ბრძანება N 30932

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.12.2023
№ დოკუმენტი 30932
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 30932

11 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის პირველი ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №120) განიხილა შპს “--------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის პირველი ნოემბრის №84561/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №236-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის N7690 და 2023 წლის 26 სექტემბრის N23495 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს “---------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 26 თებერვლიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2023 წლის 7 აპრილის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 13 ოქტომბრის №25470 ბრძანება და ამავე თარიღის №236-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 125 144 ლარი, მათ შორის, გადასახადი 66 977 ლარი, ჯარიმა 34 350 ლარი, საურავი 23 817ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს ,,----------“ (ს/ნ-----------) საქმიანობის სფეროს წარმოადგენს, ტენდერების მეშვეობით, სანიაღვრე სისტემების მოწყობის სამუშაოების ჩატარება, ასევე, საყრდენი კედლების მოწყობა/რეაბილიტაცია, ბეტონის ფილების მოწყობის სამუშაოები და სხვა. კომპანია რიგ შემთხვევებში გამოდის ქვეკონტრაქტორის სახით და გარკვეულ სამუშაოებს უსრულებს კერძო კომპანიებს. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ტექნიკის იჯარით გაცემის და საქონლის მიწოდების ოპერაციები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების და საბუღალტრო პროგრამის დამუშავების შედეგად, ირკვევა, რომ კომპანია სამუშაოების შესრულებისას იყენებს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების შრომას. ამასთან, აღნიშნული მცირე მეწარმეების ნაწილი რეგისტრირებულნი არიან იმ პერიოდიდან, როდესაც იწყებენ შემოსავლების მიღებას შპს ,,-----------“, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ამ კომპანიისგან უფიქსირდებათ შემოსავლები (როგორც მცირე მეწარმეს) და რიგ შემთხვევებში შემოსავლის მიღების დასრულების შემდგომ იუქმებენ სტატუსს. შემოწმებით, ჩატარდა ანალიზი ფულადი სახსრების მოძრაობის კუთხით და დადგინდა, რომ ხარჯების დიდი ნაწილი გაცემულია მცირე მეწარმეებზე, იმ პირობებში როდესაც კომპანიის დამფუძნებელ/დირექტორზე მთლიან შესამოწმებელ პერიოდში დივიდენდის გაცემა არ ფიქსირდება და გაცემული ხელფასი შეადგენს 9 086 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, რიგი მცირე მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურება დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით, მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ კონტრაქტორ პირებს მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული ჰქონდათ კანონმდებლობის სრული დაცვით. შპს “---------“ თითოეულ მეწარმესთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები გარკვეული სამუშაოს შესრულებაზე, ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მიხედვით გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები და ამ აქტების მიხედვით კომპანიას ანაზღაურებული აქვს ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ღირებულება. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების უმეტესობა 2013-2014 წლებიდან ახორციელებს დამოუკიდებელ სამეწარმეო საქმიანობას, ხოლო, მცირე ბიზნესის სტატუსი შპს “-------------“ ხელშეკრულების გაფორმებამდე ჰქონდათ მიღებული. ზემოთ მოყვანილ არგუმენტებზე დაყრდნობით, გადამხდელი მიიჩნევს, რომ სახეზეა ორი დამოუკიდებელი სამეწარმეო სუბიექტის ურთიერთობა და მომსახურების კონტრაქტის შრომით ურთიერთობად კვალიფიცირების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

საჩივარში დასმულ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხვა განხორციელდა 5 მცირე მეწარმეზე გადახდილი თანხებიდან გამომდინარე. მათგან ერთ-ერთი, ი/მ -----------(პ/ნ ----------), მცირე მეწარმედ რეგისტრირებულია 2020 წლის 1 ივნისს, ხოლო კომპანიასთან ეკონომიკური ურთიერთობა დაიწყო 2021 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში. ამასთან, მეწარმე ადეკლარირებს სხვა კომპანიებისგან მიღებულ შემოსავალს. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, (4 მცირე მეწარმე), პირებს შპს ,,-----------“ ხელშეკრულების გაფორმებამდე დეკლარირებული მცირე მეწარმის შემოსავალი არ უფიქსირდებათ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ი/მ ---------- (პ/ნ ---------) გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს “----------“ (ს/ნ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ი/მ ------------- (პ/ნ -----------) გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით ირკვევა,რომ კომპანია სამუშაოების შესრულებისას იყენებს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების შრომას. ამასთან, აღნიშნული მცირე მეწარმეების ნაწილი რეგისტრირებულნი არიან იმ პერიოდიდან, როდესაც იწყებენ შემოსავლების მიღებას მომჩივანისგან. ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ამ კომპანიისგან უფიქსირდებათ შემოსავლები (როგორც მცირე მეწარმეს) და რიგ შემთხვევებში შემოსავლის მიღების დასრულების შემდგომ იუქმებენ სტატუსს. შემოწმებით, ჩატარდა ანალიზი ფულადი სახსრების მოძრაობის კუთხით და დადგინდა, რომ ხარჯების დიდი ნაწილი გაცემულია მცირე მეწარმეებზე, იმ პირობებში როდესაც კომპანიის დამფუძნებელ/დირექტორზე მთლიან შესამოწმებელ პერიოდში დივიდენდის გაცემა არ ფიქსირდება. მცირე მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურება დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად და შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);101(1);154(1)