ბრძანება N 497

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.01.2024
№ დოკუმენტი 497
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 497

16 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2023 წლის 27 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნაზე გამოცემულ უარის თქმის შესახებ შესაგებელს. აცხადებს, რომ არ იქნა შესწავლილი საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა მოთხოვილი დოკუმენტები, რაც სრულად იქნა წარდგენილი, მათ შორის, ახსნა-განმარტება 2023 წლის აგვისტოს თვეში ჩათვლილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის განაშთვასთან დაკავშირებით. განმარტავს, რომ იჯარის ხელშეკრულებით, ვინაიდან პირველი და ბოლო თვეების თანხა გადახდილი იყო წინასწარ, ავანსის საფ-ის განაშთვა მოხდება 2024 წლის ივლისის თვეში. ამასთან, აცხადებს, რომ მოიჯარის მიერ არასწორად განაშთული საფ-თან დაკავშირებით მოიჯარე მხარეს მიმართული აქვს განცხადებით დღგ-ის დეკლარაციის დანართებში ცვლილებების შესახებ. აცხადებს, რომ საწარმოს მხრიდან ადგილი არ აქვს კანონდარღვევას და ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) მიერ წარდგენილი 2023 წლის 29 ნოემბრის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.

შპს „---“ (ს/ნ ---) განმარტავს, რომ ზედმეტობა გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: ეწევა მეორადი შერეული საქონლის იმპორტს და ახდენს მის რეალიზაციას. იმპორტირებულ საქონელზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. მოცემული მოთხოვნის (ID: ----) საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მოთხოვნაში განმარტებას ექვემდებარებოდა დეტალური ინფორმაცია საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის შესახებ, ანგარიშსწორების ფორმა (ნაღდი თუ უნაღდო); ასევე წარმოსადგენია იჯარის ხელშეკრულებები სრულად; 2023 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლილია ავანსის საფ-ი ავ----, რომელიც არ არის განაშთული საბოლოო საფ-ით, დაზუსტებას ექვემდებარება შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაცია;

წარმოდგენას ექვემდებარება ინფორმაცია სმფ-ების ნაშთის და დასაწყობების ადგილის შესახებ, ფასნამატის შესახებ, სმფ-ების მოძრაობის და ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ, 2020 წლიდან საანგარიშო პერიოდის დეტალური ამონაწერები ყველა საბანკო ანგარიშიდან. ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით საწარმომ წარადგინა დაზუსტებული მოთხოვნა (ID: ---), რომლის საპასუხოდ 2023 წლის 20 დეკემბერს „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშწორების განხორციელებისა და ბიუჯეტებში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაეგზავნა შესაგებელი (ID ---). კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე დადგენილ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობის გამო, კერძოდ, საწარმოს მიერ არ იყო განაშთული 2023 წლის აგვისტოს თვის დღგის დეკლარაციით ჩათვლილი ავანსის საფ ავ---- საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავით დადგენილია ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.

ამავე ინსტრუქციის 131 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ამავე ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 11 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება „მოთხოვნის“ შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე.

ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად პირს განესაზღვრა 5 სამუშაო დღე, რაც დადგენილ ვადაში მის მიერ სრულად არ იქნა გამოსწორებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, მართლზომიერია წარდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნაზე გამოცემულ უარის თქმის შესახებ შესაგებელს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე დადგენილ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობის გამო.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63; 65.