გადაწყვეტილება №27028/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.04.2026
№ დოკუმენტი 27028/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27028/2/2026

28 აპრილი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ის 30.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27028/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 დეკემბრის №006-556 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 მარტის №5347 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

677 220.21 ლარი. მათ შორის:

გადასახადი - 398 232.34 დღგ - 197 903.84

საშემოსავლო გადასახადი - 200 328.50

ჯარიმა - 200 197.40

საურავი - 78 790.47

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მზა საკვები პროდუქციის დამზადება-რეალიზაცია, ასევე სასურსათო მაღაზიიდან ვაჭრობა. საქმიანობას ახორციელებს მისამართზე: ქ. --- (სასურსათო მაღაზია და კვების ობიექტი). საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 19 დეკემბრიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2023 წლის 3 იანვრიდან.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აპრილის №7005 და 14 მაისის №9490 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 19 დეკემბრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 დეკემბრის №28218 ბრძანება და №006-556 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 677 220.21 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 22 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 11 მარტის №5347 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ფაქტების აღწერა

კომპანიის სახელზე ფიქსირდება 2 ერთეული საკონტროლო-სალარო აპარატი და 2 ერთეული პოსტერმინალი. შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, ექსელის ცხრილების ფორმით წარდგენილია კერძების კალკულაციები, ყოველთვიურად რეალიზებული საკონდიტრო და საკვები პროდუქტები ოდენობებისა და ღირებულების მითითებით და მათი წარმოებისთვის გახარჯული ნედლეული. ასევე, წარდგენილია ცნობები ანგარიშების შესახებ მომსახურე ბანკებიდან და ამონაწერები შესაბამისი ანგარიშებიდან. საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, რომლის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით შეადგენს 6 485 383 ლარს. მათ შორის, 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 5 957 929 ლარს, ხოლო დღგ-ისგან განთავისუფლებული ბრუნვა შეადგენს 527 484 ლარს (ჩათვლის უფლების გარეშე). ამასთან, კომპანიის მიერ დეკლარირებული ბრუნვის ოდენობა შეადგენს 4 861 437 ლარს, მათ შორის, დღგ-ის 18%- იანი დასაბეგრი ბრუნვა - 4 858 462 ლარს, ხოლო განთავისუფლებული - 2 975 ლარს. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში არასრულად ჰქონდა ასახული ბრუნვები, რაც თავის მხრივ იწვევს ბიუჯეტის კუთვნილი დღგ-ის გაზრდას. შესაბამისად, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რის გამოც მომჩივანს დამატებით დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 73- ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელმა 2026 წლის 10 თებერვალს დააზუსტა საჩივარი (№100665/1/2026), რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელმა სადავოდ გახადა შემოწმების პროცესში წარდგენილი პროგრამა „ორისის“ საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი და მიუთითა აღნიშნული პროგრამის არასრულფასოვნების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, კერძოდ, პროგრამა „ორისისა“ და საბანკო ამონაწერების ანალიზის გათვალისწინებით, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის, ფიზიკურ პირებზე გაცმული თანხებისა და ფულის გონივრული ნაშთის გაანგარიშება, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება შემოწმების პროცესში წარდგენილი პროგრამა „ორისის“ საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებული შემოსავლების ოდენობა არასწორია და არ არის თანხვედრაში საკონტროლო-სალარო აპარატებისა და პოს-ტერმინალების ფაქტიურ მონაცემებთან. შემოწმების დაწყების დროს კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვა წარმოებული ქონდა საბუღალტრო პროგრამა „ორისში“, მაგრამ გარკვეული ხარვეზებით. აღსანიშნავია, რომ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი არის ონკოლოგიური პაციენტი, რომელიც აღნიშნულ პერიოდში მკურნალობას გადიოდა თურქეთის რეპუბლიკაში და ვერ ახერხებდა შემმოწმებლებისთვის მისაწოდებელი ინფორმაციის გადამოწმებას და სრულყოფილად წარდგენას, ასევე, შემოწმების პროცესში სრულყოფილად ჩართვას. შემოწმების მიმდინარეობის დროს შეიცვალა კომპანიის ბუღალტერი, აღმოჩნდა რომ საბუღალტრო პროგრამა, რომელიც წარდგენილია შემმოწმებლებისთვის და რომლის მონაცემთა ბაზასაც დაეყრდნო შემოწმება დამატებით გადასახადების დარიცხვის დროს, არის შედგენილი შეცდომებით (რიგ შემთხვევებში პროგრამაში გაორებულია შემოსავლები). საბუღალტრო პროგრამაში ასახული შემოსავალი არ ემთხვევა რეალურ/ფაქტიურ მონაცემებს. კერძოდ, საბუღალტრო პროგრამის მონაცემები არ ემთხვევა შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში (RS.GE) არსებული მონაცემებს. ეთანხმება იმ ფაქტს, რომ საწარმოს წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში არასრულად ჰქონდა ასახული ბრუნვები, მაგრამ არა იმ მოცულობით, როგორც ეს შემოწმების აქტშია დაფიქსირებული. მეტი სიცხადისთვის, კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები აღემატება საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში დაფიქსირებულ დასაბეგრ ბრუნვებს, მაგრამ ნაკლებია საბუღალტრო პროგრამა ორისში ასახულ და შესაბამისად შემოწმების აქტში დაფიქსირებულ მონაცემებთან. უფრო კონკრეტულად: შემოწმების მონაცემებით 2023 წელს 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 295 200 ლარს, ფაქტიურად დასაბეგრი ბრუნვა - 2 272 856 ლარს (სხვაობა - 22 343 ლარი). აქედან საკონტროლოსალარო აპარატით მიღებული შემოსავალი დღგ-ის გარეშე შეადგენს 138 542 (163480/1.18) ლარს, პოსტერმინალით მიღებული შემოსავალი დღგ-ის გარეშე - 2 043 832 (2 411 721/1.18) ლარს, ხოლო ბანკითა და სასაქონლო ზედნადებებით მიღებული შემოსავალი დღგ-ის გარეშე - 90 482 (106 769/1.18) ლარს.

