ბრძანება N 2934
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2934
17.02.2023
ი/მ ------------------- (ს/ნ ----------------)
(მის.: --------------------------------------)
2023 წლის 20 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ --------------------- (ს/ნ ---------------) №18696/2/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №CB1427583 და №CB1427595 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების დანაკლისს და მასზე გავრცელებული ფასნამატის ოდენობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ფულადი ჯარიმების მოხსნას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 2 აგვისტოს № 20670 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ი/მ --------------------- (ს/ნ ---------------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ინვენტარიზაციის დაწყებისას ი/მ ----------------(ს/ნ ---------------) დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული ჩამოწერილი აქვს გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის ემთხვევაში) ასახული აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე. მანვე განმარტა, რომ საქონლის რეალიზაციას ახორციელებს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. ასევე, არ იყენებს სასაქონლომატერიალური ფასეულობების მოძრაობის ამსახველ ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამას.
საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების აღწერა. ი/მ --------------------- (ს/ნ ---------------) კუთვნილ ობიექტში 2022 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით სულ აღმოჩნდა 80375.5 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო –მატერიალური ფასეულობები.
ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 51710.4 ლარი.
საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2022 წლის 01 იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე.
გადასახადის გადამხდელის 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით,საანგარიშო პერიოდის სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების საწყისმა ნაშთმა შეადგინა 0 ლარი.
ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ზედნადებებით მიღებული სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 414067.9 ლარი.
ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, 2022 წლის პირველი იანვრიდან, 2022 წლის 2 აგვისტოს განმავლობაში რეალიზებული სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებად (დღგ–ს გარეშე) აღებულ იქნა საკონტროლო–სალარო აპარატის მონაცემები (კორექტირებული დღგ–ს კოეფიციენტით), რომელმაც შეადგინა 0 ლარი.
საშუალო ფასნამატად აღებულ იქნა 57%.
ზემოთაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობების ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 414067.9 ლარი.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 362357.5 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით კი 568901.25 ლარი. ასევე გამოვლინდა 3157.5 ლარის საბაზრო ღირებულების აღურისხავი სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობები.
ი/მ -------------------- (ს/ნ ---------------------) 2022 წლის 2 ოქტომბერს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოთ აღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტით. გადამხდელი არ დაეთანხმა პროექტს და 2022 წლის 5 ოქტომბერს წარმოადგინა წერილობითი პოზიცია. აღნიშნული წერილით გადამხდელმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება ოქმის პროექტს, რადგან საქონელს ძირითადად ყიდის სოფლის მაცხოვრებლებზე კონსიგნაციით, რომლებიც ღირებულების ანაზღაურებას ახდენენ შემოდგომით, მოსავლის აღების შემდგომ. სამართალდამრღვევი ითხოვდა აღნიშნული გარემოების გათვალისწინებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, ოქმის პროექტით დასარიცხი თანხების კორექტირებას.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭომ (2022 წლის 29 ნოემბრის სხდომის ოქმი №26) იმსჯელა გადამხდელის წარმოდგენილი პრეტენზიების ირგვლივ. გადამხდელის პოზიცია არ დაკმაყოფილდა.
ამრიგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად ი/მ -------------------- (ს/ნ ---------------------)ბიუჯეტის სასარგებლოდ სულ დაერიცხა საჯარიმო სანქცია 58468.88 ლარის ოდენობით.
ი/მ -------------------- (ს/ნ ---------------------) მიმართ 2022 წლის 21 დეკემბერს შედგა №CB1427583 და №CB1427595 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებიც გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა იმავე დღეს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
ამავე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად:
1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.
სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით საქმეზე არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, (მათ შორის ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ -------------------- (ს/ნ ---------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები (მათ შორის ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირება (შემცირება);
3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.