეძენილი საწვავის გახარჯვის ოქმები (სადაც ფიქსირდება პერიოდების მიხედვით, ავტომანქანის ნომრები და ოდომეტრის ჩვენებები, სადაც განხორციელდა საწვავის ხარჯვა). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიას შეუმცირდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დღგ-ში, მოგების გადასახადში და საშემოსავლო გადასახადში, ხოლო მიღებული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა ჩათვლას;
- კომპანიის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხებით შეძენილ იქნა სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალა და მომსახურებები, აღნიშნულზე წარმოდგენილია შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ხელშეკრულებები, ხოლო ანგარიშვალდებული პირის მიერ საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხებით ანაზღაურებულია შეძენილი მასალის და მომსახურების ღირებულება, რაზეც წარდგენილია ურთიერთშედარების აქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიას შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები მოგების გადასახადის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში;
- შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტები და ხელშეკრულებები, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ საბანკო ანგარიშიდან გადარიცხულ თანხებზე კომპანიას გააჩნია შესაბამისი ხელშეკრულებები, რომელსაც უწევენ როგორც იურიდიული პირები, ასევე ფიზიკური პირები. აღნიშნული პირები სარგებლობენ მცირე მეწარმის სტატუსით. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი მომსახურებას იღებს მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისგან, რომელთა ნაწილი ამავდროულად მცირე მეწარმის სტატუსის მიღებამდე წარმოადგენდნენ საწარმოს დაქირავებულ პირებსაც. გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ანალიზის და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებული კითხვარის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ რეალურად აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული ოპერაცია თავისი შინაარსით წარმოადგენდა არა მომსახურების გაწევას, არამედ დაქირავებით მუშაობას. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, კომპანიას შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების შესაბამისი მოგების გადასახადი და გაეზარდა მცირე მეწარმეებზე გადახდილი თანხები, რომლებიც შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა დაქირავებით მომუშავედ და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით;
- შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ კომპანიას დეკლარირებული აქვს შპს „----------“-გან მიღებული თანხები, ხოლო 2021 წლის დეკემბრის თვეში გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ავ----------) არ აქვს დაბეგრილი. შემოწმების მიერ დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები. კომპანიას შეუმცირდა დღგ-ის ბრუნვა და შესაბამისი ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 16.02.2023 წლის №006-57 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8033 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად დგინდება, რომ საბანკო ანგარიშიდან გადარიცხულ თანხებზე კომპანიას გააჩნია შესაბამისი ხელშეკრულებები, როგორც იურიდიული პირებთან, ასევე ფიზიკურ პირებთან. აღნიშნული პირები ასევე სარგებლობენ „მცირე მეწარმის“ სტატუსით. აგრეთვე ნაწილი აღნიშნული ფიზიკური პირებისა ამავდროულად მცირე მეწარმის სტატუსის მიღებამდე წარმოადგენდნენ საწარმოს დაქირავებულ პირებსაც. შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებული კითხვარის ანალიზის მიხედვით აღნიშნული პირების მიერ განხორციელებული ოპერაცია თავისი შინაარსით წარმოადგენდა დაქირავებით მუშაობას.
შესაბამისად, კომპანიას შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი და შესაბამისი მოგების გადასახადი, ხოლო გაეზარდა მცირე მეწარმეებზე გადახდილი თანხები, რომლებიც შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა დაქირავებით მომუშავედ და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შპს „----------“ სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული ჰყავს, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირები, რომლებთაც მინიჭებული ჰქონდათ „მცირე მეწარმის“ სტატუსი. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია (გაფორმებული ხელშეკრულებები) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რომლის მიხედვით შევსებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებული კითხვარი. აღნიშნულის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ 4 მცირე მეწარმისგან (---------- (პ/ნ ----------), ---------- (პ/ნ ----------), ---------- (პ/ნ ----------) და ---------- (პ/ნ ----------)) მიღებული მომსახურება წარმოადგენს დაქირავებით მუშაობას. აღნიშნულიდან გამომდინარე მოცემულ 4 პირზე განხორციელებული გადახდა დაბეგრილ იქნა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ კომპანიას 2021 წლის დეკემბრის თვეში გამოწერილი აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა----------) შპს „----------“-ზე, რომელიც არ აქვს დეკლარირებული შესაბამის პერიოდში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადაანგარიშების მონაცემებით გაიზარდა 2021 წლის დეკემბრის თვის დასაბეგრი ბრუნვა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
პირებზე, რომლებიც კომპანიას მომსახურებას უწევდნენ გაცემულია მცირე მეწარმის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. ზემოაღნიშნული პირები მომსახურებას სწევდნენ მხოლოდ იმ საქმიანობაში, რომელიც დაშვებულია მცირე მეწარმეებისთვის, აგრეთვე სამართლებრივი ურთიერთობის სახეს წარმოადგენდა მომსახურების ხელშეკრულება და არა შრომითი ხელშეკრულება. გადასახადის გადამხდელს არ შეუვსია კითხვარი, რომელსაც შემმოწმებელი უთითებს შემოწმების აქტში, შესაბამისად გაუგებარია ამ ინფორმაციის წარმომავლობა.
