გადაწყვეტილება №21036/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.02.2024
№ დოკუმენტი 21036/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21036/2/2023

09 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 11.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21036/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15657 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.08.2023 წლის №001-192 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.09.2023 წლის №23585 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 44 487,81 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 20 027

დღგ - 3 612

საშემოსავლო გადასახადი - 16 415

ჯარიმა - 9 616

საურავი - 14 844,81

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით დგინდება, რომ საზოგადოებას შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირებისგან შესყიდული აქვს ამორტიზირებული ავტომობილის კატალიზატორები და დაზიანებული პლატების ჯართი. ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვა ხდება წონით, ხოლო ანგარიშსწორება ხორციელდება ნაღდი ფულით. აღნიშნულ შესყიდვებზე საზოგადოებას ნაწარმოები აქვს ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი. საზოგადოებას ფიზიკური პირებისთვის ანაზღაურებულ თანხებზე საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორცილებია.

აღნიშნული საქონელი „სეს ესნ“-ის შესაბამისად შედის 7112 პოზიციაში, რომლის დასახელებაც „სეს ესნ“-ის მიხედვით განიმარტება შემდეგნაირად: „ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისა; სხვა ნარჩენი და ჯართი, ძვირფასი ლითონების ან მათი ნაერთების შემცველობით, ძირითადად მათგან ძვირფასი ლითონების ამოსაღებად გამოსაყენებელი“, საიდანაც გამომდინარეობს, რომ აღნიშნული საქონელი არის ნარჩენები და ჯართი, სხვადასხვა ლითონების ან მათი ნაერთების შემცველობით, ძირითადად მათგან ძვირფასი ლითონების ამოსაღებად გამოსაყენებელი. ფერადი ლითონები წარმოადგენს ყველა ლითონისა და მათი შენადნობების ტექნიკურ სახელწოდების, გარდა რკინისა და მისი შენადნობებისა. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაკავება ევალება პირს, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას. საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 15-პროცენტიანი (2018 წლის 12 ივნისიდან 3%) განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი და ექსპორტირებული საქონელი, საგადასახადო დაბეგვრის მიზნებისთვის მიეკუთვნება ფერად ლითონს, კონკრეტულად კი ფერადი ლითონების ნარჩენს, ჯართს. შედეგად გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირებისგან შეძენილ და ანაზღაურებულ საქონლის ღირებულებაზე დაერიცხა გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა სანქცია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის და ასევე საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად გამომდინარე იქიდან, რომ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის მოთხოვნები.

საზოგადოებას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მწყობრიდან გამოსული ელ. მოწყობილობების შეძენა (ერთი მოწყობილობის ფასი საშუალოდ შეადგენს 0,41 ლარს დღგ-ს ჩათვლით) დღგ-ის გადამხდელი პირისგან (------- ს/ნ -------), რაზედაც გამოწერილია შესაბამისი ელ. ანგარიშ-ფაქტურები და გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა.

აღნიშნული მოწყობილობების ერთადერთ ღირებულებას განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ ისინი შეიცავენ შავ/ფერად ლითონებს. საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა. შესაბამისად ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართი/ნარჩენები და შესაბამისად, გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული ოპერაცია საერთოდ არც უნდა იყოს დღგ-ით დაბეგრილი, გადასახადის გადამხდელს გაუუქმდა მიღებული ჩათვლა სულ 3 614 ლარის ოდენობით და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №001-458 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15657 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ფიზიკური პირებისგან შეძენილი და ანაზღაურებული ჯართად დაკვალიფიცირებული საქონლის ღირებულების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15657 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებამ დამატებით შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტები, რომლის თანახმადაც, „გამოყენებული კატალიზატორები არ წარმოადგენდნენ ფერად ლითონებს საბაჟო და საგადასახადო მიზნებისათვის, ისინი განეკუთვნებოდნენ ძვირფას (კეთილშობილ) ლითონებს“. გადასახადის გადამხდელის პოზიციით - იგი არ მიეკუთვნება არც ფერად და არც შავ ლითონებს, არამედ ის განეკუთვნება კეთილშობილ ლითონებს. გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის/პოზიციის შესწავლის პროცესში, ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულიდან გამოთხოვილი/მოძიებული იქნა წერილობითი პოზიცია, რომლის თანახმადაც - „საწარმოს ფიზიკური პირებისთვის ავტომობილების ამორტიზებული მაყუჩების ფილტრების (კატალიზატორების ნარჩენების) შესყიდვისას ანაზღაურებულ თანხებზე საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლით განსაზღვრული საგადასახადო აგენტის ვალდებულება არ წარმოეშობა. ზემოთ აღნიშნული წერილის/პოზიციის და აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №001-458 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადი 2 283 277 ლარი და ჯარიმა 1 142 136 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 17.08.2023 წლის №001-192 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.09.2023 წლის №23585 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე.

