გადაწყვეტილება №25852/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25852/2/2025
10 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,29.01.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 12.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25852/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.09.2024 წლის №23481/2/2024 წლის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2025 წლის №006-266 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 237 203.9 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 118 502
დღგ - 67 214
საშემოსავლო გადასახადი - 51 288
ჯარიმა - 59 251
საურავი - 59 450.9
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 18.03.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდის, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 12 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
- კომპანია დაფუძნდა 2020 წლის 18 მარტს. 2020 წლის მაისის თვეში გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს იმპორტით 8 760 ცალი საწოლის თეთრეული , ხოლო საგადასახადო ანგარიშფაქტურის (ეა- №„------“) საფუძველზე 8 726 ცალი ფეხსაცმელი შპს „------“-დან. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №6127 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური
ფასეულობების ნაშთი შეადგენს ნულს. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის სფეროს მქონე კომპანიების აუდირებული ფასნამატი საწოლის თეთრეულზე (77%) და ფეხსაცმელზე (45%), რომელიც გავრცელდა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებაზე. შემოწმებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები რეალიზებულად განხილული იქნა 2020 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;
- დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და შემოწმების ხელთ არსებული სხვა დოკუმენტები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 6 მარტის №4181 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების ინვენტარიზაცია, თუმცა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება და მოძიება ვერ მოხერხდა. ჩაითვალა, რომ გადასახადის გადამხდელის სალაროში ფიქსირდება ნული ლარი, დებიტორული დავალიანება არ გააჩნია, ხოლო კრედიტორული დავალიანების მიზნებისთვის გათვალისწინებულ იქნა შეძენის ღირებულება სრულად ურთიერთშედარების აქტების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. შედეგად, ინვენტარიზაციით დადგენილ სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივნისის №13409 ბრძანება და №006-250 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.09.2023 წლის №24133 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 22.12.2023 წლის №21152/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა დაბრუნებული საჩივარი 1.04.2024 წლის №7105 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 20.09.2024 წლის №23481/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის არგუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა, აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2025 წლის №006-266 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადაანგარიშების დასკვნიდან გაუგებარია, თუ რა საფუძვლით არ გაითვალისწინა აუდიტის დეპარტამენტმა წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის გაანგარიშების ცხრილები, იმ პირობებში როდესაც საბჭოს მიერ გათვალისწინებული იქნა მტკიცებულებები და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს საკითხის ხელახლა შესწავლა.
გადაანგარიშების დასკვნიდან სრულიად გაუგებარია, თუ რა არგუმენტაცია ან მტკიცებულება არ იქნა გაზიარებული, რათა მოახდინოს შესაბამისი კვალიფიციური საჩივრის წარმოდგენა და დარღვეული უფლების აღდგენა. ამდენად, შემოიფარგლება იმავე არგუმენტაციით რაც დავების განხილვის საბჭოში ქონდა წარდგენილი.
არ ეთანხმება აუდიტორის შეფასებას, ვინაიდან სრულად არ იქნა გათვალისწინებული მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია. დაუსაბუთებელია სხვა ანალოგიური საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის ფასნამატის მათზე მისადაგება, ვინაიდან "-----"-ს ტერიტორიაზე, საშუალო საცალო რეალიზაცია შეადგენს ჯამურად 50%-ს, ხოლო საქონლის იმპორტიორის მიერ ან იმპორტიორისგან შეძენილი საქონლის ე.წ. გადამყიდველებზე მიწოდების შემთხვევაში, საშუალო ფასნამატი მერყეობს 20-დან 40%-მდე. როგორც აუდიტის დეპარტამენტის აქტშია აღნიშნული, გადასახადის გადამხდელის მიერ მოხდა ორი სახის საქონლის შეძენა - ფეხსაცმლის, ადგილობრივი იმპორტიორისგან, ხოლო თეთრეული, გადასახადის გადამხდელის მიერ ჩინეთიდან იქნა იმპორტირებული.
კომპანიის მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სხვადასხვა, მსგავსი, ანალოგიური საქმიანობის მქონე პირებისგან, რომლებიც ანალოგიურ პერიოდში, ანალოგიურ ადგილზე ახდენდნენ საქონლის რეალიზაციას, რომელთა მიერ მიწოდებული ინფორმაციით, საშუალო ფასნამატი შეადგენს 20-დან 40%- მდე.
თუ კი დავუშვებთ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, სხვა აუდირებული კომპანიის შედარებას და მის საფუძველზე გადასახადის გადამხდელზე ფასნამატის გავრცელებას, ასეთ შემთხვევაში, გამოყენებული ინფორმაცია უნდა წარმოადგენდეს კანონიერ ძალაში შესულ დარიცხვას/აქტს. მისთვის უცნობია თუ, რომელი ან რა სახის აუდირებული საქმიანობის მქონე კომპანიის ფასნამატი იქნა გამოყენებული და რის მიხედვით მოახდინა შემოწმებამ 77%-იანი მარჟის მიკუთვნება.
