გადაწყვეტილება №20311/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.09.2023
№ დოკუმენტი 20311/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20311/2/2023

20 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------------- 19.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20311/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 27.09.2022 წლის №24662 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.04.2023 წლის №072-2 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №14196 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 196 812.43 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 105 835

დღგ - 87 576

საშემოსავლო გადასახადი - 18 249

ქონების გადასახადი - 10

ჯარიმა - 56 638

საურავი - 34 339.43

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმით, სასმელებითა და საკვები პროდუქტებით საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის, 2020 წლის 25 მაისიდან 2022 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 31 მარტს საგადასახადო შემოწმების აქტში. საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხორციელდება საქონლის ჩამოწერა კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიანი რეალიზაციის 1%-ს. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ვერ ხერხდება დასაბეგრი ობიექტის დადგენა. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 16 თებერვალს ჩატარდა გადასახადის გადამხდელის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა 30 104 ლარის თვითღირებულების ნაშთი (დღგ-ის ჩათვლით).

აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი, (საშუალო 19%) და სმფ-ების ნაშთი. სახეობების მიხედვით დაჯგუფდა მეწარმის მიერ შეძენილი სარეალიზაციო საქონელი, ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და ინვენტარიზაციის ფასნამატის გათვალისწინებით გაანგარიშდა საქონლის სარეალიზაციო ღირებულება (საშუალო ფასნამატი 12%), შედეგად 2020 წლის 1 ივნისიდან 2022 წლის 16 თებერვლის ჩათვლით გადასახადის გადამხდელის შემოსავალმა შეადგინა 1 506 563 ლარი (დღგ-ის გარეშე). არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლით დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მცირე მეწარმის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. მეწარმეს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 აპრილის №8936 ბრძანება და 11 აპრილის №072-2 საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელმა ზემოხსენებული აქტები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. საჩივრები შემოსავლების სამსახურის 27.09.2022 წლის №24662 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: თამბაქოს ნაწარმზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ეხელმძღვანელა ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი სხვა გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების/საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობისშემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 27.09.2022 წლის №24662 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 19 აპრილს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რაზეც მომჩივანს წარედგინა 2023 წლის 24 აპრილის №072-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №14196 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და მიუთითა, რომ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისას გადამხდელის მიერ დაფიქსირებული ფასნამატებით, ხოლო კონკრეტულად თამბაქოს ნაწარმზე გამოყენებულია 10%-იანი ფასნამატი. ამასთან, იმავე ტერიტორიაზე ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელ სხვა გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში აუდიტის დეპარტამენტში მონაცემები დაფიქსირებული არ არის. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე მითითებით ითხოვს დამატებული ღირებულების გადასახადში დარიცხული თანხების შემცირებას - 6 125 ლარით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შედგენილ იქნა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 აპრილის დასკვნიდან ირკვევა, რომ დამატებით შესწავლილ იქნა მომჩივნის მიერ გასაჩივრებული საკითხები. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი არ გამოვლენილა.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, თუმცა აღნიშნულზე არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე მითითებით ითხოვს დამატებული ღირებულების გადასახადში დარიცხული თანხების შემცირებას - 6 125 ლარით.

მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 27.09.2022 წლის №24662 ბრძანების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 27.09.2022 წლის №24662 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმით, სასმელებითა და საკვები პროდუქტებით საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში.შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხორციელდება საქონლის ჩამოწერა კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიანი რეალიზაციის 1%-ს. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ვერ ხერხდება დასაბეგრი ობიექტის დადგენა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;302(6);304(21);