2024 წელს 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 884 110 ლარს, ფაქტიურად დასაბეგრი ბრუნვა - 2 351 082 ლარს (სხვაობა - 533 028 ლარი). აქედან საკონტროლო-სალარო აპარატით მიღებული შემოსავალი დღგ-ის გარეშე შეადგენს 66 838 (78 869/1.18) ლარს, პოს-ტერმინალით მიღებული შემოსავალი დღგ-ის გარეშე - 2 261 074 (2 668 066/1.18) ლარს, ხოლო ბანკითა და სასაქონლო ზედნადებებით მიღებული შემოსავალი დღგ-ის გარეშე - 23 170 (27 340/1.18) ლარს. 2025 წლის მარტის ჩათვლით 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 781 638 ლარს, ფაქტიურად დასაბეგრი ბრუნვა - 599 431 ლარს (სხვაობა - 181 896 ლარი). აქედან საკონტროლო-სალარო აპარატით მიღებული შემოსავალი დღგ-ის გარეშე შეადგენს 18 159 (21 428/1.18) ლარს, პოს-ტერმინალით მიღებული შემოსავალი დღგ-ის გარეშე - 577 151 (681 038/1.18) ლარს, ხოლო ბანკითა და სასაქონლო ზედნადებებით მიღებული შემოსავალი დღგ-ის გარეშე - 4 121 (4 863/1.18) ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტს დაქვემდებარებულ პერიოდში 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა ნაცვლად შემოწმებით დაფიქსირებული 5 957 929 ლარისა შეადგენს 5 223 369 ლარს (მათ შორის: 2023 წელს - 2 272 856 ლარი, 2024 წელს - 2 351 082 ლარი და 2025 წლის მარტის ჩათვლით - 599 431 ლარი). სხვაობა შეადგენს 737 269 ლარს. რაც შეეხება შესაბამის პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში დაფიქსირებულ მონაცემებს, 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 4 858 462 ლარს (მათ შორის: 2023 წელს - 2 050 630 ლარი, 2024 წელს - 2 235 351 ლარი და 2025 წლის მარტის ჩათვლით - 572 481 ლარი).

