გადაწყვეტილება №21538/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21538/2/2023
02 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 8.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (№21538/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით (საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმის 50%-ის გაუქმება) სარგებლობის უფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.10.2023 წლის №24358 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №29037 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 224 823 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 149 882
ჯარიმა - 74 941
საურავი - 0
ფაქტების აღწერა
12.07.2023 წელს მომჩივანს ელექტრონულად წარედგინა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2023 წლის №094-48 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის გაცნობის ფაქტი დაფიქსირდა 12.07.2023 წელს.
16.08.2023 წელს მომჩივანმა განცხადებით (№----------) მიმართა აუდიტის დეპარტამენტს და უარი განაცხადა აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2023 წლის №094-48 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე, იმავდროულად მოითხოვა დაკისრებული ჯარიმის 50 პროცენტისგან (რაც თანხობრივად შეადგენდა 37 470 ლარს) გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, იმ საფუძვლით, რომ 7.08.2023 წელს შპს „----------“ ბიუჯეტში გადახდილი ჰქონდა 187 353 ლარი, მათ შორის: საშემოსავლო გადასახადისთვის 149 882 ლარი ხოლო ჯარიმისთვის 37 471 ლარი.
18.08.2023 წლის №---------- წერილით შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის მიერ შპს „----------“ ეცნობა, რომ ვინაიდან კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლამდე არ იქნა წარდგენილი განცხადება, 2023 წლის 17 აგვისტოს გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, ავტომატურ რეჟიმში განხორციელდა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიმართ 12.07.2023 წელს გამოცემული №094-48 საგადასახადო მოთხოვნით განხორციელებული დარიცხვის დროებითი აღრიცხვის ბარათიდან ძირითადი აღრიცხვის ბარათზე გადასვლა.
19.09.2023 წელს გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა შპს „----------“ შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე. დასკვნის თანახმად შემოწმებით დარიცხული თანხები დავების დეპარტამენტის 18.08.2023 წლის №---------- წერილში მითითებული სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე არ დაექვემდებარა შემცირებას.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოცემული, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 3.10.2023 წლის №24358 ბრძანება 13.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.11.2023 წლის №29037 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, საგადასახადო ორგანოში წარდგენილი არ აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიმართ გამოცემული 2023 წლის 12 ივლისის №094-48 საგადასახადო მოთხოვნით განხორციელებული დარიცხვის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათიდან ძირითადი აღრიცხვის ბარათზე გადასვლა განხორციელდა ავტომატურ რეჟიმში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, საგადასახადო ორგანოში წარდგენილი არ აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ, ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივარში აღნიშნულია რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით დადგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები. კერძოდ, მისი მე-11 ნაწილით: საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა და პირის მიერ ამავე ვადაში აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა.
ზემოთხსენებული ნორმის შინაარსი კომპანიამ წაიკითხა და გაიგო შემდეგნაირად - აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო მოთხოვნაში მითითებული ჯარიმის 50 პროცენტი, რომ გაუქმდეს ამისთვის კანონით დადგენილი 2 იმპერატიული პირობაა გამოკვეთილი, რომელიც უნდა შესრულდეს. ხოლო სხვა დამატებით პირობას კანონი არ აწესებს.
საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში:
პირველი პირობის შესრულების დასტურია ის, რომ ბარათზე არსებული სოლიდური ზედმეტობის მიუხედავად კომპანიის მიერ ბიუჯეტში დამატებით განხორციელებულია ჩარიცხვები - კერძოდ, 7.08.2023 წლის №196440 საგადახდო დავალებით 187 353 ლარის თანხა მოიცავს №094-48 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით ბიუჯეტში გადარიცხულ საშემოსავლო გადასახადს (149 882 ლარი) და ჯარიმის ნახევარს (37 471 ლარი). ეს გარემოება დადასტურებულია და აუდიტის 19.09.2023 წლის დასკვნაშიცაა ასახული.
