ბრძანება N 21927

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.09.2023
№ დოკუმენტი 21927
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21927

08 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 24 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №91) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) №20647/2/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აგვისტოს №053-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №17100 და 2023 წლის 25 ივლისის №17919 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში შპს „----------“-სთვის (ს/ნ ----------) მომსახურების გაწევის და ამავე საანგარიშო პერიოდებში წარდგენილი მცირე ბიზნესის ყოველთვიური საშემოსავლო დეკლარაციების მიხედვით მიღებული შემოსავლების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 7 აგვისტოს №19344 ბრძანება და ამავე თარიღის №053-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 14 297 ლარი, მათ შორის, გადასახადი 8 661 ლარი, ჯარიმა 2 406 ლარი, საურავი 3 230 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 14 ნოემბერს, ხოლო 2021 წლის პირველი აპრილიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნეს სტატუსი. 2021 წლის აპრილის თვიდან ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) წარმოადგენს შპს „----------"-ის (ს/ნ ----------) ქვექონტრაქტორს, კერძოდ 29.04.2021 - 18.10.2021 საანაგრიშო პერიოდებში გაწეული აქვს გაბიონის მოწყობის და მსგავსი სახის მომსახურებები. აღნიშნული მომსახურებების საფასურმა ჯამურად შეადგინა 111 964 ლარი. გაწეულ მომსახურებებზე შედგენილია მიღება ჩაბარების აქტები. შემოწმების მიმდინარებისას განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მცირე ბიზნესის ყოველთვიური საშემოსავლო დეკალრაციების და შპს „----------"-ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციების ანალიზი. შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ შპს „----------“ ისთვის მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულმა ანაზღაურებამ 2021 წლის 18 ოქტომბრის ოპერაციით ( 17 748.5) გადააჭარბა 100 000 ლარს. შედეგად, გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადის თანხა და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე პირველი მუხლის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიმდინარებისას განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მცირე ბიზნესის ყოველთვიური საშემოსავლო დეკალრაციების და კონტრაქტორის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციების ანალიზი. შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ კონტრაქტორისთვის მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულმა ანაზღაურებამ 2021 წლის 18 ოქტომბრის ოპერაციით ( 17 748.5) გადააჭარბა 100 000 ლარს. შედეგად, გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადის თანხა და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165; 269(7); 282;