ბრძანება N 14196
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14196
26 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 20 მაისის და 4 ივნისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 4 და 11 ივნისის სხდომებზე (ოქმები №47 და №50) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 20 მაისის №102472/1/2026 და 4 ივნისის №685302 (რეგ. №92568/21) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 აპრილის №006-139 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის შემცირებას 52 409 ლარით აპრილი-მაისის პერიოდების ფაქტობრივი დასაბეგრი ბრუნვის (575 334,06 ლარი) მათემატიკური დაზუსტებისა და აუდიტორის მიერ დაშვებული ცდომილების გასწორების ხარჯზე. აცხადებს, რომ 2024 წლის აპრილის თვის რეალური დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 575 334,06 ლარს (რაც მაისის თვეში ფაქტობრივად ჩაირიცხა საბანკო ანგარიშზე, დღგ-ის გარეშე და დადასტურებულია საბანკო ამონაწერით). აუდიტორმა აპრილის თვის ბრუნვად საგადასახადო შემოწმების აქტში არასწორად დააფიქსირა მხოლოდ
291 162,47 ლარი. პარალელურად, შემოწმებამ მაისში ჩარიცხული 678 894,20 ლარი (დღგ-ის გარეშე 575 334,06 ლარი) ხელახლა დაბეგრა მომდევნო თვეში, როგორც ახალი „ავანსი“. ვინაიდან, აპრილის რეალური ბრუნვა იყო 575 334,06 ლარი, ხოლო აუდიტორმა აქტში ასახა მხოლოდ 291 162,47 ლარი, ხოლო მომდევნო პერიოდში სრულად დაიბეგრა იგივე 575 334,06 ლარი, წარმოიშვა ერთი და იმავე ბრუნვის ხელოვნური ორჯერადი დარიცხვის ეფექტი. გადამხდელი მიიჩნევს, რომ ბრუნვების სწორი ეკონომიკური შინაარსით ურთიერთშეჯერებისას დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა უნდა შემცირდეს აუდიტორის მიერ დაშვებული ცდომილების - 291 162,47 ლარის ოდენობით. აცხადებს, რომ დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება მომსახურების გაწევის მომენტში.
გადამხდელი აღნიშნავს, რომ 2024 წლის 27 თებერვლის №4215 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-----“ საგადასახადო შემოწმება, რომელიც 2024 წლის 27 ივლისის №15098 ბრძანებით გამოცხადდა ძალადაკარგულად და შეწყდა შემოწმება. ამის შემდეგ, საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებმა დაიწყეს საწარმოს დეკლარაციების კამერალური შესწავლა. საწარმოს მენეჯმენტმა სრული ნდობა გამოუცხადა საგადასახადო ინსპექტორების კატეგორიულ რეკომენდაციებსა და მითითებებს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. კომპანია დაეყრდნო იმ პრინციპს, რომ საგადასახადო ორგანოს მაღალკვალიფიციურმა წარმომადგენელმა უკეთ იცის კანონმდებლობის ინტერპრეტაცია და მისი კარნახით განახორციელა წინა პერიოდების დეკლარაციების კორექტირება, რამაც გამოიწვია პერიოდების ტექნიკური აცდენა. მას შემდეგ, რაც საწარმომ საგადასახადო ორგანოს მითითებით შეცვალა დეკლარაციები, დაინიშნა ახალი გასვლითი შემოწმება. საწარმოს ხელმძღვანელობამ აუდიტორებს აუხსნა, რომ დეკლარაციის დაზუსტებები განხორციელდა მათი კოლეგების დაჟინებული რეკომენდაციით. მიუხედავად აღნიშნულისა, აუდიტორებმა სრულად უგულვებელყვეს ეს ფაქტი და საწარმოს ფორმალურად დააკისრეს 100%-იანი ჯარიმა.
2. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
3. ფიზიკურ პირებთან განხორციელებულ გადარიცხვებთან დაკავშირებით გადამხდელი გამოთქვამს მზადყოფნას, დავის განხილვის ეტაპზე წარმოადგინოს დამატებით დოკუმენტაცია, რათა დადასტურდეს, რომ ხარჯების ნაწილი მიმართული იყო საწარმოს სამეურნეო მასალების შესყიდვაზე. გადამხდელი მოგების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში ითხოვს საქმე დაუბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტს მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევის მიზნით. ასევე, ფიზიკური პირებისთვის გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით, რომლებიც არასრულად ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან, გადამხდელი მიუთითებს, რომ მის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისთვის გადახდილია გაწეული მომსახურების საფასური გადახდის წყაროსთან სრულად დაბეგვრის გარეშე. აღმოჩნდა, რომ მოცემულ ფიზიკურ პირებს მცირე ბიზნესის სტატუსი მიღებული ჰქონდათ სხვა მომსახურების განხორციელების კუთხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი გამოთქვამს მზაობას გადაიხადოს გადასახადი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ნოემბრის №25208 და 29 დეკემბრის №28798 ბრძანებების საფუძველზე დაინიშნა შპს „----“ (ს/ნ -----) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 21 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 აპრილის №8982 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-139 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 563 836 ლარი, მათ შორის, გადასახადი 269 694 ლარი, ჯარიმა 250 507 ლარი და საურავი 43 635 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
ეკონომიკური საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოდგენს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ სამშენებლო ტენდერებში მონაწილეობის მიღება და გამარჯვების შემთხვევაში სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესრულება. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის ბრუნვა აღემატება გადამდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს, რაც ძირითადად გამოწვეულია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების არასწორი განაშთვებით. შემოწმებამ იხელმძღვენელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 159-ე, 162-ე, 163-ე და 164- ე მუხლების შესაბამისად და განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების, ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარებების აქტების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმების შედეგად დადგენილ დღგ-ს 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე განხორციელებული გადარიცხვები საბანკო ანგარიშიდან, თუმცა არ მომხდარა აღნიშნული თანხების გადახდის წყაროსთან სრულად დაბეგვრა და შესაბამის დეკლარაციაში ასახვა. შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირებზე საბანკო ანგარიშიდან განხორციელებული კონკრეტული იდენტიფიცირებული გადარიცხვები მიჩნეულ იქნა ფიზიკურ პირებზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგრვას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად.
აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისთვის განხორციელებული საბანკო გადარიცხვა მომსახურეობის ასანაზღაურებლად, თუმცა შესაბამისი თანხის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახვა და დაბეგვრა არ განხორციელებულა. შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით შესაბამის საანგარიშო პერიოდში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით:
1. თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, პირის მიერ გადახდილი ანაზღაურება ჩაითვლება დასაბეგრ თანხად და ოპერაცია დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ ანაზღაურების მიღების მომენტში სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:
ა) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/ გასაწევი მომსახურება;
ბ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/ გასაწევი მომსახურების რაოდენობა/ მოცულობა;
გ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/ გასაწევი მომსახურების ღირებულება;
დ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/ გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ თუ გათავისუფლებულ ოპერაციას.
3. იმ შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობები, მაგრამ მხარეთა შეთანხმებით საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე განხორციელდა ანაზღაურების გადახდა და ანაზღაურების მიღების საანგარიშო პერიოდზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა, დღგ-ით დაბეგვრის დრო არის ანაზღაურების მიღების მომენტი.
4. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს უფლება აქვს, საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე ანაზღაურების გადახდისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაითვალოს მისაწოდებელი საქონლის/ გასაწევი მომსახურების შეძენისთვის გადახდილი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის ბრუნვა აღემატება გადამდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს, რაც ძირითადად გამოწვეულია ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურების არასწორი განაშთვით.
გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმებით ადგილი აქვს მათემატიკურ ცდომილებას და ითხოვს დღგ-ის თანხის შემცირებას 52 409,24 ლარით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამეტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, აღნიშნული საკითხი გავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან და შეცდომა არ გამოვლინდა, დარიცხული გადასახადი სრულად ასახავს დასაბეგრ ბრუნვებს და თანხის გაორმაგებას ადგილი არ აქვს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი საერთო წესით იბეგრება ან საქონლის მიწოდებისას/შეძენისას გამოწერილია სასაქონლო ზედნადები/საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს ფიზიკური პირებისთვის გადარიცხული აქვს თანხები, რომლებიც სრულად არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. გადამხდელს ასევე უფიქსირდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისთვის თანხის გადარიცხვა, რომელიც არ აქვს დაბეგრილი მოგების გადასახადით.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწიებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახდო შემოწმებით ფიზიკური პირებისთვის საბანკო ანგარიშიდან განხორციელებული კონკრეტული იდენტიფიცირებული გადარიცხვების გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, ასევე მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისთვის განხორციელებული გადარიცხვის მოგების გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის შემცირებას.
2.ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ეკონომიკური საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოდგენს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ სამშენებლო ტენდერებში მონაწილეობის მიღება და გამარჯვების შემთხვევაში სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესრულება. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის ბრუნვა აღემატება გადამდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს, რაც ძირითადად გამოწვეულია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების არასწორი განაშთვებით. შემოწმებით გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმების შედეგად დადგენილ დღგ-ს 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე განხორციელებული გადარიცხვები.კონკრეტული იდენტიფიცირებული გადარიცხვები მიჩნეულ იქნა ფიზიკურ პირებზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგრვას.
გადამხდელს უფიქსირდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისთვის განხორციელებული საბანკო გადარიცხვა მომსახურეობის ასანაზღაურებლად.აღნიშნული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით შესაბამის საანგარიშო პერიოდში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:159;275;101;154;982