გადაწყვეტილება №24169/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24169/2/2024
17 აპრილი 202
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,27.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ -ის 22.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24169/2/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 30.11.2023 წლის №19721/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 24.09.2024 წლის №005-138 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 942 581,17 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 404 270
დღგ - 241 011
საშემოსავლო გადასახადი - 163 259
ჯარიმა - 193 564
საურავი - 344 747,17
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა სადღესასწაულო საქონლის იმპორტი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, როგორც საცალოდ ისე საბითუმოდ.
აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2020 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2017 წლიდან 1.06.2020 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2017-2020 წწ შეადგენს 3 830 712 ლარს. კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.08.2020 წლის №22370 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც დაანგარიშებულ იქნა საქონლის კატეგორიების მიხედვით შესაბამისი ფასნამატი.
საგადასახადო ორგანომ მიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების ზუსტად განსაზღვრისათვის ვერ ხერხდება უსაბუთოდ რეალიზებული საქონლის ღირებულების დადგენა. შედეგად, დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. არაპირდაპირი მეთოდით კომპანიის შემოსავლების დათვლისას გამოყენებული იქნა ინვენტარიზაციის ფასნამატი საქონლის ჯგუფების მიხედვით.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის (ორისი) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად, გაიმიჯნა დოკუმენტურად და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონელი.
უსაბუთოდ რეალიზებული საქონელი ჩაითვალა საცალო რეალიზაციად და გავრცელებულ იქნა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი საქონლის კატეგორიების მიხედვით, რამაც გამოიწვია გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების კორექტირება. შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
მთლიან შესამოწმებელ პერიოდში მიღებული/მისაღები შემოსავლისა და გადახდილი/გადასახდელი თანხების მიხედვით გაკეთებული ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზის შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებითი ბარათის შესაბამისად აღნიშნული თანხის ნაწილით პირველ რიგში დაიფარა დამფუძნებლისგან სესხად აღებული თანხის ნაშთი, რაც შეადგენდა 944 837 ლარს. დარჩენილი თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2020 წლის №005-290 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.04.2021 წლის №9989 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის და დადგენილი ფასნამატის ოდენობის საკითხთან დაკავშირებით:
ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- არაპირდაპირი მეთოდით გამოთვლილი შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის, დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 5.04.2021 წლის №9989 ბრძანების აღსრულების შედეგად შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 26.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ დამატებით იქნა გაშიფრული დოკუმენტურად რეალიზებული ის პროდუქცია, რომელთა რეალიზაციის დოკუმენტებში (სასაქონლო ზედნადები) ზომის ერთეულად მითითებული იყო შეკვრა ან სხვა და რომელთა იდენტიფიცირება საგადასახადო შემოწმების დროს, დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას ვერ მოხერხდა. მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით მოხდა დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატის კორექტირება. შედეგად, გადაანგარიშებას (შემცირებას) დაექვემდებარა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი და ჯარიმა. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) გათვალისწინებით.
გადაანგარიშების შედეგად კომპანიას შეუმცირდა დარიცხული გადასახადი და ჯარიმა. აუდიტის დეპარტამენტის 26.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №005-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9822 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 30.11.2023 წლის №19721/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9822 ბრძანება. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის შესწავლა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 30.11.2023 წლის №19721/2/2023 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახურის 5.04.2021 წლის №9989 ბრძანების აღსრულების დროს ფასნამატის დაზუსტების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების საფუძველზე. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უსაბუთოდ რეალიზებული საქონელის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი და აუდიტის დეპარტამენტის 26.01.2023 წლის დასკვნით დაზუსტებული დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინებით (გავრცელებით). აღნიშნულის შედეგების და შემოსავლების სამსახურის 5.04.2021 წლის №9989 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით შეისწავლოს დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს 30.11.2023 წლის №19721/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 13.09.2024 წლის დასკვნის მიხედვით, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით (მათ შორის წინა გადაანგარიშების გათვალისწინებით) დარიცხული გადასახადი და ჯარიმა. აღნიშნულის გათვალისწინებით კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადის და ჯარიმის თანხები.
