ბრძანება N 31223

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.12.2023
№ დოკუმენტი 31223
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 31223

12 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სს „----ის“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2023 წლის 8 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №122) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 ნოემბრის №20482/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული სს „---ს“ (ს/ნ ---) №79556/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის №006-32 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება არარეზიდენტ იურიდიულ პირებზე გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ კომპანიის მხრიდან ნამდვილად გადარიცხულია თანხები არარეზიდენტ იურიდიულ პირებთან, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ ლიკვიდურობის პროვაიდერები და საწარმოსთვის უნდა გაეწიათ მომსახურება. გადამხდელის განმარტებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული იყო მხარეების მოვალეობები, რომელიც დაკავშირებული იყო კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ---ს უნდა გაეწია საბროკერო მომსახურება, რაც გულისხმობდა სავაჭრო პლატფორმის გამოყენებას კლიენტების პოზიციების გასახსნელად და დასახურად. უფლება ეძლეოდა გამოეყენებინა კომპანია ---ის ტექნოლოგიები, სერვისები საკუთარი სახელით. ასევე, ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში საწარმოს მაინც უნდა გადაეხადა ----ისთვის შესაბამისი ანაზღაურება. გარდა, ამისა გადამხდელი აღნიშნავს, რომ ---რეგისტრირებული იყო მაღალი რისკის სტატუსის მქონე ქვეყანაში და შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 7 ივლისის შეტყობინების მიხედვით, უფლება არ ჰქონდა განეხორციელებინა აღნიშნულ კომპანიასთან ეკონომიკური საქმიანობა და სხვა ურთიერთობა, ხოლო გადარიცხული თანხები უკან დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა. რაც შეეხება მეორე არარეზიდენტ კომპანიას (---), იგი ფუნქციონირებს 2012 წლიდან და დაინტერესებულ პირებს აძლევს წვდომას მსოფლიოს 50-მდე ბაზარზე, რომლის პროდუქტი არის განკუთვნილი ფინანსური ინსტიტუტებისთვის. შესაბამისად, აცხადებს, რომ საფონდო ბირჟაზე და სავალუტო ბაზარზე ვაჭრობასთან დაკავშირებული ხარჯი არის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული. ამასთან, საქართველოში რეგისტრირებულ საბროკერო კომპანიას თუ არ აქვს საბროკერო საქმიანობის ლიცენზია ან საწარმო არ წარმოდგენს ლეგალურ ფინანსურ ინსტიტუტს, როგორც ფინანსური დაწესებულება ვერ შეძლებს ასეთი ტიპის ორგანიზაციაში ანგარიშების გახსნას და სერვისით სარგებლობას. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, გადამხდელი აცხადებს, რომ გადარიცხვების ტრანზაქციების განხორციელება დაკავშირებული იყო მის ეკონომიკურ საქმიანობასთან და ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული გადასახადის, ჯარიმისა და საურავის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 სექტემბრის №22975 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №006-1051 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით სს „---ს“ (ს/ნ ---) 2022 წლის 9 თებერვლის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. სს „---ის“ (ს/ნ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს მე-2 სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს."

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 სექტემბრის №22975 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 31 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 6 თებერვლის №006-32 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 20 ივნისის №13938 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13938 ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 14 ნოემბრის №20482/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13938 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 ნოემბრის №20482/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 სექტემბრის №22975 ბრძანების შესაბამისად, გადაანგარიშების პროცესში საზოგადოებას დაევალა დამატებითი დოკუმენტების/ინფორმაციის წარმოდგენა, რაც საქმის ირგვლივ დაადგენდა დამატებით ფაქტობრივ გარემოებებს. გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა შესაბამისი მასალების წარმოდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადაანგარიშების პროცესში საქმის ირგვლივ დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად საწარმოს დაევალა დამატებითი დოკუმენტების/ინფორმაციის წარმოდგენა, ჩატარდა ადგილზე გასაუბრებაც და დაევალა არარეზიდენტ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების წარმოდგენა. გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა შესაბამისი მასალების წარმოდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. სს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13938 ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 14 ნოემბრის №20482/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13938 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 304 (21).