გადაწყვეტილება №26598/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26598/2/2026
23 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 7.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26598/2/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.11.2025 წლის №26122/2/2025 (რეგ. 2.12.2025 წელი; №03/84962) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 თებერვლის №057-4 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 1 231 448.05 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 739 927.96
აქციზის გადასახადი - 358 206
დღგ - 187 756.86
საშემოსავლო გადასახადი - 193 965.10
ჯარიმა - 370 065.40
საურავი - 121 454.69
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მიწოდება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივლისის №14817 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 2 ივლისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 18 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული და დეკლარირებული ყველა ხარჯი. დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი (საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10%-ის, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივლისის №14847 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად კომპანიის 8 ობიექტზე არსებული ნაღდი ფულის ნაშთის და დებიტორული და კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით). აღნიშნული თანხის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება კომპანიის დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101-ე, 73-ე მუხლების და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების გათვალისწინებით, ფულის ნაშთი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ივლისის №16344 ბრძანება და №057-13 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 331 134.30 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 9 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 22 ოქტომბრის №23111 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 3.11.2025 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 21.11.2025 წლის №26122/2/2025 (რეგ. 2.12.2025 წელი; №03/84962) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (შპს „----თვის“ სესხად გაცემული თანხის გაუთვალისწინებლობა/კვალიფიკაციის საკითხი) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.02.2026 წლის დასკვნა, 6.02.2026 წლის №2447 ბრძანება და №057-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 170 625 ლარით. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტმა ჯეროვნად არ აღასრულა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, რაც განპირობებულია როგორც საბჭოს გადაწყვეტილების არასწორი განმარტებით, ისე საქმეზე არსებული მტკიცებულებების შეფასებით მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის გარეშე. ჯერ ერთი, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითება, რომ გადაკვალიფიცირებას დაქვემდებარებოდა მხოლოდ დაბრუნებული სესხის თანხა. გადაწყვეტილების მიხედვით, სესხის თანხის ნაწილის ვადამდე დაბრუნება მიუთითებდა თვით სესხის გაცემაზე, რაც ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხის კომპანიაზე გაცემულ სესხად გადაკვალიფიცირების საფუძველს ქმნიდა. მეორე, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი მილიონი სესხიდან დაბრუნებული იყო 220 000 ლარი, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დასკვნის შედგენამდე დამატებით დაბრუნდა 235 000 ლარი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სესხის თანხა პერიოდულად ბრუნდებოდა და ბრუნდება. აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, სესხი გაცემული იყო გაცემიდან ერთი წლის ვადით: 2.03.2025 წელი – 25 000 ლარი, 4.04.2025 წელი – 25 000 ლარი, 7.05.2025 წელი – 855 000 ლარი, 1.06.2025 წელი – 95 000 ლარი. შესაბამისად, 455 000 ლარი დაბრუნებულია ვადამდე.
ამასთან, მთავარია სესხის გაცემის ფაქტი და არა მისი დაბრუნების ფაქტი. გაუგებარია, რატომ ჩათვალა აუდიტის დეპარტამენტმა, რომ სესხის ხელშეკრულება და სესხის გაცემის დოკუმენტები ნამდვილია მხოლოდ ნაწილობრივ (არ არსებობდა თანხის გაცემის რესურსი თუ არსებობდა დირექტორის მიერ ხელფასად თანხის მიღების და საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენების ფაქტი?). მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს სადავო ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2026 წლის №057-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.11.2025 წლის №26122/2/2025 გადაწყვეტილების (რეგისტრაციის თარიღი: 2.12.2025 წელი; №03/84962) აღსრულების ფარგლებში გადასახადის გადამხდელის მიერ 1.03.2025 წლის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სრული თანხის (ერთი მილიონი ლარი) სესხად დაკვალიფიცირება და ამ თანხის ხელფასად დაკვალიფიცირების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დავების განხილვის საბჭოს 21.11.2025 წლის №26122/2/2025 გადაწყვეტილებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (შპს „---თვის“ სესხად გაცემული თანხის გაუთვალისწინებლობა/კვალიფიკაციის საკითხი) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთი, ვინაიდან თანხის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარუდგენია, საგადასახადო კოდექსის 101-ე, 73-ე მუხლების და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების შესაბამისად, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია შპს „---თან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულება. გადაანგარიშების დასკვნის შედგენამდე, მომჩივნის მიერ ასევე წარმოდგენილია ფულის ნაშთის ცვლილებაზე (ზრდა/შემცირება) გავლენის მოხდენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კერძოდ, საწარმოს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია სულ 455 000 ლარი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და საბჭოზე გამოთქმული მოსასზრებების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ უნაღდო ანგარიშსწორებით დაბრუნებული თანხით - 455 000 ლარით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) შემცირდა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაბეგრილი თანხა. შესაბამისად, შემცირდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხა 170 625 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 113 750 ლარი და ჯარიმა - 56 875 ლარი. მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ჯეროვნად არ აღასრულა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, რაც განპირობებულია როგორც საბჭოს გადაწყვეტილების არასწორი განმარტებით, ისე საქმეზე არსებული მტკიცებულებების შეფასებით მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის გარეშე. ჯერ ერთი, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითება, რომ გადაკვალიფიცირებას დაქვემდებარებოდა მხოლოდ დაბრუნებული სესხის თანხა. გადაწყვეტილების მიხედვით, სესხის თანხის ნაწილის ვადამდე დაბრუნება მიუთითებდა თვით სესხის გაცემაზე, რაც ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხის კომპანიაზე გაცემულ სესხად გადაკვალიფიცირების საფუძველს ქმნიდა.
მეორე, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი მილიონი სესხიდან დაბრუნებული იყო 220 000 ლარი, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დასკვნის შედგენამდე დამატებით დაბრუნდა 235 000 ლარი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სესხის თანხა პერიოდულად ბრუნდებოდა და ბრუნდება. მომჩივანს დამატებით წარმოდგენილი აქვს საგადახდო დავალება, სადაც გადამხდელს წარმოადგენს შპს „---“, ხოლო მიმღები არის შპს ---“. თანხა შეადგენს 90 000 ლარს. ამასთან, კომპანიის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ დამატებით დაბრუნებულია 60 000 ლარი, რაზეც არსებობს შესაბამისი დოკუმენტი.
დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შინაარსის, წარმოდგენილი მტკიცებულებების და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული ფულის ნაშთი, შპს „---თვის“ სესხად გაცემული თანხის ფარგლებში სრულად უნდა დაკვალიფიცირდეს სესხად. შესაბამისად, დავების განხილვის საბჭოს 21.11.2025 წლის №26122/2/2025 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული სათანადოდ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დავების განხილვის საბჭოს 21.11.2025 წლის №26122/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დავების განხილვის საბჭოს 21.11.2025 წლის №26122/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.11.2025 წლის №26122/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
დავების განხილვის საბჭოს №26122/2/2025 გადაწყვეტილებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი ( სესხად გაცემული თანხის გაუთვალისწინებლობა/კვალიფიკაციის საკითხი) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთი, ვინაიდან თანხის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარუდგენია, საგადასახადო კოდექსის 101-ე, 73-ე მუხლების და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების შესაბამისად, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დავების განხილვის საბჭოს 21.11.2025 წლის №26122/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 1, ბ.