აუდიტის დეპარტამენტის 13.09.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 24.09.2024 წლის №005-138 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო განმარტავს: საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, შემოსავლების სამსახურის 5.04.2021 წლის №9989 ბრძანების აღსრულების დროს ფასნამატის დაზუსტების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების საფუძველზე.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტებში ამავე ბრძანების შესავალ ნაწილში არ არის მითითებული დეტალურად გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, რომელიც არაერთხელ იყო დაფიქსირებული, კერძოდ:
- ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტმა ფასნამატის გაანგარიშებისას დააწესა ზედა ზღვარი თავისი შეხედულებიდან გამომდინარე - 300%-ის ოდენობით, ფასნამატის გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნეს ასევე დოკუმენტური რეალიზაციები -100%-მდე (მინუს ასი პროცენტამდე), გამოვა დიაპაზონი +300%-დან -100%-მდე, რომელიც მეტნაკლებად შექმნის სამართლიანობის განწყობას და გადამხდელის პოზიციასთან მიახლოებული იქნებოდა ნაწილობრივ მაინც. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებაში მითითებულია გადამხდელის პოზიციის გათვალისწინება, სასურველი იყო კონკრეტულად მითითებულიყო მომჩივნის პოზიცია, რაც საშუალებას არ მისცემდა აუდიტის დეპარტამენტს საკითხის გადაწყვეტის გაჭიანურებისა.
- ზემოაღნიშნული მოთხოვნა გადამხდელის პოზიციის ნაწილში 2024 წლის 3 იანვარს გამოცემულ №19721/2/2023 გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული არ არის.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და 96-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მომჩივანი ესევე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და დავის განმხილველ ორგანოს ყურადღებას მიაქცევს, იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
კომპანიის მოთხოვნებია:
1. საბჭოს №19721/2/2023 გადაწყვეტილების სწორად აღსრულება;
2. გათვალისწინებულ იქნეს დავების განხილვის საბჭოს მიერ მითითებულ საქმის გარემოებები, რომელზეც მხარეთა არგუმენტაციაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, შემოსავლების სამსახურის 5.04.2021 წლის №9989 ბრძანების აღსრულების დროს ფასნამატის დაზუსტების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების საფუძველზე;
3. მნიშვნელოვანი სხვაობაა აღსრულების პროცესში, რადგან უპირველეს ყოვლისა გადაანგარიშება განხორციელდა გადამხდელის ჩართულობის გარეშე, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა იქონია გაანგარიშების საბოლოო შედეგებზე. ასევე, საბჭოს №19721/2/2023 გადაწყვეტილებით დავალებული იყო გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინება, რაც არ მომხდარა;
4. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 მუხლის მიხედვით, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საურავი შეადგენს გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,05 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. გადასახადის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადასახადის გადახდის დღე ვადაგადაცილებულ დღედ ითვლება.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 სექტემბრის №005-138 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით დარიცხული ძირითადი თანხა შეადგენს 404 270 ლარი, ხოლო ამავე საგადასახადო მოთხოვნით გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი შეადგენს 344 747,17 ლარს. საგადასახადო კოდექსის მიხედვით დარიცხული საურავის თანხა არცერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 221 337,82 ლარს. ზემოაღნიშნული საკითხი უპირობოდ უნდა დაექვემდებაროს გადაანგარიშებას.
5. კომპანია უნდა გათავისუფლდეს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საბჭოს 30.11.2023 წლის №19721/2/2023 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახურის 5.04.2021 წლის №9989 ბრძანების აღსრულების დროს ფასნამატის დაზუსტების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების საფუძველზე. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უსაბუთოდ რეალიზებული საქონელის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი და აუდიტის დეპარტამენტის 26.01.2023 წლის დასკვნით დაზუსტებული დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინებით (გავრცელებით). აღნიშნულის შედეგების და შემოსავლების სამსახურის 5.04.2021 წლის №9989 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით შეისწავლოს დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება)
აუდიტის დეპარტამენტის 13.09.2024 წლის დასკვნის მიხედვით, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით (მათ შორის წინა გადაანგარიშების გათვალისწინებით) დარიცხული ძირითადი გადასახადი და ჯარიმა. აღნიშნულის გათვალისწინებით კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული გადასახადის და ჯარიმის თანხები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას სადავო საკითხი შესწავლილი იქნა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში და აღნიშნულის შესაბამისად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 13.09.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 30.11.2023 წლის №19721/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დაკისრებული ჯარიმა-საურავის შემცირების საკითხებთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 30.11.2023 წლის №19721/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანს მიაჩნია შემოსავლების სამსახურის 5.04.2021 წლის №9989 ბრძანების აღსრულების დროს ფასნამატის დაზუსტების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭოს 30.11.2023 წლის №19721/2/2023 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახურის 5.04.2021 წლის №9989 ბრძანების აღსრულების დროს ფასნამატის დაზუსტების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 13.09.2024 წლის დასკვნის მიხედვით, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით (მათ შორის წინა გადაანგარიშების გათვალისწინებით) დარიცხული ძირითადი გადასახადი და ჯარიმა. აღნიშნულის გათვალისწინებით კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული გადასახადის და ჯარიმის თანხები.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 13.09.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 30.11.2023 წლის №19721/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი. დაკისრებული ჯარიმა-საურავის შემცირების საკითხებთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 30.11.2023 წლის №19721/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),101,154,304(21).