გადაწყვეტილება №24366/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.02.2025
№ დოკუმენტი 24366/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24366/2/2024

20 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 29.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24366/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2922 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 სექტემბრის №006-439 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 7 ნოემბრის №23717 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 98 972.05 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 49 828

დღგ - 18 042

საშემოსავლო გადასახადი - 31 786

ჯარიმა - 22 708

საურავი - 26 436.05

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სატრანსპორტო გადაზიდვების განხორციელება საქართველოში, რისთვისაც ძირითადად იყენებს მის საკუთრებაში არსებულ სატვირთო ავტომობილს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის №3129 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს როგორც საშემოსავლო გადასახადის წლიური, ისე დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები. მათი მონაცემების შედარებისას ირკვევა, რომ 2020 და 2021 წლების ერთობლივი შემოსავალი ნაკლებია შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში დაფიქსირებულ დასაბეგრ ბრუნვებზე, რაც თავის მხრივ ძირითადად შესაბამისობაშია გადამხდელის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან. დღგ-ის დეკლარაციებთან გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა შესაბამისი პერიოდის ერთობლივი შემოსავალი. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

- მეწარმემ, ორგზის მოთხოვნის მიუხედავად, საგადასახადო ორგანოს არ წარუდგინა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტების შეფასება. ამ გარემოების საფუძველზე, გამოყენებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილება და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. ამისათვის ანალიზი ჩაუტარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს, მ.შ. მის საკუთრებაში არსებული ავტომობილის მეშვეობით სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებულ გადაზიდვებს. შედარებისას გამოვლინდა ისეთი გადაზიდვები, რომლებიც ვერ განიმარტებოდა გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. საბანკო ანგარიშის ანალიზის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე გადახდა, რომელიც ასევე არ შეესაბამებოდა დოკუმენტურად გაფორმებულ მომსახურებებს. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ დღგ-ში დეკლარირებული მონაცემები ეყრდნობოდა გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებს, დადასტურდა ისეთი გადაზიდვების არსებობა, რაც მეწარმეს ასახული არ ჰქონდა გამოწერილ დოკუმენტებში და შესაბამისად, დეკლარირებულ მონაცემებშიც. სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების შესაფასებლად გამოყენებულ იქნა იმავე პერიოდებში გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული ფასები გადაზიდვის დისტანციების მიხედვით. შესაბამის პერიოდებში მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ერთობლივი შემოსავლების გაზრდა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

- საგადასახადო შემოწმება დაინიშნა საგამოძიებო სამსახურის მიმართვის საფუძველზე. რევიზიის დანიშვნის დადგენილებაში მითითებულია მეწარმეზე გამოწერილი რამდენიმე საგადასახადო ანგარიშფაქტურის შესახებ. კერძოდ, გადამხდელს შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიღებული აქვს ანგარიშფაქტურები: ეა----------, ეა---------- და ეა----------, სადაც მითითებულია 2022 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეებში სულ 44 190 ლარის ღირებულების მომსახურების (სატვირთო მანქანის და მისაბმელის ტენტის შეკეთება, ზეთის შეცვლის მომსახურება და რემონტი) გაწევაზე. გადამხდელმა შემოწმებასთან არ ითანამშრომლა და ვერც საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოკითხვების შინაარსით დასტურდებოდა ამ მნიშვნელოვანი ხარჯების (რომლის ღირებულება გაცილებით მეტია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ღირებულებაზე) გაწევის გარემოებები და მიზნობრიობა. შესაბამისი ჩათვლები (6 740.84 ლარი) გადამხდელის მიერ სრულად იყო გამოყენებული. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს უფლება აქვს ჩაითვალოს შეძენისას გადახდილი/გადასახდელი დღგ, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისათვის. გადამხდელი შემოწმებასთან არ თანამშრომლობდა და შეუძლებელი გახდა აღნიშნული მომსახურების დასაბეგრ ოპერაციებში და საერთოდ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურება. შემოწმების მიერ ზემოაღნიშნული ჩათვლები დაექვემდებარა გაუქმებას.