დავების განხილვის საბჭოში წარმოადგინა სხვა პირებისგან მიწოდებული ინფორმაციის, მათ შორის აუდირებული კომპანიების ფასნამატის შესაბამისად გაანგარიშებული ცხრილი, რომლის მიხედვითაც, თეთრეულის შემთხვევაში საშუალო ფასნამატი შეადგენს 47%-ს, ხოლო ფეხსაცმლის შემთხვევაში 32%-ს.ვინაიდან, კომპანიის მიერ არ ხდებოდა საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია, ყოველგვარ შესაძლებლობას მოკლებულია წარმოადგინოს დოკუმენტური ფასნამატის ამსახველი ინფორმაცია. ამდენად, დავების განხილვის საბჭოს თხოვს გამოიკვლიოს გამოიყენა თუ არა შემოწმებამ აუდირებული, კანონიერ ძალაში შესული საშუალო ფასნამატი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაევალოს შემმოწმებელ ორგანოს საკითხის ხელახლა შესწავლა და კომპანიის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების ცხრილის მიხედვით, დარიცხული თანხების კორექტირება.
ფასნამატის გაანგარიშების შედეგად, ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით მათი არგუმენტაცია/მოთხოვნა იგივეა, რაც პირველ სადავო საკითხში, თუ მოხდება დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება, შესაბამისად წარმოიშობა საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.
წარმოდგენილი მტკიცებულებების და არგუმენტაციის გათვალისწინებით, ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის/მტკიცებულების გათვალისწინებით, დამატებით დარიცხული საგადასახდო ვალდებულებების შემცირება.
როგორც აღნიშნა, ანალოგიური საქმიანობის მქონე კომპანიის მიმართაც შედგენილია საგადასახადო შემოწმების აქტი, სადაც ფასნამატთან მიმართებით წარდგენილი აქვს საჩივარი და ელოდება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას. ამდენად, ითხოვს საჩივრის განხილვის შეჩერებას, ვიდრე ზემოხსენებულ საკითხთან მიმართებით არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 20.09.2024 წლის №23481/2/2025 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის არგუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2025 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადაანგარიშების ფარგლებში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იქნა მომჩივნის არგუმენტები, არსებული მასალები და სხვა ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა შემოწმების აქტით დარიცხულ შედეგებზე, შესწავლის შედეგად, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრით გარდა იმისა, რომ არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, წარმოადგენს მანამდე წარმოდგენილის ანალოგიურ არგუმენტებს/პოზიციებს, რაც ცნობილია საბჭოსათვის, კერძოდ, წარმოადგენს სხვა პირებისგან მიწოდებული ინფორმაციის, მათ შორის აუდირებული კომპანიების ფასნამატის შესაბამისად გაანგარიშებულ ცხრილს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ცხრილის მიხედვით, თეთრეულის შემთხვევაში საშუალო ფასნამატი შეადგენს 47%-ს, ხოლო ფეხსაცმლის შემთხვევაში 32%-ს. ვინაიდან, კომპანიის მიერ არ ხდებოდა საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია, მოკლებულია შესაძლებლობას წარმოადგინოს დოკუმენტური ფასნამატის ამსახველი ინფორმაცია. ითხოვს, გამოიკვლიოს გამოიყენა თუ არა შემოწმებამ აუდირებული, კანონიერ ძალაში შესული საშუალო ფასნამატი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაევალოს საკითხის ხელახლა შესწავლა და დარიცხული თანხების კორექტირება კომპანიის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების ცხრილის მიხედვით. ამასთან, თუ მოხდება დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება, შესაბამისად წარმოიშობა საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების შემცირების საფუძველიც. წარმოდგენილი მტკიცებულებების და არგუმენტაციის გათვალისწინებით, ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის/მტკიცებულების გათვალისწინებით, დამატებით დარიცხული საგადასახდო ვალდებულებების შემცირება.
