გადაწყვეტილება №102397/1/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.08.2026
№ დოკუმენტი 102397/1/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№102397/1/2026

05 აგვისტო 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,18.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 18.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №102397/1/2026).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.06.2025 წლის №25184/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტი 6.04.2026 წლის №021-32 საგადასახდო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 1 071 787,9 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 528 365

ჯარიმა - 264 182

საურავი - 279 240,9

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდებში მოგების გადასახადის დაბეგვრის სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანია რეგისტრირებულია 11.04.2018 წლიდან, არ წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს. კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია უცხო ქვეყნის მოქალაქე "--------" (პ/ნ "--------"). 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე, 28.12.2023 წელს შედგა საგადასახდო შემოწმების შუალედური აქტი, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა №021-129 საგადასახადო მოთხოვნა.

შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო ჩანაწერების, კომპანიის კუთვნილი ანგარიშებიდან (ანგარიშები რეგისტრირებულია უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებში) საბანკო ამონაწერების, საბაჟო დეკლარაციების და შემოწმებასთან დაკავშირებული სხვა სააღრიცხვო დოკუმენტების, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ავანსის სახით გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა არარეზიდენტი პირებისთვის, აგრეთვე, უფიქსირდება საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნები (დებიტორული დავალიანება) არარეზიდენტი პირების მიმართ (აღნიშნული ოპერაციები აღრიცხულია კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებში 1480 და 1410 ანგარიშებზე). გარკვეულ პირებთან წარმოქმნილი მოთხოვნები საწყის პერიოდთან შედარებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მზარდია, გარკვეულ შემთხვევებში მოთხოვნების ნაშთი პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსთვის უძრავია.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 96-ე მუხლის, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხები და წარმოქმნილი მოთხოვნები გონივრული ვადის გათვალისწინებით განხილულ იქნა არარეზიდენტზე სესხის გაცემად, შესაბამისად განისაზღვრა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები, რამაც გამოიწვია დარიცხვა მოგების გადასახადში. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №021-98 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 25.04.2025 წლის №7697 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.06.2025 წლის №25184/2/2025 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:

იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ გარკვეულ პირებთან წარმოქმნილი მოთხოვნები საწყის პერიოდთან შედარებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს იზრდება, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში მოთხოვნების ნაშთი პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსთვის უძრავია, კომპანიის მიერ არარეზიდენტი პირებისთვის ავანსის სახით გადარიცხული თანხები და საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი დებიტორული დავალიანებები საგადასახადო ორგანოს მიერ მართლზომიერად ჩაითვალა გაცემულ სესხად. ამასთან, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, საბჭო მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ არარეზიდენტ პირებზე სესხად გაცემულად განხილული თანხების ოდენობის განსაზღვრისას დამატებით გათვალისწინებული უნდა იქნას ავანსის შემთხვევაში, შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ მოწოდებული საქონელი ან/და უკან დაბრუნებული თანხები, ხოლო საქონელის მიწოდებით წარმოშობილი დებიტორული დავალიანების შემთხვევაში, შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ საქონელის დაბრუნების ან/და თანხების მომჩივნისთვის ანაზღაურების ფაქტები. აღნიშნულთან დაკავშირებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საჭიროების შემთხვევაში მომჩივნისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ მომჩივნისთვის მოწოდებული საქონელის/უკან დაბრუნებული თანხების ან/და საქონელის დაბრუნების/თანხების ანაზღაურების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხი შეისწავლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 12.06.2025 წლის №25184/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარდგენილ იქნა შემოწმების შემდგომი პერიოდის დებიტორების ნაწილზე შედარების აქტები და დებიტორების გაკოტრების შესახებ ფაილები, რის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელი ითხოვდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირებას. შესწავლის შედეგად აღნიშნული დოკუმენტის შინაარსი და ნამდვილობა არ დადასტურდა. აგრეთვე წარმოდგენილია საბუღალტრო ჩანაწერები და საბანკო ამონაწერები კომპანიის კუთვნილი ანგარიშებიდან, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ შპს „--------“-ის მიერ არსებული მოთხოვნების (1410) ნაწილი, რომელიც შემოწმების პროცესში დაიბეგრა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად ინაშთება შემოსავლების სამსახურის №13663 ბრძანებით განსაზღვრული შემოწმებული პერიოდის შემდგომ პერიოდში დებიტორების მხრიდან ბანკში თანხის ჩარიცხვით. საგადასახდო შემოწმების აქტით მოგების გადასახადით დაბეგრილი მოთხოვნებიდან, 3 584 575 ლარიდან შემცირდა 590 508 ლარის მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახდო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახდო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახდო ვალდებულებები მოგების გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.04.2026 წლის №021-32 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია იძლეოდა საკმარის საფუძველს დარიცხული თანხების მეტი ოდენობით შემცირებისათვის, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. კერძოდ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამასთან, ამ ნორმის საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებასთან დაკავშირებით მხედველობაში მისაღებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №ბს854-846(3კ-16) საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მართალია მოცემული ნორმით საგადასახადო ორგანო აღჭურვილია სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით მისი კვალიფიკაციის შეცვლის უფლებამოსილებით, რაც იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამასთან, სამეურნეო ოპერაციის განხორციელების ფორმიდან გამომდინარე შინაარსს ადგენს არა საგადასახადო ორგანო, არამედ მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, თუ ოპერაციის საფუძველი კერძო სამართლებრივი ხელშეკრულებაა, მისი რეგულაცია ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით და სხვა მსგავსი ნორმატიული აქტებით. სწორედ ეს ნორმატიული აქტები უნდა გამოიყენონ საგადასახადო ორგანოებმა მხარეთა ნებისა და ხელშეკრულების ფორმის შესაბამისობის დასადგენად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე დაყრდნობით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი გამოიყენება არამართლზომიერი გარიგებების შემთხვევაში, როდესაც სამეურნეო ოპერაციის ფორმა და შინაარსი ერთმანეთს არ ემთხვევა.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანიის მიერ საქონლის შესაძენად ავანსის სახით გადარიცხული თანხები დაკვალიფიცირდა სესხის სახით გაცემულ თანხებად.

მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობის, კერძოდ კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

ამის საპირისპიროდ ამავე საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ტროპიკული ხილით და ბოსტნეულით საბითუმო ვაჭრობა. საქონლის შეძენას კომპანია ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებში (მათ შორის, კოლუმბია, ეკვადორი, ბრაზილია, ჩინეთი, ეგვიპტე, თურქეთი და სხვა), ხოლო აღნიშნული პროდუქცია მიწოდებულია ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ არარეზიდენტი პირებისათვის, ძირითადად, უკრაინაში. შემოწმების ეტაპზე კომპანიის მიერ წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, საბანკო ამონაწერები, ინვოისები, საბაჟო დეკლარაციები.

საგადასახადო ორგანოს მხრიდან არ არის დასაბუთებული სამეურნეო ოპერაციის ცვლილების ფაქტობრივი თუ სამართლებრივი ასპექტები. კომპანია, რომელიც ახორციელებს ტროპიკული ხილით საბითუმო ვაჭრობას, მის მომწოდებლებს წარმოადგენენ არაერთი შორეული ქვეყნის კომპანიები და აღნიშნული საქონლით ვაჭრობაც მოითხოვს განსაკუთრებული სპეციფიკით მუშაობას. კომპანიის მიერ მომწოდებლისათვის წინასწარ ხდება თანხების გადახდა, რათა სეზონისათვის მოხდეს პროდუქციის შენახვა და მოწოდება. თავის მხრივ, ვაჭრობა მყიდველებსა და მომწოდებლების შემთხვევაშიც ამავე პრინციპით ხორციელდება, წინასწარ ირიცხება ავანსები. განსხვავებულია საქონლის ტრანსპორტირებაც, რაც მოითხოვს შესაბამისი სტანდარტების დაცვას, რომ თავიდან იქნას არიდებული ტრანსპორტირების დროს საქონლის გაფუჭების შემთხვევები. ამ პირებს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტი სულ მცირე გამყარებული უნდა იყოს იმ გარემოებით, რომ ამ მხარეებს შორის იკვეთება ურთიერთდამოკიდებულების ფაქტი, რაც გავლენას ახდენს ამ კომპანიების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. სხვა შემთხვევაში არ არსებობს ლოგიკა, რომ კომპანიამ, რომელიც ორიენტირებულია მიიღოს შემოსავალი და მოგება საქმიანობის განხორციელებით, წინასწარ გადაურიცხოს თანხები სესხის მიზნობრიობით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შემოსავალი კომპანიას დოკუმენტურად არ უდგინდება და კომპანიებთან ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას. გარდა ამისა, მხედველობაში მისაღებია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული კომპანიების საქმიანობის სახე რელევანტურია მომჩივანის საქმიანობასთან - ტროპიკული ხილით ვაჭრობა. ხოლო რაც შეეხება წინასწარ გადარიცხული თანხების „დაყოვნების“ გონივრულობას აღნიშნული დოკუმენტურად დასტურდება შესამოწმებელი პერიოდის ჭრილშიც, როდესაც განაშთვა საქონლის შესყიდვით ხორციელდება მომდევნო წლებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე. შემოწმების მიერ არამართლზომიერია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენება, რის გამოც შემოწმებით დარიცხული თანხები უნდა გაუქმდეს.