ანგარიშ-ფაქტურები სრულად და სწორად არის დაბეგრილი, მათ შორის, 2021 წლის დეკემბრის თვეში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის 19.04.2023 წლამდე მოქმედი რედაქციით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შემოსავლების სამსახურის 15.06.2022 წლის №15192 ბრძანებით, შეძენილი სამშენებლო/სარემონტო მასალების რეალიზებულად განხილვის და მიღებული შემოსავალის დირექტორის ხელფასად განხილვის, საწვავის ხარჯის არაეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად მიჩნევის, საბანკო ბარათებით სავაჭრო ობიექტებზე გადახდილი თანხის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევის, საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე პირველადი დოკუმენტების გარეშე გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯებად ჩათვლის, ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის გარეშე დამკვეთისგან მიღებული თანხის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართვის და შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობის საკითხებთან დაკავშირებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 6.05.2022 წლის №16242/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 15.06.2022 წლის №15192 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით შესწავლილ იქნა მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. კომპანიის მიერ შეძენილი მასალები, რომელზეც წარდგენილ იქნა შესაბამისი გახარჯვის/ჩამოწერის აქტები განხილულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულად. კომპანიას იმპორტით შეძენილი საქონელი გამოყენებული აქვს სამშენებლო ობიექტის მშენებლობისათვის, რომელზეც გააჩნია შესაბამისი ჩამოწერის/გახარჯვის დოკუმენტები, ხოლო ნაწილი საქონელი შემოწმების ბოლოსთვის ჰქონდა ნაშთად. ასევე, წარმოდგენილია შეძენილი საწვავის გახარჯვის ოქმები (სადაც ფიქსირდება პერიოდების მიხედვით, ავტომანქანის ნომრები და ოდომეტრის ჩვენებები, სადაც განხორციელდა საწვავის ხარჯვა). კომპანიის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხებით შეძენილ იქნა სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალა და მომსახურებები, აღნიშნულზე წარმოდგენილია შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ხელშეკრულებები, ხოლო ანგარიშვალდებული პირის მიერ საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხებით ანაზღაურებულია შეძენილი მასალის და მომსახურების ღირებულება, რაზეც წარდგენილია ურთიერთშედარების აქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიას შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.
აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ მცირე მეწარმის სტატუსის მოქნე ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ანალიზის და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებული კითხვარის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ რეალურად აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული ოპერაცია თავისი შინაარსით წარმოადგენდა არა მომსახურების გაწევას, არამედ დაქირავებით მუშაობას. კომპანიას დეკლარირებული აქვს შპს „----------“-საგან მიღებული თანხები, ხოლო 2021 წლის დეკემბრის თვეში გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ავ----------) არ აქვს დაბეგრილი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
მომჩივნის მიერ საჩივარში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
საჩივრის განხილვის დანიშვნის შესახებ მომჩივნის წარმომადგენელთან სატელეფონო კომუნიკაცია ვერ შედგა. გაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება კომპანიის, ადმინისტრაციული ორგანოს დასახელების, საჩივრის განხილვის თარიღის და დროის მითითებით. ასევე აღნიშნული იყო, რომ აუცილებელი იყო დეტალებისთვის დაკავშირება. მომჩივნის წარმომადგენლის მიერ გამოგზავნილია შეტყობინება, თუმცა დეტალებზე დაკავშირება არ მომხდარა და საჩივრის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის დასკვნით სადავო საკითხები შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 15.06.2022 წლის №15192 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აკტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელს სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული ჰყავს, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირები, რომლებთაც მინიჭებული ჰქონდათ „მცირე მეწარმის“ სტატუსი. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია (გაფორმებული ხელშეკრულებები) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რომლის მიხედვით შევსებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებული კითხვარი. აღნიშნულის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ 4 მცირე მეწარმისგან მიღებული მომსახურება წარმოადგენს დაქირავებით მუშაობას. აღნიშნულიდან გამომდინარე მოცემულ 4 პირზე განხორციელებული გადახდა დაბეგრილ იქნა საშემოსავლო გადასახადით.
კომპანიას 2021 წლის დეკემბრის თვეში გამოწერილი აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა რომელიც არ აქვს დეკლარირებული შესაბამის პერიოდში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადაანგარიშების მონაცემებით გაიზარდა 2021 წლის დეკემბრის თვის დასაბეგრი ბრუნვა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები. მომჩივნის მიერ საჩივარში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. საჩივრის განხილვის დანიშვნის შესახებ მომჩივნის წარმომადგენელთან სატელეფონო კომუნიკაცია ვერ შედგა. გაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება კომპანიის, ადმინისტრაციული ორგანოს დასახელების, საჩივრის განხილვის თარიღის და დროის მითითებით. ასევე აღნიშნული იყო, რომ აუცილებელი იყო დეტალებისთვის დაკავშირება. მომჩივნის წარმომადგენლის მიერ გამოგზავნილია შეტყობინება, თუმცა დეტალებზე დაკავშირება არ მომხდარა და საჩივრის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით სადავო საკითხები შესწავლილია შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აკტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“)