საბჭოს 14.11.2025 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები/პოზიციები, ამასთან აღნიშნა, რომ წარადგინა ფასნამატის გაანგარიშება რომელიც დოკუმენტებზეა დაფუძნებული, მაგრამ რატომ არ მოხდა შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება მისთვის გაუგებარია, თუ წარდგენილი არ იყო საკმარისი დოკუმენტაცია, ხომ უნდა მოეთხოვა. თუ, მისი წარდგენილი გაანგარიშება არასწორია, არის მეორე კომპანია, რომელზეც მიუთითებდა, კერძოდ შპს „------“, რომლის წარმომადგენელიც თავად არის, რომელსაც ანალოგიურად აქვს როგორც ადგილობრივ შეძენები, ისე იმპორტირებული პროდუქცია, მისი მონაცემებით, ფასნამატები იმპორტირებულზე 47%, ხოლო ადგილობრივზე 32%-ა. ამ პროცენტების ფარგლებში წარმოადგინა გაანგარიშება ცხრილის სახით საჩივარზე დანართის სახით, ასევე აუდიტის დეპარტამენტშიც, თავდაპირველად შემმოწმებელმა გამოიყენა 55%-იანი ფასნამატი, მაგრამ შემდეგ სხვა კომპანიის მოძიება მოხდა. ანალოგიური საქმიანობის მქონე კომპანია შპს „------“-ზე მიმდინარე დავაა, საბჭომ ხელახლა განსახილველად დააბრუნა შემოსავლების სამსახურში და იქ გამოყენებული ფასნამატი 77%-ია, აღნიშნულ კომპანიაზე ფასნამატთან მიმართებით აქვს წარდგენილი საჩივარი და ელოდება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას. ამდენად, ითხოვს საჩივრის განხილვის შეჩერებას, ვიდრე ზემოხსენებულ საკითხთან მიმართებით არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული და ერთად მოხდეს ორივე საჩივრის განხილვა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტებზე აღნიშნა, რომ შემოწმების მიერ გამოყენებული იქნა თეთრეულზე 77%-იანი და ფეხსაცმელზე 45%-იანი ფასნამატი, თეთრეულზე არა მხოლოდ შპს „------“-ის, არამედ რამდენიმე კომპანიის ფასნამატი იქნა მოძიებული და რომელიც შეესაბამებოდა კატეგორიების, ტერიტორიის მიხედვით ის გამოიყენეს, ანუ 77%-იანი ფასნამატი გამოიყენეს, ხოლო ფეხსაცმელზე ანალოგიური რომ მოიძიეს უფრო მაღალი ფასნამატი იყო. ფეხსაცმელზე მინიმალური ანუ, 45%-იანი ფასნამატი იქნა გამოყენებული და 32% რომელ კომპანიიდან და რატომ აქვს აღებული მომჩივანს გაუგებარია, გადაანგარიშების ეტაპზე კვლავ შეადარეს სხვა კომპანიის ფასნამატებს, მაგრამ აუდიტორის პოზიცია დარჩა უცვლელი. შპს „------“-ს და გადასახადის გადამხდელს ზუსტად ერთი და იგივე თეთრეული უფიქსირდებათ.
2025 წლის 14 ნოემბრის საბჭოს სხდომაზე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის და სადავო საკითხზე მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია განხილვის შეჩერება შპს „------“-ის საჩივარზე შემოსავლების სამსახურში დავის დასრულებამდე.
2025 წლის 12 დეკემბრის საბჭოს სხდომაზე, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელის არგუმენტის გათვალისწინებით, რომ საჩივარს შპს „------“-თან დაკავშირებით წარმოადგენს თვის ბოლოს და ითხოვს ორივე საჩივრის ერთად განხილვას, საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია განხილვის შეჩერება.
საბჭოს 2025 წლის 29 იანვრის სხდომაზე გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები, ამასთან აღნიშნა, რომ ანალოგიური საქმიანობის მქონე კომპანია შპს „------“-ზე საჩივრის განხილვა დასრულებულია შემოსავლების სამსახურში და საბჭოში წარმოდგენილი აქვს საჩივარი, კვლავაც აღნიშნა, რომ სადავო შემთხვევაში, გამოყენებულია შპს „------“-ის 77%-იანი ფასნამატი, წარმოადგინა პოზიციები სადავო დარიცხვასთან მიმართებით, მაგრამ არ წარმოუდგენია ისეთი არგუმენტები ან/და პოზიცია რაც შეცვლიდა დადგენილ გარემოებებს და შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ თეთრეულზე გამოყენებული იქნა შპს „------“-ის დეკლარირებული ფასნამატი 77%, რადგანაც ორივეს ერთნაირი კატეგორიის საქონელი აღმოაჩნდათ. რაც შეეხება ფეხსაცმელს არ აღმოაჩნდათ იდენტური, ერთნაირი კატეგორიის საქონელი და ამდენად, გამოყენებული იქნა აუდირებული სხვა კომპანიის ფასნამატი 45%-ის ოდენობით.
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აღსრულება განხორციელებულია საბჭოს 20.09.2024 წლის №23481/2/2025 გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანისთვის გადაანგარიშების დასკვნიდან გაუგებარია, თუ რა საფუძვლით არ გაითვალისწინა აუდიტის დეპარტამენტმა წარდგენილი მტკიცებულებები.
გადამხდელი ითხოვს საჩივრის განხილვის შეჩერებას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანია დაფუძნდა 2020 წლის 18 მარტს. 2020 წლის მაისის თვეში.შემოწმებით,სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები რეალიზებულად განხილული იქნა 2020 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
დაინიშნა გადამხდელის ფულადი სახსრების ინვენტარიზაცია,თუმცა გადამხდელთან დაკავშირება და მოძიება ვერ მოხერხდა. ჩაითვალა, რომ გადამხდელის სალაროში ფიქსირდება ნული ლარი, დებიტორული დავალიანება არ გააჩნია, ხოლო კრედიტორული დავალიანების მიზნებისთვის გათვალისწინებულ იქნა შეძენის ღირებულება სრულად ურთიერთშედარების აქტების საფუძველზე.განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. შედეგად, ინვენტარიზაციით დადგენილ სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აღსრულება განხორციელებულია საბჭოს 20.09.2024 წლის №23481/2/2025 გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154.