- მომჩივანს წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები, სადაც მითითებულია შესაბამისი გამოქვითვების შესახებ. გადამხდელმა არ წარადგინა გამოქვითვების დეტალური გაშიფვრა. შემოწმებამ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული დოკუმენტური შეძენების და სხვა ცნობილი მონაცემების საფუძველზე მოახდინა გამოქვითვების კორექტირება. მ.შ.: 1) გამოქვითვას არ დაექვემდებარა შპს „----------“ მიღებული შეძენები, ვინაიდან არ დასტურდება მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება; 2) გამოქვითვიდან გამოირიცხა 2022 წლის დეკლარაციით ნაჩვენები საპროცენტო ხარჯები, ვინაიდან მათი არსებობა და მიზნობრიობა სხვადასხვა მონაცემებით, მ.შ. საბანკო ანგარიშებით, არ დასტურდება; 3) გამოქვითვას დაექვემდებარა ბანკის მომსახურების ხარჯები (საბანკო ანგარიშის საფუძველზე); 4) გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე დეკლარირებული და შემდგომ პერიოდებში გადატანილი ზარალი, რაც შემოწმების მიხედვით არ დადასტურდა. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

- გადასახადის გადამხდელმა, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, შემოწმებას არ წარუდგინა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, სადაც დეტალურად იქნებოდა გაწერილი მ.შ. ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის ხარჯვა. წარდგენილი ფრაგმენტული მონაცემებით ცნობილი გახდა მხოლოდ გამოყენებული საწვავის ხარჯვის ნორმის შესახებ (45 ლარი 100 კმ-ზე). ამ და სხვა (მ.შ. გადამხდელის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული სატრანსპორტო გადაზიდვების დისტანციების შესახებ) მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეფასებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის რაოდენობა და ღირებულება. საწვავის შეძენაზე გაწეული სხვა ხარჯები, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება, ექვემდებარება ამოღებას შესაბამისი პერიოდების გამოქვითვებიდან. გარდა ამისა, შემცირებას ექვემდებარება სპეც. ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგის ჩათვლები. მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №17539 ბრძანება და №006-369 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 125 318.03 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 22 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 19 სექტემბრის №22977 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 9.10.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 22.12.2023 წლის №21012/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 სექტემბრის №22977 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 12.02.2024 წლის №2922 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. პირველ, მე-2 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, საწვავის ხარჯი განსაზღვროს აუდირებული მონაცემების (აუდიტის დეპარტამენტში არსებული პრაქტიკის) მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2922 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.09.2024 წლის დასკვნა, 24.09.2024 წლის №20876 ბრძანება და №006-439 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 29 788 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 98 972.05 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 22 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 7 ნოემბრის №23717 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნას და მიუთითებს შემდეგს:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 თებერვლის №2922 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები აუდიტის დეპარტამენტისათვის არ წარუდგენია. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები ამ საკითხში შემცირებას არ დაექვემდებარა.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შეფასებულ იქნა გადამხდელის სატვირთო ავტომობილის ტვირთის გარეშე გადაადგილების საწვავის ხარჯები წინა სატრანსპორტო მომსახურების დასრულების პუნქტიდან მომდევნო მომსახურების საწყის პუნქტამდე. ამისათვის გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აღნიშნული დისტანციების შესახებ. ასევე, ღია ინტერნეტ წყაროებში მოძიებული მონაცემები ხარჯვის ნორმის თაობაზე ტვირთის გარეშე მოძრაობისას სატვირთო ავტომობილის აღნიშნული მოდელისათვის (დაკორექტირდა 25%-ით სატვირთო ავტომობილის ხანდაზმულობის გამო - ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანების შესაბამისად). აღნიშნული მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეფასებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის დამატებითი რაოდენობა და ღირებულება. შესაბამისად, განხორციელდა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1. ტვირთების გადაზიდვას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებდა საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომანქანის მეშვეობით. მაღალი დატვირთვის პირობებში, გაიზარდა სატვირთო ავტომანქანის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები. იმისათვის რომ კლიენტებთან ურთიერთობა არ გაფუჭებულიყო (ამ სფეროში მნიშვნელოვანია სტაბილური პარტნიორობა), უწევდა სხვა სატვირთოების ქირაობა. უმეტეს შემთხვევაში სატვირთო ავტომანქანებს ქირაობდა თავისი ოჯახის წევრებისგან. ასეთ შემთხვევებში ანგარიშსწორება ცხადია საბაზრო ფასით ხდებოდა, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე. იყო შემთხვევები, როდესაც ისინი სარგებლობდნენ მომჩივნის მომსახურებით. ასეთ შემთხვევებში სასაქონლო ზედნადებში გამოჩნდებობდნენ სხვ პირები, მისი ოჯახის წევრების კლიენტები. სწორედ ასეთ შემთხვევებში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით გაზარდა საგადასახადო ორგანომ დასაბეგრი ბრუნვები, როგორც დღგ-ის ასევე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. სულ ჯამში დედაზე - ---------- და დაზე - ---------- გაწეული გადაზიდვის მომსახურების ღირებულება (ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით) შეადგენს დაახლოებით 25 000 ლარს, რაც ნიშნავს იმას, რომ სულ მცირე აღნიშნული თანხის ოდენობით უნდა შემცირდეს საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები.