სხვაობა ფაქტიურს და დეკლარირებულ მონაცემებს შორის შეადგენს 364 907 ლარს, რაც რეალურად წარმოადგენს დამატებით დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. მთლიანობაში, აღნიშნული ადასტურებს, რომ კომპანიას წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში არასრულად ჰქონდა ასახული ბრუნვები, მაგრამ არა იმ მოცულობით, როგორც ეს შემოწმების აქტშია დაფიქსირებული. წარმოდგენილი მონაცემების გათვალისწინებით დასაკორექტირებელია საბუღალტრო პროგრამა ორისი, რომელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი დრო სჭირდება, რაც ამ ეტაპზე ვერ მოასწრო. საჭიროების შემთხვევაში მომჩივნის მიერ შესაძლებელია შესწორებული ორისის პროგრამის წარმოდგენა. დანართის სახით წარმოადგენს ცხრილებს საკონტროლო-სალარო აპარატებითა და პოს ტერმინალებით მიღებული შემოსავლების შესახებ. ამასთან, დიდი მოცულობის ბრუნვის მიუხედავად, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის არ დაჯარიმებულა. შესაბამისად, ის ბრუნვა, რაც დაფიქსირებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ცხრილებში, არსებითად სარწმუნოა. წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში შემმოწმებლების მიერ დაფიქსირებული შემოსავალი არარეალურია, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვის ასეთ მნიშვნელოვან სხვაობას საფუძველი არ გააჩნია და წარმოადგენს საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ცვლილების საფუძველს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2026 წლის №28555-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 19.12.2022 წლიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 3.01.2023 წლიდან. კომპანიის საქმიანობაა მზა საკვები პროდუქციის დამზადება-რეალიზაცია, ასევე სასურსათო მაღაზიიდან ვაჭრობა. საქმიანობას ახორცილებს მისამართზე: ქ.--- (სასურსათო მაღაზია და კვების ობიექტი). აღნიშნულ მისამართზე საწარმოს სახელზე ფიქსირდება 2 ერთეული საკონტროლო-სალარო აპარატი და 2 ერთეული პოს-ტერმინალი.

შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, ექსელის ცხრილების ფორმით წარდგენილია კერძების კალკულაციები, ყოველთვიურად რეალიზებული საკონდიტრო და საკვები პროდუქტები ოდენობებისა და ღირებულების მითითებით და მათი წარმოებისთვის გახარჯული ნედლეული. ასევე, წარდგენილია ცნობები ანგარიშების შესახებ მომსახურე ბანკებიდან და ამონაწერები შესაბამისი ანგარიშებიდან. საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, რომლის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით შეადგენს 6 485 383 ლარს. მათ შორის, 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 5 957 929 ლარს, ხოლო დღგ-საგან განთავისუფლებული ბრუნვა შეადგენს 527 484 ლარს (ჩათვლის უფლების გარეშე). ამასთან, კომპანიის მიერ დეკლარირებული ბრუნვის ოდენობა შეადგენს 4 861 437 ლარს, მათ შორის, დღგ-ის 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა - 4 858 462 ლარს, ხოლო განთავისუფლებული - 2 975 ლარს. შემოწმებით დადგინდა, რომ საზოგადოებას წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში არასრულად ჰქონდა ასახული ბრუნვები, რაც თავის მხრივ იწვევს ბიუჯეტის კუთვნილი დღგ-ის გაზრდას. შესაბამისად, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რის გამოც მომჩივანს დამატებით დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა-საურავი.

