გადაწყვეტილება №25301/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25301/2/2025
25 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 20.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 13.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25301/2/2025).
დავის საგანი:
ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2025 წლის N ----- შესაგებელი;
2. შემოსავლების სამსახურის 03.06.2025 წლის N 11374 ბრძანება.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
მომჩივნის საქმიანობაა ელექტრონული და სპეციალური დანიშნული დაზგა-დანადგარების საბაჟო საწყობში განთავსება და შემდეგ რეექსპორტი მისის სტატუსიდან გამომდინარე.
02.04.2025 წელს მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა (ID: -----) ზედმეტად გადახდილი თანხის (30 000 ლარი) დაბრუნების შესახებ, რომელიც, მომჩივნის განმარტების თანახმად, წარმოშობილია ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის მოგების გადასახადით დაბეგვრისა და აღნიშნული სესხის დაბრუნების შემდეგ მოგების გადასახადის ჩათვლის შედეგად.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის N 916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 14.04.2025 წელს განისაზღვრა ხარვეზი (ID: -----), რომლის მიხედვით მომჩივანს დაევალა წარმოედგინა:
1. დეტალური განმარტება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით (საქმიანობის სახე, ადგილი, იჯარა);
2. დებიტორებთან და კრედიტორებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, კერძოდ, ორმხრივი შედარების აქტები;
3. ბრუნვითი უწყისი 2022-2025 წლების მდგომარეობით;
4. სალაროს ინვენტარიზაციის ოქმი 14.04.2025 წლის მდომარეობით, ხელმოწერილი დირექტორის მიერ;
5.კომპანიის სახელზე რიცხული ყველა ძირითადი საშუალება ექსელის ფორმატით;
6. განმარტება ხელფასების არაპერიოდულობით გაცემასთან დაკავშირებით;
7. სესხის ყველა ხელშეკრულება PDF ფორმატით;
8. დეტალური განმარტება დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციების შესახებ;
9. საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, წარმოდგენას ექვემდებარება 2022 წლიდან დღემდე ამონაწერი ყველა მომსახურე ბანკის ანგარიშსწორების (ადგილობრივი და სავალუტე) ანგარიშებიდან ექსელის ფორმატში.
გადასახადის გადამხდელს დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე. გადასახადის გადამხდელმა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარადგინა 17.04.2025 წლის (ID: -----) მოთხოვნა.
აღნიშნული მოთხოვნა შესწავლილ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ და „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის N 916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად 17.04.2025 წელს შედგა შესაგებელი (ID: -----) და გადასახადის გადამხდელს ეთქვა უარი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, ხარვეზი სრულყოფილად არ იქნა გამოსწორებული.
აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2025 წლის შესაგებელი (ID: -----) გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 03.06.2025 წლის N 11374 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 63-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 65-ე მუხლზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის N 916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
შპს ----- საქმიანობას წარმოადგენს ელექტრონული და სპეციალური დანიშნული დაზგა - დანადგარების საბაჟო საწყობში დასაწყობებას და შემდეგ რეექსპორტს მისი სტატუსიდან გამომდინარე. სულ განხორციელდა 2 რეექსპორტი, 2023 წელს და 2025 წელს. 2023 წლის სექტემბერში საქონელი ნაყიდი იყო Nederlands1 HOWDEN NETHERLANDS B.V. და 2024 წლის დეკემბერში HUAINAN WANTAI ELECTRIC CO-დან. კომპანიაში დასაქმებულია სულ სამი თანამშრომელი და ხელფასების გაცემა ხდება პერიოდულად საქმიანობიდან გამომდინარე რადგან კომპანიას გააჩნია მცირე შეკვეთები ამ ეტაპზე, 2024 წელი დასრულდა ზარალით რაც გამოწვეულია ხელფასების და მიმდინარე მომსახურების (საბუღალტრო და საოფისე) ხარჯებით. 2025 წელს მოხდა მოგებაზე გასვლა და დივიდენდის განაწილება, რაც მოცემულია ბრუნვით უწყისში.
1. კომპანიას ჰქონდა სულ 2 რეექსპორტი და ყავს მხოლოდ ერთი არარეზიდენტი დებიტორი და 2 კრედიტორი. კრედიტორებია: Nederlands1 HOWDEN NETHERLANDS B.V. და HUAINAN WANTAI ELECTRIC CO. დებიტორია - OOO ---. დებიტორის და კრედიტორის შედარების აქტების ხელმოწერას რაც შეეხება, ამ პროცესს შესაძლოა დასჭირდეს მნიშვნელოვანი პერიოდი, ამიტომ ინფორმაციის სახით წარმოადგენს ბუღალტრულ მონაცემებს, სადაც არ აქვს დავალიანება არც კრედიტორთან და არც დებიტორთან;
2. კომპანიას არ გააჩნია ძირითადი საშუალებები;
3. კომპანიას არ გააჩნია აღებული სესხი. ხოლო გაცემულია სესხი (საბაზრო პროცენტით) დირექტორზე 2024 ოქტომბერში და დაბრუნდა 2025 წლის თებერვალში, რაც აისახა კიდეც მოგების გადასახადის დეკლარაციაში. სესხის დაბრუნება მოხდა დივიდენდის განაწილების საფუძველზე;
4. კომპანიის სტატუსიდან გამომდინარე (სპეციალური სავაჭრო კომპანია) გააჩნია მხოლოდ რეექსპორტის უფლება, რაც წარმოადგენს დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებს.
ბარათზე არსებული ზედმეტობა წარმოიშვა დირექტორზე სესხის გაცემის შედეგად გადახდილი მოგების გადასახადში. ბარათზე არსებული ზედმეტობის დაბრუნება მოხდეს სალდირებული ნაშთით 1 500 (ათასხუთასი) ლარის ბარათზე ზედმეტობის დატოვებით.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2.გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის N 916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაერთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივანმა სრულყოფილად ვერ გამოასწორა ხარვეზი. კერძოდ, არ იქნა წარდგენილი დებიტორ-კრედიტორებთან გაფორმებული ორმხრივი შედარების აქტები. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტება, სადაც ადასტურებს, რომ ყავს მხოლოდ ერთი არარეზიდენტი დებიტორი და 2 კრედიტორი. ამასთან, აღნიშნავს, რომ წარმოადგენს ბუღალტრულ მონაცემებს, სადაც არ აქვს დავალიანება არც კრედიტორთან და არც დებიტორთან.
საბჭო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლებიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომჩივნის განმარტების თანახმად, ზედმეტობა წარმოშობილია ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის მოგების გადასახადით დაბეგვრისა და აღნიშნული სესხის დაბრუნების შემდეგ მოგების გადასახადის ჩათვლის შედეგად. გადასახადის გადამხდელს ეთქვა უარი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, ხარვეზი სრულყოფილად არ იქნა გამოსწორებული. აუდიტის დეპარტამენტის შესაგებელი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საბჭო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლებიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 302(6); 63(1); 65;.