მეორე პირობა - 12.07.2023 წლის №094-48 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული საგადასახადო დავალიანების თანხები აღიარებულია აქტის 30 დღიანი ვადაში გაუსაჩივრებლობის გამო.
ადმინისტრაციული ორგანოების გამოკვლევის პროცესში ორივე გარემოება დადგენილია:
სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა;
აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის გათვალისწინებული თანხა.
საერთოდ გაურკვეველია ჯარიმის 50 პროცენტის გაუუქმებლობის დასაბუთება შემოსავლების სამსახურის მიერ, რომლის განმარტებითაც, თითქოსდა საგადასახადო მოთხოვნის გაუსაჩივრებლობას სჭირდება განაცხადის გაკეთება, რაც უარის საფუძვლად იქნა წარმოდგენილი.
მომჩივანი განმარტავს, რომ №094-48 საგადასახადო მოთხოვნის საფუძვლით საგადასახადო დავალიანება 12.07.2023 წელს წარმოიშვა და დარიცხვაც ბარათზეც განხორციელდა. მაგრამ ამოიწურა მოთხოვნის გასაჩივრების 30 დღიანი ვადის დაცვით.
პირობითად - 12 ივლისის საგადასახადო მოთხოვნას ელექტრონული წესით პორტალზე არ გაცნობოდა კომპანია, მაშინ მოთხოვნის ჩაბარებად 12 რიცხვი აღარ იქნებოდა და ცხადია 30 დღიანი გასაჩივრების ვადაც დარღვეული იქნებოდა.
ავტომატურ ანუ კანონისმიერ აღიარებაზე, საქმეში არსებობს დავების დეპარტამენტის 18.08.2023 წლის №---------- წერილი, რომელიც სამწუხაროდ აუდიტის დეპარტამენტში არ შეფასდა სათანადოდ. აუდიტის დეპარტამენტის მიერ 30 დღიანი ვადის გამოთვლისას ყურადღება რატომღაც გამახვილდა საგადასახადო დავალიანების ძირითად ბარათზე გადატანის თარიღზე, და არა გასაჩივრების 30 დღის გასვლის მომენტზე.
დავების დეპარტამენტს უბრალოდ კომპანიამ აუხსნა წანამძღვრები განცხადების ელექტრონულად ატვირთვის მომენტში იმ ტექნიკური შეფერხებისა, რაც უკავშირდებოდა 19.07.2023 წელს სხვა თემაზე შედგენილი №011-9584 ოქმს (ეს ოქმი არაა საგადასახადო შემოწმებისას შედგენილი ოქმი და ცხადია არ წარმოადგენს საგადასახადო მოთხოვნის ნაწილს). ეს თემა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევის გამო შედგა, თუმცა მალევე, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელის პრინციპის მხედველობაში მიღებით შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18757 ბრძანების საფუძველზე მოიხსნა დაბეგვრის ბარათებიდან. სავარაუდოა, რომ ამ მოვლენამ შეაფერხა ელექტრონული მიბმა №094-48 საგადასახადო მოთხოვნის აღიარების შესახებ ამ ტიპიური განაცხადისა, რაც გენერირდება პორტალზე.
მომჩივნის აზრით დავების დეპარტამენტის ჩართულობა და მიმოწერები, მხოლოდ სერვისის ელემენტია და მხოლოდ შეუძლია დაასწრაფოს პროცესინგი, რაც განსახილველ შემთხვევაში არც იყო აუცილებელი, რადგანაც საგადასახადო მოთხოვნა ისედაც ავტომატურ რეჟიმში აღიარდა - გაუსაჩივრებლობის გამო - გამოცემიდან (12 ივლისი) და ჩაბარებიდან (12 ივლისი) 30 დღეში.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად - აღიარებულია დავალიანება საგადასახადო, თუ პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად - საგადასახადო ორგანოს მიერ პირისთვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
მომჩივანი მოითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებები და სადავო თანხა ჯარიმა 37 471 ლარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა და პირის მიერ ამავე ვადაში აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო დავალიანება აღიარებულია, თუ: პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა; პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 171 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს წერილობითი განცხადება „საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2023 წლის №094-48 საგადასახადო მოთხოვნის თანახმად შპს „----------“ საგადასახადო დავალიანება იყო 224 823 ლარი, აქედან საშემოსავლო გადასახადი 149 882 ლარი, ჯარიმა 74 941 ლარი, პირს საურავი არ ერიცხებოდა.