2. შემოწმების მიერ საწვავის ხარჯის გაანგარიშება განხორციელდა სასაქონლო ზედნადებებში მითითებული, ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილებს შორის მანძილის მიხედვით. გადაანგარიშებისას აუდიტის დეპარტამენტმა ნაწილობრივ გაითვალისწინა მომჩივნის პოზიცია და ტრანსპორტირების დაწყების წერტილამდე გავლილ მანძილზე გაწეული საწვავის ხარჯი ჩათვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად, თუმცა სრულად არ გაუთვალისწინებია გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული გავლილი მანძილების გაანგარიშება. შესამოწმებელ პერიოდში საქართველოში საავტომობილო გზებზე (ძირითადად თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე) მიმდინარეობდა აქტიური სამუშაოები, რომლის დიდი ნაწილი დასრულდა საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ. შემოწმების ჯგუფმა google.map-ის მეშვეობით მანძილები გაზომა მიმდინარე მდგომარეობით. შესაბამისად, სახეზეა აცდენები მეწარმის სატრანსპორტო საშუალებების მიერ გავლილ მანძილებთან. მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ხელახლა მოახდინოს სადავო საკითხის შესწავლა, ამჯერად მოხდეს მანძილების გადათვლა შესამოწმებელ პერიოდში საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.

გადასახადის გადამხდელი ითხოვს გაუქმდეს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით კიდევ ერთხელ შეისწავლოს სადავო საკითხები მომჩივნის მონაწილეობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2922 ბრძანებით, პირველ, მე-2 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, საწვავის ხარჯი განსაზღვროს აუდირებული მონაცემების (აუდიტის დეპარტამენტში არსებული პრაქტიკის) მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, პირველ, მე-2 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია. შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ საკითხებში შემცირებას არ დაექვემდებარა. მე-3 სადავო საკითხი შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და სხვადასხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე გათვალისწინებულ იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული გამოკითხვის მასალები, აგრეთვე ის გარემოება, რომ აღნიშნული კონკრეტული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბე გამოძიების მიხედვით დადგენილი არ არის. არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე განხორციელდა მეწარმის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შეფასებულ იქნა გადასახადის გადამხდელის სატვირთო ავტომობილის ტვირთის გარეშე გადაადგილების საწვავის ხარჯები წინა სატრანსპორტო მომსახურების დასრულების პუნქტიდან მომდევნო მომსახურების საწყის პუნქტამდე. ამისათვის გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აღნიშნული დისტანციების შესახებ (დაკორექტირდა google.maps-ის მიხედვით), ასევე ღია ინტერნეტ წყაროებში მოძიებული მონაცემები ხარჯვის ნორმის თაობაზე ტვირთის გარეშე მოძრაობისას სატვირთო ავტომობილის აღნიშნული მოდელისთვის (დაკორექტირდა 25%-ით სატვირთო ავტომობილის ხანდაზმულობის გამო - ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანების შესაბამისად). აღნიშნული მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეფასებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის დამატებითი რაოდენობა და ღირებულება. შესაბამისად, განხორციელდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში.

