ბრძანება N 25328

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.12.2024
№ დოკუმენტი 25328
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25328

03 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

-------------------ის (პ/ნ ----------------)

(მის.: ქ. --------------------------------)

2024 წლის 7 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №122) განიხილა -------------------ის (პ/ნ ----------------) №184795/21-10-21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 5 ნოემბრის №EL266811 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საქონელი, უკან დაბრუნების მიზნით, გადაიტვირთა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში, რომელშიც ასევე განთავსებული იყო ექსპორტისთვის განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი. აღრიცხვის მოწმობის გამოწერის გარეშე შეცდომით განხორციელდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის გატანა.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის პირველ ნოემბერს გეზ „------ის“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა ----------ის მართვის ქვეშ მყოფი №----- სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო შპს „-------ის“ (ს/ნ --------) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი (საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა - №-----/----). აღნიშნული საქონელი, უკან დაბრუნების მიზნით, გადაიტვირთა სხვა №------/------ სატრანსპორტო საშუალებაში, რომელშიც ასევე განთავსებული იყო ექსპორტისთვის განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების დალუქვა №------, №-------- საბაჟო ლუქებით.

მოგვიანებით, ---------ა მოგვმართა №-----/21-10-21 (5.11.2024) განცხადებით და გვაცნობა, რომ 2024 წლის 3 ნოემბერს, აღრიცხვის მოწმობის გამოწერის გარეშე განხორციელდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის (ავეჯი - 3 ადგილი, 336.50 კგ) გატანა საბაჟო კონტროლის ზონიდან. 5 ნოემბერს კი №------/------- სატრანსპორტო საშუალება და მასში განთავსებული საქონელი, დალუქულ მდგომარეობაში (ლუქის ნომრები: №-------, №-------) დაბრუნებულ იქნა გეზ „------ის“ კონტროლის ზონაში. საქონლის დათვალიერების მიზნით სატრანსპორტო საშუალებაზე აიხსნა ლუქები და გადაილუქა ახალი №----, №------ საბაჟო ლუქებით.

საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, წარმოადგენს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ სამართალდარღვევას და იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შესაბამისად, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 5 ნოემბერს შედგენილი №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით -------------ს დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივანს სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაეკისრა პასუხისმგებლობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

სამართალდარღვევისთვის გამოყენებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმის ნაცვლად, გამოყენებულ უნდა იქნეს გაფრთხილება. საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. -------------------ის (პ/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. 2024 წლის 5 ნოემბრის №-------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა შეიცვალოს გაფრთხილებით;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა მომჩივანის მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი . აღნიშნული საქონელი, უკან დაბრუნების მიზნით, გადაიტვირთა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში, რომელშიც ასევე განთავსებული იყო ექსპორტისთვის განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების დალუქვა საბაჟო ლუქებით.

მოგვიანებით, მომჩივანმა მოგვმართა განცხადებით და გვაცნობა, რომ 2024 წლის 3 ნოემბერს, აღრიცხვის მოწმობის გამოწერის გარეშე განხორციელდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის გატანა საბაჟო კონტროლის ზონიდან. 5 ნოემბერს კი სატრანსპორტო საშუალება და მასში განთავსებული საქონელი, დალუქულ მდგომარეობაში დაბრუნებულ იქნა გეზს კონტროლის ზონაში. საქონლის დათვალიერების მიზნით სატრანსპორტო საშუალებაზე აიხსნა ლუქები და გადაილუქა ახალი საბაჟო ლუქებით.

საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, წარმოადგენს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ სამართალდარღვევას და იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შესაბამისად, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 5 ნოემბერს შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

სამართალდარღვევისთვის გამოყენებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს.

ზემოაღნიშნული,სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმის ნაცვლად, გამოყენებულ უნდა იქნეს გაფრთხილება. საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1) ; 170(1);