თანხების დიდი ნაწილი 2023 წლის განმავლობაში მცირდება, ისევე როგორც ხდება ახალი ავანსების გადარიცხვა. ეს არის კომპანიის სტანდარტული საოპერაციო პროცესი და სხვაგვარად ეს ბიზნესი არ ფუნქციონირებს.

წარდგენილი იყო ცხრილი, რომელშიც ასახული იყო ის კომპანიები, რომლებსაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა ნაშთები, თუმცა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ ხდებოდა ნაშთად რიცხული თანხების შემცირება.

გარდა ამისა, წარდგენილი იყო 2 კომპანიის („--------“ LLC და „--------“) ლიკვიდაციის აქტები, რომელთა ნაშთი ჯამურად ერთ მილიონ ლარამდეა, თუმცა აუდიტის დასკვნის მიხედვით მათი გათვალისწინება არ მოხდა იმ საფუძვლით, რომ მათი ნამდვილობა არ დადასტურდა, რასაც რაც მიუღებელია, რადგან დოკუმენტები იყო გაცემული შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ, დამოწმებული აპოსტილით და ამავდროულად ნოტარიული წესით ნათარგმნი ქართულ ენაზე.

რაც შეეხება საქონლის განაშთვას, ამ ნაწილში კომპანია არ წარმოადგენს საქონლის იმპორტიორს, აქედან გამომდინარე, კომპანიის მიერ მოხდა მხოლოდ შეძენის და რეალიზაციის ინვოისების წარდგენა აუდიტის დეპარტამენტისთვის. კომპანიის მხრიდან იყო მცდელობა მყიდველებისგან გამოეთხოვა მათ სახელზე შედგენილი საბაჟო დეკლარაციები, თუმცა მხოლოდ რამდენიმე დეკლარაციის გაზიარება მოხდა მათი მხრიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იყო სათანადოდ გამოკვლეული წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 31 მარტის დასკვნა და მის საფუძველზე გამოცემული 2026 წლის 6 აპრილის №021-32 საგადასახადო მოთხოვნა. ამასთან, ამ აქტების საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები უნდა შემცირდეს სრულად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ავანსის სახით გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა არარეზიდენტი პირებისთვის, აგრეთვე, უფიქსირდება საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნები (დებიტორული დავალიანება) არარეზიდენტი პირების მიმართ (აღნიშნული ოპერაციები აღრიცხულია კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებში 1480 და 1410 ანგარიშებზე). გარკვეულ პირებთან წარმოქმნილი მოთხოვნები საწყის პერიოდთან შედარებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მზარდია, გარკვეულ შემთხვევებში მოთხოვნების ნაშთი პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსთვის უძრავია.

კომპანიის მიერ უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხები და წარმოქმნილი მოთხოვნები გონივრული ვადის გათვალისწინებით, შემოწმებით განხილულ იქნა არარეზიდენტზე სესხის გაცემად, შესაბამისად განსაზღვრულ იქნა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.06.2025 წლის №25184/2/2025 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ არარეზიდენტ პირებზე სესხად გაცემულად განხილული თანხების ოდენობის განსაზღვრისას დამატებით გათვალისწინებული უნდა იქნას ავანსის შემთხვევაში, შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ მოწოდებული საქონელი ან/და უკან დაბრუნებული თანხები, ხოლო საქონელის მიწოდებით წარმოშობილი დებიტორული დავალიანების შემთხვევაში, შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ საქონელის დაბრუნების ან/და თანხების მომჩივნისთვის ანაზღაურების ფაქტები. აღნიშნულთან დაკავშირებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საჭიროების შემთხვევაში მომჩივნისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ მომჩივნისთვის მოწოდებული საქონელის/უკან დაბრუნებული თანხების ან/და საქონელის დაბრუნების/თანხების ანაზღაურების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარდგენილ იქნა შემოწმების შემდგომი პერიოდის დებიტორების ნაწილზე შედარების აქტები და დებიტორების გაკოტრების შესახებ ფაილები, რის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელი ითხოვდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირებას. შესწავლის შედეგად აღნიშნული დოკუმენტის შინაარსი და ნამდვილობა არ დადასტურდა. აგრეთვე წარმოდგენილია საბუღალტრო ჩანაწერები და საბანკო ამონაწერები კომპანიის კუთვნილი ანგარიშებიდან, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ მომჩივანის მიერ არსებული მოთხოვნების (1410) ნაწილი, რომელიც შემოწმების პროცესში დაიბეგრა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად ინაშთება შემოსავლების სამსახურის №13663 ბრძანებით განსაზღვრული შემოწმებული პერიოდის შემდგომ პერიოდში დებიტორების მხრიდან ბანკში თანხის ჩარიცხვით. საგადასახდო შემოწმების აქტით მოგების გადასახადით დაბეგრილი მოთხოვნებიდან, 3 584 575 ლარიდან შემცირდა 590 508 ლარის მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახდო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახდო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახდო ვალდებულებები მოგების გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