გადაანგარიშების შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხა 29 788 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 19 853 ლარი და ჯარიმა - 9 935 ლარი.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №---------- წერილი, სადაც მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელი ეკონომიკურ საქმიანობაში (სატრანსპორტო გადაზიდვები საქართველოში) ძირითადად იყენებდა მის საკუთრებაში არსებულ სატვირთო ავტომობილს (----------). ვინაიდან მეწარმემ შემოწმებას არ წარუდგინა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტების შეფასება, გამოყენებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამისთვის ანალიზი ჩაუტარდა ელექტრონულ ბაზებში არსებულ მონაცემებს, მ.შ. მის საკუთრებაში არსებული ავტომობილის (----------) მეშვეობით სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებულ გადაზიდვებს. გამოვლინდა ისეთი გადაზიდვები, რომლებიც ვერ განიმარტებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული კონკრეტული გადაზიდვების მიხედვით ამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. იმის გათვალისწინებით, რომ მეწარმის მიერ დღგ-ში დეკლარირებული მონაცემები ეყრდნობოდა გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებს, დადასტურდა ისეთი გადაზიდვების არსებობა, რაც მომჩივანს ასახული არ ჰქონდა გამოწერილ დოკუმენტებში და შესაბამისად დეკლარირებულ მონაცემებშიც. არადეკლარირებული შემოსავლები ასევე დადასტურდა წარდგენილი საბანკო ანგარიშის მოძრაობის შესწავლის საფუძველზეც. შესაბამისად, შემოწმების აქტით გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში. შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2922 ბრძანების მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენის წინადადება, თუმცა მის მიერ რაიმე დამატებითი მტკიცებულების წარდგენა არ მომხდარა. შესაბამისად, 19.09.2024 წლის დასკვნის მიხედვით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ საკითხში შემცირებას არ დაექვემდებარა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ 19.09.2024 დასკვნით შეფასდა საწვავის დამატებითი ხარჯები სატვირთო ავტომობილის ტვირთის გარეშე გადაადგილებისათვის წინა სატრანსპორტო მომსახურების დასრულების პუნქტიდან მომდევნო მომსახურების საწყის პუნქტამდე. ამისათვის გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აღნიშნული დისტანციების შესახებ (დაკორექტირდა google.maps-ის მიხედვით), ასევე ღია ინტერნეტ წყაროებში მოძიებული მონაცემები ხარჯვის ნორმის თაობაზე ტვირთის გარეშე მოძრაობისას სატვირთო ავტომობილის აღნიშნული მოდელისთვის (დაკორექტირდა 25%-ით სატვირთო ავტომობილის ხანდაზმულობის გამო - ფინანსთა მინისტრის 18.04.2011წ №230 ბრძანების შესაბამისად). აღნიშნული მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეფასდა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის დამატებითი რაოდენობა და ღირებულება. შესაბამისად, განახორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში.

ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეიძლება გამხდარიყო გადაანგარიშების შედეგების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2922 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის წერილი, სადაც მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელი ეკონომიკურ საქმიანობაში (სატრანსპორტო გადაზიდვები საქართველოში) ძირითადად იყენებდა მის საკუთრებაში არსებულ სატვირთო ავტომობილს. ვინაიდან მეწარმემ შემოწმებას არ წარუდგინა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტების შეფასება, გამოყენებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამისთვის ანალიზი ჩაუტარდა ელექტრონულ ბაზებში არსებულ მონაცემებს, მ.შ. მის საკუთრებაში არსებული ავტომობილის მეშვეობით სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებულ გადაზიდვებს. გამოვლინდა ისეთი გადაზიდვები, რომლებიც ვერ განიმარტებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული კონკრეტული გადაზიდვების მიხედვით ამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. იმის გათვალისწინებით, რომ მეწარმის მიერ დღგ-ში დეკლარირებული მონაცემები ეყრდნობოდა გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებს, დადასტურდა ისეთი გადაზიდვების არსებობა, რაც მომჩივანს ასახული არ ჰქონდა გამოწერილ დოკუმენტებში და შესაბამისად დეკლარირებულ მონაცემებშიც. არადეკლარირებული შემოსავლები ასევე დადასტურდა წარდგენილი საბანკო ანგარიშის მოძრაობის შესწავლის საფუძველზეც. შესაბამისად, შემოწმების აქტით გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში. შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2922 ბრძანების მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენის წინადადება, თუმცა მის მიერ რაიმე დამატებითი მტკიცებულების წარდგენა არ მომხდარა. შესაბამისად, 19.09.2024 წლის დასკვნის მიხედვით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ საკითხში შემცირებას არ დაექვემდებარა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ 19.09.2024 დასკვნით შეფასდა საწვავის დამატებითი ხარჯები სატვირთო ავტომობილის ტვირთის გარეშე გადაადგილებისათვის წინა სატრანსპორტო მომსახურების დასრულების პუნქტიდან მომდევნო მომსახურების საწყის პუნქტამდე. ამისათვის გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აღნიშნული დისტანციების შესახებ (დაკორექტირდა google.maps-ის მიხედვით), ასევე ღია ინტერნეტ წყაროებში მოძიებული მონაცემები ხარჯვის ნორმის თაობაზე ტვირთის გარეშე მოძრაობისას სატვირთო ავტომობილის აღნიშნული მოდელისთვის (დაკორექტირდა 25%-ით სატვირთო ავტომობილის ხანდაზმულობის გამო - ფინანსთა მინისტრის 18.04.2011წ №230 ბრძანების შესაბამისად). აღნიშნული მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეფასდა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის დამატებითი რაოდენობა და ღირებულება. შესაბამისად, განახორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).