ზემოაღნიშნულ დარიცხვას გადასახადის გადამხდელი დაეთანხმა შემოწმების ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისის“ მიხედვით, რომლის მონაცემებსაც დაეფუძნა შემოწმების შედეგები, ფასნამატი წლების მიხედვით მაღაზიაზე და კვების ობიექტზე შეადგენს: 2022 წელს შემოსავლები არ ფიქსირდება, 2023 წელს მაღაზიის საშუალო ფასნამატი - 15,5%, კვების ობიექტის - 57,2%, 2024 წელს მაღაზიის საშუალო ფასნამატი - 14,5%, კვების ობიექტის - 61,6 %, 2025 წელს (1.01.2025 - 31.03.2025) მაღაზიის ფასნამატი - 14,74%, კვების ობიექტის - 48,1%. ამასთან, შემოწმების მიმდინარეობისას ჩატარებული ანალიზით გაირკვა, რომ კომპანიის მიერ დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვებში გამორჩენილი იყო როგორც სსა-ს და ტერმინალის საშუალებით მიღებული თანხები, ასევე არ იყო ასახული დოკუმენტით (ელ. სასაქონლო ზედნადები და ელ. ანგარიშ-ფაქტურა) მიღებული შემოსავლები. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. კერძოდ, პროგრამა „ორისისა“ და საბანკო ამონაწერების ანალიზის გათვალისწინებით განხორციელდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ გავრცელებული ფასნამატი მაღაზიის შემთხვევაში თანხვედრაშია აუდირებულ ფასნამატთან, ხოლო კვების ობიექტის შემთხვევაში მნიშვნელოვნად დაბალი ფასნამატია გამოყენებული.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლით მოხდა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შესწავლით დგინდება, რომ საწარმოს ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული სალაროს ნაშთი აღემატება სალაროს გონივრულ ფულად ნაშთს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისის“ მიხედვით სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით შეადგენს 804 108 ლარს. საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი იქნა არაგონივრული ნაშთი თვის ჭრილში. საგადასახადო ვალდებულების მიზნებისთვის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული არაგონივრული ნაშთი - 791 814 ლარი (აგროსილი - 989 767,50 ლარი) დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე - ---ზე (პ/ნ ---) გაცემულ ხელფასად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გაიზარდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში დაფიქსირებული პოზიციიდან გამომდინარე, აუდიტს დაქვემდებარებულ პერიოდში 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა ნაცვლად შემოწმებით 6 დაფიქსირებული 5 957 929 ლარისა შეადგენს 5 223 369 ლარს, სხვაობა შეადგენს 737 269 ლარს. აღნიშნული ფულადი სახსრების შემოსავალის შემცირება, ბუნებრივია გამოიწვევს სალაროში ნაღდი ფულის ოდენობის ცვლილებას 737 269 ლარით 31.03.2025 წლის მდგომარეობით და იქნება 66 839 (804 108-737269) ლარი. აღნიშნული თანხა სალაროს გონივრული ფულადი ნაშთის გათვალისწინებით შესაძლებელია ჩათვლილი იქნეს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაერიცხოს კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი. კომპანია ახორციელებს როგორც მზა კერძების წარმოებას და ადგილზე რეალიზაციას, ასევე სურსათის პროდუქტებით ვაჭრობას (მ.შ. ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობას), ისე რომ არ ითვალისწინებს დანაკარგებს. აღნიშნული საქმიანობიდან გამომდინარე, საწარმო ყოველი დღის ბოლოს ახორციელებდა ვადაგასული ან/და გასაყიდად უვარგისი მზა პროდუქციის ან ნედლეულის გადაყრას. მისთვის ცნობილი არ იყო ის გარემოება, რომ შესაძლებელი იყო შემოსავლების სამსახურის შესაბამისი უწყებისთვის მიმართვა და მისი ოფიციალურად ჩამოწერა. როგორც კი გადამხდელისთვის აღნიშნული ფაქტი გახდა ცნობილი, ამ მომენტიდან საგადასახადო ორგანოს ნებართვის საფუძველზე სისტემატიურად ახორციელებს ვადაგასული ან/და გასაყიდად უვარგისი მზა პროდუქციის ან ნედლეულის ჩამოწერას. ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, მიღებული პრაქტიკისა და სხვა მსგავსი მეწარმეების აუდირებულ მონაცემებზე დაყრდნობით, განსაზღვრულ იქნეს დანაკარგების მოცულობა და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოხდეს დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის, დირექტორზე სახელფასო განაცემისა და შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის კორექტირება. ითხოვს გათვალისწინებულ იქნას წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მოხდეს საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული გადასახადების გადაანგარიშება/შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2026 წლის №28555-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლით მოხდა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შესწავლით დადგინდა, რომ საწარმოს ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული სალაროს ნაშთი აღემატება სალაროს გონივრულ ფულად ნაშთს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისის“ მიხედვით, სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა 31.03.2025 წლის მდგომარეობით შეადგენს 804 108 ლარს.

საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი იქნა არაგონივრული ნაშთი თვის ჭრილში. საგადასახადო ვალდებულების მიზნებისთვის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული არაგონივრული ნაშთი - 791 814 ლარი (აგროსილი - 989 767,50 ლარი) დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა-საურავი. გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა აღნიშნულ დარიცხვას და განმარტა, რომ თანხები არ ჰქონდა მიღებული, რადგან გარკვეული პროდუქცია იყო გაფუჭებული და განადგურებული, თუმცა აღნიშნულზე არ გააჩნდა შესაბამისი დოკუმენტი. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, ექსელის ცხრილების ფორმით წარდგენილია კერძების კალკულაციები, ყოველთვიურად რეალიზებული საკონდიტრო და საკვები პროდუქტები ოდენობებისა და ღირებულების მითითებით და მათი წარმოებისთვის გახარჯული ნედლეული. შემოწმებით დადგინდა, რომ საზოგადოებას წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში არასრულად ჰქონდა ასახული ბრუნვები, რაც თავის მხრივ იწვევს ბიუჯეტის კუთვნილი დღგ-ის გაზრდას. შესაბამისად, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რის გამოც მომჩივანს დამატებით დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა-საურავი.

საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი იქნა არაგონივრული ნაშთი თვის ჭრილში. საგადასახადო ვალდებულების მიზნებისთვის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული არაგონივრული ნაშთი - 791 814 ლარი (აგროსილი - 989 767,50 ლარი) დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა-საურავი.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101 (1); 154 (1); 159 (1); 163 (1,2); 164 (1).