ბრძანება N 26238
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26238
12 დეკემბერი 2024
ბრძანება
"------"-ის (პ/ნ "------")
(მის.:"------" )
2024 წლის 15 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №129) განიხილა "------"-ის (პ/ნ "------") №"------" საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 15 ნოემბრის №EL267691 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, მის მიერ გამოწერილ ამანათზე მისგან დამოუკიდებლად გადამზიდი კომპანიის მიერ მოხდა ღირებულების შემცირება. რეალური ინვოისი წარდგენილი ჰქონდა და მიაჩნია, რომ მისი ბრალეულობა სამართალდარღვევის ჩადენაში არ არის, ვინაიდან არც გადამზიდი კომპანიისთვის და არც საბაჟო ორგანოსთვის არ დაუმალავს რეალური ღირებულება.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 28 ოქტომბერს შპს „------ - ის“ მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფიზიკური პირი "------"-ის (პ/ნ "------") სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №"------" საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით – 99,99 აშშ დოლარი.
გამომდინარე იქიდან, რომ "-------"-ის კუთვნილი საფოსტო გზავნილი დეკლარირებული იყო 99.99 აშშ დოლარად, მისი ზოგადი დეკლარირება და საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა განხორციელდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხით.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული საბაჟო კონტროლის ფარგლებში გამოვლინდა, რომ №"------" საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის გაცხადებული/დეკლარირებული ღირებულება არ შეესაბამებოდა რეალურს, კერძოდ: მიმღების მიერ წარდგენილი ინვოისის შესაბამისად, საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 235,99 აშშ დოლარი. შესაბამისად, საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის მითითებამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება 117,8 ლარის ოდენობით.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 15 ნოემბერს შედგენილ იქნა №EL267691 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ფიზიკურ პირ "------"-ს (პ/ნ "------") დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 117,8 ლარის ოდენობით, რაც გადახდილ იქნა იმავე დღეს.
საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დასრულების შემდგომ, №"------" საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე შევსებულ იქნა №"------" საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4 და საქონელი გაშვებული იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, 1. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).
2. „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.
იმავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილებით (შემდგომში – საფოსტო გზავნილი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდავი ავსებს:
საფოსტო გზავნილების დეკლარაციას (დანართი №8-VIII-04) – საფოსტო გზავნილებზე, რომლითაც შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია).
მე-5 პუნქტი კი მიუთითებს, რომ საფოსტო გზავნილების დეკლარაციის მომზადებისას გადამზიდავი იყენებს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ მოჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. "------"-ის (პ/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის კუთვნილი საფოსტო გზავნილი დეკლარირებული იყო 99.99 აშშ დოლარად, მისი ზოგადი დეკლარირება და საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა განხორციელდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხით.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული საბაჟო კონტროლის ფარგლებში გამოვლინდა, რომ საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის გაცხადებული/დეკლარირებული ღირებულება არ შეესაბამებოდა რეალურს, კერძოდ: მიმღების მიერ წარდგენილი ინვოისის შესაბამისად, საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 235,99 აშშ დოლარი. შესაბამისად, საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის მითითებამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 15 ნოემბერს შედგენილ იქნა №EL267691 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ფულადი ჯარიმა,რაც გადახდილ იქნა იმავე დღეს.
საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დასრულების შემდგომ, საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე შევსებულ იქნა საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4 და საქონელი გაშვებული იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
163,167.