ფიზიკური პირებისგან შეძენილი და ანაზღაურებულ ჯართად დაკვალიფიცირებული საქონლის ღირებულების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოწმებამ დამატებით შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტები, ამასთან, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულიდან გამოითხოვა წერილობითი პოზიცია, რომლის თანახმადაც, საწარმოს ფიზიკური პირებისთვის ავტომობილების ამორტიზებული მაყუჩების ფილტრების შესყიდვისას ანაზღაურებულ თანხებზე საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლით განსაზღვრული საგადასახადო აგენტის ვალდებულება არ წარმოეშობა. ამდენად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.

მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოთხოვნა გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი ჰქონდა 21.01.2022 წლის საჩივრითაც, რომელიც შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15657 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიუთითებს, რომ საქართველოში არსებული საგადასახადო სისტემა ფოკუსირებულია გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვაზე და ამასთან, ამ პირთა მხრიდან არ იქნას არიდებული უპირობო და სავალდებულო გადასახადის გადახდა. მოცემულ საქმეზე არის შემთხვევა, როდესაც საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა, რომლებსაც დავალებული ჰქონდა კანონშესაბამისად შეემოწმებინა მეწარმე სუბიექტი, სათანადოდ არ გამოიკვლია ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა გარემოება, ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

შენიშვნა: შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართად და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენად (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) მიიჩნევა ლითონის მეორადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისათვის და რომელიც წარმოიშობა ლითონის წარმოების ან მექანიკური დამუშავების პროცესში, ასევე ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული იგივე საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით (შედგენის თარიღი: 22.12.2021) საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით გადახდის წყაროსთან დაბეგვრას ექვემდებარება ფიზიკური პირების შესყიდული ამორტიზირებული ავტომობილის კატალიზატორები და დაზიანებული პლატები (ელექტრონული მოწყობილობები).

აღნიშნული აქტი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და წარდგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიის დასკვნა. ექსპერტიზის ანგარიშით ნათლად ირკვევა კერამიკული ფილტრის შემცველობა. მისი უდიდესი ნაწილი 99,98% შეადგენს არალითონურ მასალას და ვინაიდან მთლიანად კერამიკული ფილტრები არალითონურია, შესაბამისად მათი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი არ შეიძლება იყოს გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ობიექტი.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ავტომანქანის სამაყუჩე სისტემიდან ამოღებული ნამუშევარი კერამიკული ფილტრები (კატალიზატორები), რადგანაც ისინი ძვირფას ლითონებს ან მათ ნაერთებს შეიცავენ, მიეკუთვნებიან - 7112 სასაქონლო პოზიციას. ამ პოზიციაში შედის - ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისა; სხვა ნარჩენები და ჯართი, ძვირფასი ლითონების ან მათი ნაერთების შემცველობით, ძირითადად, მათგან ძვირფასი ლითონების ამოსაღებად გამოსაყენებელი. ამ ჩამონათვალიდან კი, ავტომანქანის სამაყუჩე სისტემიდან ამოღებული ნამუშევარი კერამიკული ფილტრები (კატალიზატორი), განეკუთვნება „სხვა ნარჩენებს“ და არ განეკუთვნება არც შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართს და არც შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენებს.

ისევე როგორც კატალიზატორი, დაზიანებული პლატებიც (ელექტრონული მოწყობილობები) 7112 სასაქონლო პოზიციაში განეკუთვნება „სხვა ნარჩენებს“ და არ განეკუთვნება არც შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართს და არც შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენებს.

„სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“ ბაზელის კონვენციის შესაბამისად - შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართი, ნარჩენები და ელექტრონული მოწყობილობების ჯართი სხვადასხვა ჯგუფშია, შესაბამისად: B1110 ჯგუფშია - ელექტრო და ელექტრონული ხელსაწყოების მონტაჟის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები, ხოლო B1010 და B1020 ჯგუფშია - შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართი, ნარჩენები; - ლითონების ნარჩენები, შენადნობები და ჯართი გარდა ლითონების დისპერსიული ფორმისა. შეძენილი საქონელი არის B1110 ჯგუფში, რაც ასევე დასტურდება ექსპორტის დროს შევსებული საბაჟო დეკლარაციების მიხედვით.

აღნიშნული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამ ორი ერთგვაროვანი საქონლიდან დაბეგვრის ობიექტად მიიჩნიეს მხოლოდ დაზიანებული პლატები (ელექტრონული მოწყობილობები), ხოლო ამორტიზირებული ავტომობილის კატალიზატორების ნაწილში მიიჩნიეს, რომ არგუმენტები სამართლიანია და შესაბამისად არ წარმოადგენს დაბეგვრის ობიექტს (არ განეკუთვნება არც შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართს და არც შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენებს).

