გადაწყვეტილება № 104084/1/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.09.2026
№ დოკუმენტი 104084/1/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 104084/1/2026

16 სექტემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -----16.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №104084/1/2026).

 

დავის საგანი:

დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.07.2026 წლის №001-179 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.08.2026 წლის №17888 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 27 795.49 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 15 308

ჯარიმა - 9 934

საურავი - 2 553.49

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 18 მარტს, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა 2024 წლის პირველი მაისიდან. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 აპრილის №8956 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 21 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით ირკვევა, შემდეგი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო ბაზების მონაცემთა ანალიზის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანმა 2024 წლის 18 ნოემბერს გადააჭარბა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის სავალდებულო ზღვარს.

ამასთან, მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდებში მიღებული აქვს ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც სრულად გათვალისწინებულია (ჩათვლილია) საგადასახადო შემოწმების ფარგლებში. ამდენად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 ივლისის №16753 ბრძანება და ამავე თარიღის №001-179 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.08.2026 წლის №17888 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 282-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ადგილი არ ჰქონია გადასახადისგან თავის არიდებას, თვითონ ახდენდა დეკლარირებას და არ ჰქონდა შესაბამისი ცოდნა. გადაიხდის ძირითად დარიცხვას და ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი არ დავობს დარიცხვის მართლზომიერებაზე, არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, მაგრამ მიაჩნია, რომ აღნიშნული გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არ ცოდნით და ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2024 წლის მარტში, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა იმავე წლის მაისიდან. ჩატარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის ფარგლებშიც შემოწმდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე.

შემოწმებით დადგინდა, რომ მომჩივანმა 2024 წლის ნოემბერში გადააჭარბა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის სავალდებულო ზღვარს. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს მიღებული ჰქონდა ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც სრულად იქნა გათვალისწინებული (ჩათვლილი) შემოწმების ფარგლებში. აღნიშნულის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა შესაბამისი ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც მომჩივანმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;270;282;