მომჩივანი აღნიშნავს, რომ:

- კომპანიების ნაწილთან ავანსის თანხა იხურება და მიუთითებს შემდეგ კომპანიებზე: 1.„--------“ L.T.D., 2. „--------“ SAC, 3. „--------“, 4. „--------“, 5. „--------“და 6. „--------“;

- კომპანიების ნაწილთან ავანსის თანხები ინაშთება და მიუთითებს შემდეგ კომპანიებზე:

1.„--------“, 2.„--------“, 3. „--------“, 4 „--------“, 5. „--------“ და 6. „--------“ Ltd.;

-1.„--------“ LLC და 2. „--------“ ლიკვიდირებულია; - „--------“ LLP დებიტორ-კრედიტორია და განხორციელდა ურთიერთგადახურვა;

- „--------“ LTD STI-სთან მიმდინარეობს მოლაპარაკება დავა გადაწყდეს ურთიერთშეთანხმების გზით.

საბჭო მიუთითებს მომჩივნის განმარტებაზე, „--------“ LLC-ის და 2. „--------“-ის ლიკვიდაციისას კრედიტორად დაფიქსირებისთვის პროცესში მონაწილეობა ვერ შეძლეს კომუნიკაციის არ ქონის და პროცესებში გასაწევი ხარჯების გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის კრედიტორთა რეესტრში ყოფნა დადასტურებული არ არის. „--------“ .LTD STI-სთან მიმართებით არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები. ხოლო, კომპანიების ნაწილისგან (1.„--------“ 2. „--------“, 3. „--------“, 4. „--------“, 5„--------“ და 6. „--------“ Ltd.) ავანსის თანხების განაშთვასთან დაკავშირებით წარდგენილი არ არის ინვოისები და საბაჟო დეკლარაციები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მითითებული საკითხების ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 12.06.2025 წლის №25184/2/2025 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

ხოლო,„--------“ LLP-სთან დებიტორული-კრედიტორული დავალიანებების ურთიერთგადახურვის და კომპანიების ნაწილთან ავანსის თანხების დახურვის (1. „--------“ L.T.D., 2. „--------“, 3. „--------“, 4. „--------“, 5. „--------“და 6. „--------“) საკითხებთან დაკავშირებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საკითხები დამატებით უნდა იქნას შესწავლილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.06.2025 წლის №25184/2/2025 გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტი 6.04.2026 წლის №021-32 საგადასახდო მოთხოვნა;

3.აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხი შეისწავლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იყო სათანადოდ გამოკვლეული წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა და მის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა. ამასთან, ამ აქტების საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები უნდა შემცირდეს სრულად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანია რეგისტრირებულია 11.04.2018 წლიდან, არ წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს. კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია უცხო ქვეყნის მოქალაქე.დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ავანსის სახით გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა არარეზიდენტი პირებისთვის, აგრეთვე, უფიქსირდება საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნები არარეზიდენტი პირების მიმართ.გარკვეულ პირებთან წარმოქმნილი მოთხოვნები საწყის პერიოდთან შედარებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მზარდია, გარკვეულ შემთხვევებში მოთხოვნების ნაშთი პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსთვის უძრავია.

სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 96-ე მუხლის, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხები და წარმოქმნილი მოთხოვნები გონივრული ვადის გათვალისწინებით განხილულ იქნა არარეზიდენტზე სესხის გაცემად, შესაბამისად განისაზღვრა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები, რამაც გამოიწვია დარიცხვა მოგების გადასახადში. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საკითხები დამატებით უნდა იქნას შესწავლილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.06.2025 წლის №25184/2/2025 გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),982,304(21).