შეძენილი დაზიანებული პლატები (ელექტრონული მოწყობილობები) და კატალიზატორები შეიცავს მცირე რაოდენობით ფერად ლითონებს, თუმცა ვინაიდან არ არიან ლითონის ნაკეთობები, შესაბამისად ისინი არ შეიძლება წარმოადგენდნენ შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართს და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეძენილი დაზიანებული პლატების (ელექტრონული მოწყობილობები) რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი არ არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული, გადახდის წყაროსთან ფიზიკური პირების დაბეგვრის ობიექტი.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება.

მოყვანილი არგუმენტების საფუძველზე, შესაძლებელია ითქვას, რომ შეძენილი ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენები არ არის შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართი და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენები და აღნიშნული ოპერაცია არ არის დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული. შესაბამისად, შეძენის ოპერაციაზე მიღებული ჩათვლა არ ექვემდებარება გაუქმებას.

სრულად უნდა გაუქმდეს საგადასახადო მოთხოვნა და შემცირდეს გადასახადის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხა 16 415 ლარი და ჯარიმა 7 810 ლარი, ასევე დღგ-ის თანხა 3 612 და ჯარიმა 1 806 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის 13.06.2018 წლამდე მოქმედი რედაქციით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 15- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის 13.06.2018 წლიდან მოქმედი რედაქციით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის 26.07.2018 წლამდე მოქმედი რედაქციით, გადახდის წყაროსთან 15-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის 26.07.2018 წლიდან მოქმედი რედაქციით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15657 ბრძანებით, ფიზიკური პირებისგან შეძენილი და ანაზღაურებული ჯართად დაკვალიფიცირებული საქონლის ღირებულების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებამ დამატებით შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტები. შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულიდან გამოთხოვილი/მოძიებული იქნა წერილობითი პოზიცია, რომლის თანახმადაც - „საწარმოს ფიზიკური პირებისთვის ავტომობილების ამორტიზებული მაყუჩების ფილტრების (კატალიზატორების ნარჩენების) შესყიდვისას ანაზღაურებულ თანხებზე საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლით განსაზღვრული საგადასახადო აგენტის ვალდებულება არ წარმოეშობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №001-458 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადი 2 283 277 ლარი და ჯარიმა 1 142 136 ლარი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი იქნა საქონლის ღირებულების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის არგუმენტები, ასევე გათვალისწინებული იქნა შემოსავლების სამსახურის პოზიცია საწარმოს მიერ ფიზიკური პირებისთვის ავტომობილების ამორტიზებული მაყუჩების ფილტრების (კატალიზატორების ნარჩენების) შესყიდვისას ანაზღაურებულ თანხებზე საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლით განსაზღვრული საგადასახადო აგენტის ვალდებულების წარმოშობის თაობაზე და შედეგად შემცირებას დაექვემდებარა შესაბამისი გადასახადის და სანქციის თანხები.

აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2023 წლის დასკვნით სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15657 ბრძანების შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შეძენილი ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენები არ არის შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართი და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენები და აღნიშნული ოპერაცია არ არის დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული. შესაბამისად, შეძენის ოპერაციაზე მიღებული ჩათვლა არ ექვემდებარება გაუქმებას. საბჭო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის 15657 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტისთვის შესწავლა-გადაანგარიშება არ ყოფილა დავალებული და შესაბამისად მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15657 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15657 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით დგინდება, რომ საზოგადოებას შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირებისგან შესყიდული აქვს ამორტიზირებული ავტომობილის კატალიზატორები და დაზიანებული პლატების ჯართი. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირებისგან შეძენილ და ანაზღაურებულ საქონლის ღირებულებაზე დაერიცხა გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა სანქცია საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

საზოგადოებას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მწყობრიდან გამოსული ელ. მოწყობილობების შეძენა დღგ-ის გადამხდელი პირისგან, რაზედაც გამოწერილია შესაბამისი ელ. ანგარიშ-ფაქტურები და გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართი/ნარჩენები და შესაბამისად, გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული ოპერაცია საერთოდ არც უნდა იყოს დღგ-ით დაბეგრილი, გადასახადის გადამხდელს გაუუქმდა მიღებული ჩათვლა და შეეფარდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია.

შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15657 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.09.2023 წლის №23585 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2023 წლის დასკვნით სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 21.06.2022 წლის №15657 ბრძანების შესაბამისად.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 1333; 154; 275; 291; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი 168(4-წ);