ბრძანება N 23712
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23712
28 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2025 წლის 3 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 18 სექტემბერს, 2 ოქტომბერს და 16 ოქტომბერს გამართულ სხდომებზე (ოქმები: №78, №83, №88) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2025 წლის 3 აგვისტოს №97309/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივლისის №056-30 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტ მომწოდებელზე გადახდილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ საინვოისო ღირებულებაზე მეტი თანხები, რაც ჩინეთშია გადარიცხული წარმოადგენს გადახდილ ავანსს და საქონლის იმპორტი უნდა განხორციელდეს მომავალში, რაზეც შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი შეთანხმებები. მიუთითებს, რომ ჩინეთის რესპუბლიკა არ არის შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანა და თანხების გაფლანგვის რისკი ამ ნაწილში არ არსებობს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 მაისის №8972 და 18 ივნისის №12969 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 25 ივნისიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 2 ივლისის №14530 ბრძანება და ამავე თარიღის №056-30 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 507 566 ლარი, მათ შორის გადასახადი 237 558 ლარი, ჯარიმა 270 007 ლარი და საურავი 0 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა საბაჟო შეძენები ჩინეთიდან. შემოწმების მიერ დეტალულად იქნა შესწავლილი საბაჟო ინვოისები და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერები. შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტ კომპანიებზე შესამოწმებელ პერიოდში გადარიცხული ჰქონდა თანხები, რომლებიც მეტი იყო საინვოისო ღირებულებებზე, ან/და არ არსებობდა აღნიშნული კომპანიებიდან საქონლის შეძენის ფაქტი. ამასთან, არარეზიდენტი პირებისგან გადასახადის გადამხდელს აღარ უფიქსირდებოდა შემდგომ პერიოდში საქონლის შეძენა ან გადარიცხული თანხის უკან დაბრუნება.
ზედმეტად გადარიცხული თანხის მიზნობრიობის დასადგენად, გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვილ იქნა მომწოდებელთან გაფორმებული შედარების აქტი, რაც მოწოდებული არ ყოფილა. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისი №22708 ბრძანებით დამტკიცებული მე-11 დანართის შესაბამისად და იმ მომწოდებლებზე ზედმეტად გადახდილი თანხა, რომლის მიზნობრიობაც ვერ დადგინდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების შესაბამისად დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტ კომპანიებზე გადარიცხული ჰქონდა საინვოისო ღირებულებებზე მეტი თანხები და არ არსებობდა აღნიშნული კომპანიებისგან საქონლის შეძენის ფაქტი. ასევე, არ ფიქსირდებოდა შემდგომ პერიოდში საქონლის შეძენა ან გადარიცხული თანხის უკან დაბრუნება.
ზედმეტად გადარიცხული თანხის მიზნობრიობის დასადგენად, გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვილ იქნა მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტები, რაც წარმოდგენილი არ ყოფილა. შემოწმების მიერ, ზედმეტად გადახდილი თანხა, რომლის მიზნობრიობაც ვერ დადგინდა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საკითხის 2025 წლის 18 სექტემბრის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განხილვისას გადასახადის გადამხდელს მიეცა დოკუმენტაცია/მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა და საკითხის განხილვა გადაიდო 2 კვირის ვადით. 2025 წლის 2 ოქტომბერს გადასახადის გადამხდელმა კვლავ ითხოვა 2 კვირიანი ვადა მტკიცებულებების წარსადგენად. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 16 ოქტომბერს 12:10 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა და მტკიცებულებებიც ვერ იქნა წარმოდგენილი. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტ მომწოდებელზე გადახდილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტ კომპანიებზე გადარიცხული ჰქონდა საინვოისო ღირებულებებზე მეტი თანხები და არ არსებობდა აღნიშნული კომპანიებისგან საქონლის შეძენის ფაქტი. ასევე, არ ფიქსირდებოდა შემდგომ პერიოდში საქონლის შეძენა ან გადარიცხული თანხის უკან დაბრუნება.
ზედმეტად გადარიცხული თანხის მიზნობრიობის დასადგენად, გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვილ იქნა მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტები, რაც წარმოდგენილი არ ყოფილა. შემოწმების მიერ, ზედმეტად გადახდილი თანხა, რომლის მიზნობრიობაც ვერ დადგინდა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101 (1); 154 (1).