ბრძანება N 14346
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14346
21 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის. ----------, სოფ. ----------)
2023 წლის 9 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 9 ივნისის №81559/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 მაისის №006-184 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება კომპანიის მიერ მცირე მეწარმეებისგან მიღებული მომსახურებისთვის ანაზღაურებული თანხების ხელფასად კვალიფიკაციას და აცხადებს, რომ აღნიშნული პირები საწარმოს უსრულებდნენ ცალკეული მომსახურების გაწევაზე კონკრეტული ხელშეკრულებებით განსაზღვრულ სამუშაოებს, რისთვისაც იღებდნენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოს მიხედვით, რაზეც ფორმდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა შრომითი ურთიერთობა ან/და უფლება-მოვალეობა საწარმოს მიმართ არ გააჩნდათ, რაც გამორიცხავს აღნიშნული პირების დაქირავებულ თანამშრომლებად განხილვის შესაძლებლობას. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ანალოგიურ საკითხთან მიმართებით წინა საგადასახადო შემოწმების შედეგები გასაჩივრებულია და დავა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33594 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 01 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების კვალიფიკაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 15 მაისის №10765 ბრძანება და ამავე თარიღის №006-184 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 418 081 ლარი, მათ შორის, გადასახადი 201 353 ლარი, ჯარიმა 95 053 ლარი და საურავი 121 675 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს გზების მშენებლობა, რომლის ფარგლებში კომპანიას უფიქსირდება სხვადასხვა მომსახურების შეძენა, მათ შორის, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისგან. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურებული თანხების დაბეგვრის მართლზომიერების და კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი და დადგინდა, რომ გადახდილი თანხების დიდი ნაწილი არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან და კომპანიის მიერ განხილულია, როგორც მომსახურების შეძენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანიას უფიქსირდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან და კომპანიის მიერ განხილულია, როგორც მომსახურების შეძენა. შემოწმებით, ფაქტობრივი გარემოებების, ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, აღნიშნული თანხები განხილულ იქნა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან შესაბამისი განაკვეთით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2015 წლის 2 აპრილიდან 2018 წლის 23 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდზე ჩატარებულ საგადასახადო შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით წარმოებულ საგადასახადო დავის პროცესში ერთ-ერთ სადავო საკითხს ასევე წარმოადგენდა მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე კომპანიის მიერ გადახდილი თანხების ხელფასის სახით განაცემად კვალიფიკაცია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად საკითხის შეწავლის შედეგად დადგინდა, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ შპს „----------“ მომსახურების გაწევისას გამოყენებული ძირითადი საშუალებები და სასაქონლო-მატერიალური მარაგები წარმოადგენდა დამკვეთის (შპს „----------“) საკუთრებას, ამასთან, აღნიშნული პირები შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას უწევდნენ მხოლოდ შპს „----------“. განსახილველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა დასრულებულია, კომპანიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დღეის მდგომარეობით, დავა მიმდინარეობს სასამართლოში.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის მიერ მცირე მეწარმეებისგან მიღებული მომსახურებისთვის ანაზღაურებული თანხების ხელფასად კვალიფიკაციას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს გზების მშენებლობა, რომლის ფარგლებში კომპანიას უფიქსირდება სხვადასხვა მომსახურების შეძენა, მათ შორის, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისგან. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევისას გამოყენებული ძირითადი საშუალებები და სასაქონლო-მატერიალური მარაგები წარმოადგენდა დამკვეთის საკუთრებას, ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსუ მქონე პირები შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას უწევდნენ მხოლოდ აღნიშნულ ორგანიზაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 275