გადაწყვეტილება №18965/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.04.2023
№ დოკუმენტი 18965/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18965/2/2023

7.04.2023

გადაწყვეტილება

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“ 26.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18965/2/2023).

დავის საგანი:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;

2. ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;

3. ნაღდი ფულის დანაკლისის დირექტორის ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ოქტომბრის №007-279 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 თებერვლის №2184 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 781 512 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 488 089

დღგ - 187 526

საშემოსავლო გადასახადი - 300 563

ჯარიმა - 244 045

საურავი - 49 378

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა ჰიდროთესვა და გაზონური ბალახის დაგებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 მაისის №13233 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 16 ივნისამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ოქტომბრის №26522 ბრძანება და №007-279 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 781 512 ლარი.

 

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 14 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 8 თებერვლის №2184 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ფორმა №2-ები);

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 თებერვლის №2184 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან ამოღებული და დამუშავებულ იქნა ტენდერებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულზე დაყრდნობით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს მონაწილეობა აქვს მიღებული ქ. "------" -ის მერიის მიერ გამოცხადებულ ოთხ ტენდერში, საიდანაც სამი დასრულებულია, ხოლო მე-4 მიმდინარეა. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მონაწილეობა აქვს მიღებული ქ. "------"-ის მუნიციპალიტეტის მერიის გამოცხადებულ ოთხ ტენდერში, რომელთაგან სამი დასრულებულია. დასრულებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, კერძოდ, განთავსებულია ქ. "-----"-ის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და შპს „-------“ დირექტორის მიერ ხელმოწერილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები. რაც შეეხება მეოთხე მიმდინარე ტენდერს, შემოწმების მიერ დაბეგვრა განხორციელდა ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების (მიღება-ჩაბარების აქტების) შესაბამისად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ არის წარდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი არგუმენტაცია ან/და დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ოთხივე ტენდერი წარმოადგენს მიმდინარე სამუშაოებს, ხოლო მომჩივნის მიერ შესრულებულია სამუშაოების მხოლოდ ნაწილი და აღნიშნულზე გამოწერილია ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც დეკლარირებულია და დაბეგრილია დღგ-ით, ხოლო დანარჩენ სამუშაოების ნაწილზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამუშაოები და არ არის დასრულებული, ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა დაბეგვრა განახორციელა დაუსრულებელ სამუშაოებზე, რაც საგადასახადო კოდექსით არ არის გათვალისწინებული.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, პირველადი საგადასახადო დოკუმენტების და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან ამოღებული ინფორმაციის შესწავლისა და დამუშავების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საწარმოს მონაწილეობა აქვს მიღებული ქ. "------"-ის მუნიციპალიტეტის მერიის გამოცხადებულ ოთხ ტენდერში, რომელთაგან სამი დასრულებულია. დასრულებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. რაც შეეხება მეოთხე მიმდინარე ტენდერს, საგადასახადო ორგანოს მიერ დაბეგვრა განხორციელდა ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების (მიღებაჩაბარების აქტების) შესაბამისად.

ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს დეკლარირებული დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე საბანკო გადარიცხვების მეშვეობით გაცემული ხელფასი. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნული განაცემები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერებით, საწარმოს მიერ გადარიცხული ხელფასები უფიქსირდებათ პირებს, რომლებიც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, რეგისტრირებული არიან ფიზიკურ პირებად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ არის წარდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი არგუმენტაცია ან/და დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

თანხები, რომელიც გადარიცხულია საწარმოს საბანკო ანგარიშიდან ფიზიკურ პირებზე, არის მომსახურების ანაზღაურება და ფიზიკური პირები რეგისტრირებული არიან მცირე მეწარმეებად და მათ ევალებათ საგადასახადო ორგანოში თვითონვე წარადგინონ დეკლარაცია, გადაიხადონ გადასახადი მიღებული შემოსავლის 1%-ის ოდენობით. აქედან გამომდინარე, კომპანიას არ მოუხდენია საშემოსავლო გადასახადის 20%-ის დაკავება და ბიუჯეტში გადახდა, რის გამოც აღნიშნულ დარღვევაზე დარიცხული გადასახადები უნდა გაუქმდეს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საწარმოს არ აქვს დეკლარირებული დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე საბანკო გადარიცხვების მეშვეობით გაცემული ხელფასი.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მომჩივნის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერებით, კომპანიის მიერ გადარიცხული ხელფასები უფიქსირდებათ პირებს, რომლებიც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, რეგისტრირებული არიან ფიზიკურ პირებად.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ნაღდი ფულის დანაკლისის დირექტორის ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

შემოწმების ეტაპზე განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის შესწავლა, გაანგარიშებულ შემოსავლებს შეუპირისპირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. მომჩივნის ახსნაგანმარტებით ირკვევა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გააჩნდა ფულადი ნაშთი 120 142 ლარის ოდენობით (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე). ზემოაღნიშნული ნაშთების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის მაისის თვის ბოლოს უნდა უფიქსირდებოდეს სალაროს ნაშთი 1 147 252 ლარის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის დანაკლისი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 154-ე, 136-ე, 72-ე, 105- ე, 43-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე.

გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, განესაზღვრა ყველა იმ მასალის და ნედლეულის საბაზრო ფასები, რომლებიც გამოყენებულია სამუშაოების შესასრულებლად და აღნიშნული თანხები გამოეკლო სალაროში ე.წ. ნაშთად არსებული ფულისთვის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ფორმა №2-ები). თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები,საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი შემოწმების შედეგებით შეადგენს 1 079 565 ლარს, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი აუდიტის დეპარტამენტის მიერ განისაზღვრა 1 147 252 ლარით. აქედან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად და საწარმოს მიერ შესრულებული სამუშაოები, რომელიც დადასტურებულია "------" -ის მერიის მიერ და ასახულია ყველა ის მასალები და ნედლეული, რომელიც წარმოადგენს აუცილებელ ელემენტებს სამუშაოების შესასრულებლად, შესაბამისად უნდა განისაზღვროს ყველა იმ მასალის და ნედლეულის საბაზრო ფასები, რომლებიც გამოყენებულია სამუშაოების შესასრულებლად და აღნიშნული თანხები გამოაკლდეს სალაროში ე.წ. ნაშთად არსებულ ფულს და ამის შემდგომ გაანგარიშდეს საშემოსავლო გადასახადი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის შესწავლა, გაანგარიშებულ შემოსავლებს შეუპირისპირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. მომჩივნის ახსნა-განმარტების მიხედვით, კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გააჩნდა ფულადი ნაშთი 120 142 ლარის ოდენობით (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე). ზემოაღნიშნული ნაშთების გათვალისწინებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის მაისის თვის ბოლოს უნდა უფიქსირდებოდეს სალაროს ნაშთი 1 147 252 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის დანაკლისი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.

შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტაცია და საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მისცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ფორმა №2-ები). ამასთან, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე- 5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით,სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.