საჩივარს ერთვის ს.ს. „----------“ საგადახდო დავალება №196440, რომლის მიხედვითაც 7.08.2023 წელს შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ ხაზინის კოდზე (101001000) ამავე საგადახდო დავალების დანიშნულების თანახმად გადახდილია საშემოსავლო გადასახადი 149 882 ლარი და ჯარიმა 37 471 ლარი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2023 წლის №094-48 საგადასახადო მოთხოვნის ელექტრონულად გაცნობის ფაქტი დაფიქსირდა 12.07.2023 წელს, შესაბამისად მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 11.08.2023 წელი. მომჩივნის მიერ აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა არ გასაჩივრებულა.
საბჭო მიიჩნევს, რომ შპს „----------“ მიერ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2023 წლის №094-48 საგადასახადო მოთხოვნის არ გასაჩივრება და გასაჩივრების ვადის გასვლამდე (7.08.2023 წელი) ამავე მოთხოვნაში ასახული საშემოსავლო გადასახადის თანხის და ჯარიმის თანხის 50 პროცენტის ზუსტი ოდენობით და დანიშნულებაში მითითებით გადახდა მეტყველებს პირის განზრახვაზე ესარგებლა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით დადგენილი პირობით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს „----------“ მიერ საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადების საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა არ არის მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელი გარემოება. შესაბამისად, შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმის თანხის 50 პროცენტი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით ექვემდებარება შემცირებას.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №29037 ბრძანება;
3. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 3.10.2023 წლის №24358 ბრძანება;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, 12.07.2023 წლის №094-48 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმის თანხა 50 პროცენტის ოდენობით, შეამციროს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად;
5. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განახორციელოს შესაბამისი კორექტირება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით (საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმის 50%-ის გაუქმება) სარგებლობის უფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის საგადასახადო დავალიანება იყო 224 823 ლარი, აქედან საშემოსავლო გადასახადი 149 882 ლარი, ჯარიმა 74 941 ლარი, პირს საურავი არ ერიცხებოდა. საჩივარს ერთვის საგადახდო დავალება, რომლის მიხედვითაც 7.08.2023 წელს მომჩივანის მიერ ხაზინის კოდზე (101001000) ამავე საგადახდო დავალების დანიშნულების თანახმად გადახდილია საშემოსავლო გადასახადი 149 882 ლარი და ჯარიმა 37 471 ლარი. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2023 წლის №094-48 საგადასახადო მოთხოვნის ელექტრონულად გაცნობის ფაქტი დაფიქსირდა 12.07.2023 წელს, შესაბამისად მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 11.08.2023 წელი. მომჩივნის მიერ აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა არ გასაჩივრებულა. საბჭო მიიჩნევს, რომ გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2023 წლის №094-48 საგადასახადო მოთხოვნის არ გასაჩივრება და გასაჩივრების ვადის გასვლამდე (7.08.2023 წელი) ამავე მოთხოვნაში ასახული საშემოსავლო გადასახადის თანხის და ჯარიმის თანხის 50 პროცენტის ზუსტი ოდენობით და დანიშნულებაში მითითებით გადახდა მეტყველებს პირის განზრახვაზე ესარგებლა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით დადგენილი პირობით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადების საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა არ არის მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელი გარემოება. შესაბამისად, შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმის თანხის 50 პროცენტი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით ექვემდებარება შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(11).