ბრძანება N 19630

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.08.2024
№ დოკუმენტი 19630
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 19630

30 აგვისტო 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 19 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №93) განიხილა ი/მ ---------- (პ/ნ----------) №138714/21 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 16 აგვისტოს ID:--------------გადაწყვეტილებას.

 

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2019 წელს განახორციელა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ოპერაცია, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით სერია ----------, რომელთან დაკავშირებით 2020 წლის 31 მარტამდე წარდგენილი იქნა შესაბამისი 2019 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაცია დაზუსტდა 2022 წლის 1 მაისს. შესაბამისად, დავალიანება წარმოშობილი არის 2019 წელს და ექვემდებარება ჩამოწერას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მომჩივანი არ ეთანხმება სადავო გადაწყვეტილებას და ითხოვს დავალიანების ჩამოწერას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ მომსახურების დეპარტამენტში წარმოდგენილი 29.07.2024 წლის ID---------- განცხადებით ი/მ ----------- (ს/ნ---------- ითხოვდა დავალიანების ჩამოწერას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით გადამხდელს გპაბ-ზე 01.01.2021 წლისათვის ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: საშემოსავლო გადასახადში 52395.96 ლარი, ქონების გადასახადში 68 ლარი და საურავი 1057 ლარი. 13.03.2021 წელს პირის მიერ წარმოდგენილ იქნა 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, რომლის საფუძველზე შემცირებულ იქნა 2020 წლის დარიცხული მიმდინარე გადასახდელები 8733 ლარით, რომელიც გათვალისწინებულ იქნა ჩამოსაწერი დავალიანების დაანგარიშებისას. 01.01.2021 წლიდან 08.08.2024 წლამდე ი/მ ----------- (ს/ნ ------------) მიერ ბიუჯეტში გადახდილია 47964.5 ლარი.

ჩამოწერას არ დაექვემდებარა 01.05.2022 წელს წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის 2019 წლის წლიური შესწორებული დეკლარაციის საფუძველზე 30.11.2020 წლის ვადით (გადამხდელმა ისარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 114-ე ნაწილით განსაზღვრული გადასახადის გადახდისთვის გათვალისწინებული ვადის გაგრძელებით) დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 151334.55 ლარის ოდენობით. ასევე, 29.01.2021 წლის ვადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა 400 ლარი.

01.01.2021 წლის შემდეგ განხორციელებული ოპერაციების გაუთვალისწინებლად, გადამხდელის გპაბ-ზე 31.03.2021 წლის ვადით შემცირებული საშემოსავლო გადასახადით (8733 ლარი) და 20.04.2021 წელს და 23.04.2021 წელს გადახდილი 47959.91 ლარით და 4 ლარით სრულად დაიფარა 01.01.2021 წლამდე წარმოშობილი დავალიანება გადასახადის სახით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე ჩამოწერას დაექვემდებარა მხოლოდ საურავი 3832.68 ლარის ოდენობით.

აღნიშნულის თაობაზე გადამხდელს ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 16 აგვისტოს ID:---------- გადაწყვეტილებით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პირს ერიცხება საგადასახადო ვალდებულება რამდენიმე გადასახადში და გადაიხადა თანხა, რომელიც საკმარისი არ არის გადასახადების მიხედვით არსებული დავალიანების დასაფარავად, თანხის განაწილება მოხდება ცალკეული გადასახადის ვალდებულების წარმოშობის ვადის მიხედვით. შესაბამისად, გადახდილი თანხით პირველად დაიფარება უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულება. ანალოგიური თანმიმდევრობით მოხდება სანქციაში არსებული ვალდებულების დაფარვა. გადასახადის, ჯარიმისა და საურავის მიხედვით ბარათზე არსებული ვალდებულების დაფარვით განისაზღვრება ცალკეული გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხები.

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დროებითი აღრიცხვის ბარათზე დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება/სანქცია გადასახადის გადამხდელის ძირითად ბარათზე აისახება მას შემდეგ, რაც გახდება აღიარებული საგადასახადო ვალდებულება, შესაბამისად ამ გარემოების დადგომის შემდეგ პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე საგადასახადო ვალდებულების თანხები აისახება შესაბამისი სავადოებით, ამავე თანხით მცირდება დროებით ბარათზე აღრიცხული საგადასახადო ვალდებულება.

ამავე ბრძანების 91 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები (გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა), რომლებიც აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას, არ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება ჩამოწერას.

ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ” ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზნით ჩამოწერამდე პირის მიერ გადახდილი/შემცირებული თანხები უნდა მიემართოს ვალდებულ პირზე აღნიშნული პერიოდისთვის რიცხული საერთო დავალიანების დასაფარავად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დადგენილი თანმიმდევრობით:

ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);

ბ) ჯარიმა;

გ) საურავი.

ხოლო მე-15 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ ასახულია ოპერაციები, რომლებიც ცვლის საგადასახადო დავალიანების თანხას, ჩამოსაწერი დავალიანების დათვლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესით განსაზღვრული შემდეგი პრინციპი: თუ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული ოპერაცია (გადახდა, დეკლარაციით ბარათზე ასახული ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი თანხა (შემცირება), დასკვნა/ბრძანება/გადაანგარიშება ოპერაციის მიხედვით ასახული შემცირება, რომელიც იწვევს საგადასახადო დავალიანების შემცირებას, პირველ რიგში იწვევს უფრო ადრე წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების (2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი) დაფარვას, ხოლო შემდეგ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილი დავალიანების დაფარვას, ისე რომ ორივე შემთხვევაში დაცული უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253- ე მუხლით დავალიანების დაფარვის დადგენილი თანმიმდევრობა:

ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);

ბ) ჯარიმა;

გ) საურავი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ----------- (პ/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან

არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება სადავო გადაწყვეტილებას და ითხოვს დავალიანების ჩამოწერას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ი/მ ითხოვდა დავალიანების ჩამოწერას. გადამხდელს გპაბ-ზე 01.01.2021 წლისათვის ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: საშემოსავლო და ქონების გადასახადში. ჩამოწერას არ დაექვემდებარა 01.05.2022 წელს წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის 2019 წლის წლიური შესწორებული დეკლარაციის საფუძველზე 30.11.2020 წლის ვადით (გადამხდელმა ისარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 114-ე ნაწილით განსაზღვრული გადასახადის გადახდისთვის გათვალისწინებული ვადის გაგრძელებით). ასევე, 29.01.2021 წლის ვადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა. 01.01.2021 წლის შემდეგ განხორციელებული ოპერაციების გაუთვალისწინებლად, გადამხდელის გპაბ-ზე 31.03.2021 წლის ვადით შემცირებული საშემოსავლო გადასახადით და 20.04.2021 წელს და 23.04.2021 წელს გადახდილი თანხით სრულად დაიფარა 01.01.2021 წლამდე წარმოშობილი დავალიანება გადასახადის სახით. ჩამოწერას დაექვემდებარა მხოლოდ საურავი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

252; 309(37)

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე-4 მუხლის მე-5 ნაწილი.