გადაწყვეტილება №20007/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20007/2/2023
16 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“- ის 19.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20007/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32393 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის №021-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11655 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 141 335,43 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 53 389
დღგ - 16 312
მოგების გადასახადი - 13 131
საშემოსავლო გადასახადი - 23 946
ჯარიმა - 53 489
საურავი - 34 457,43
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2022 წლის №021-72 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში
შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32393 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხის საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების (მათ შორის წარმოდგენილი მტკიცებულებების) გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე თუ დასტურდება, რომ თანხები გაცემულია ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულ პირებზე (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირზე, ნოტარიუსზე, კერძო აღმასრულებელზე, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირზე და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირზე, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), უზრუნველყოს აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). თუ დგინდება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენების პირობები, უზრუნველყოს აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32393 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემულია აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების აქტის შედგენის დროს, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მიღებაჩაბარების აქტები. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე. გადაანგარიშების ეტაპზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც გათვალისწინებული არ იყო შემოწმების მიერ, აქტში გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მომსახურების ანაზღაურებისთვის გაცემული აქვს თანხები როგორც გადასახადის გადამხდელის მოწმობის მქონე, ისე მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე, თუმცა გადახდის წყაროსთან დაბეგრილია მხოლოდ გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე პირებზე განხორციელებული განაცემები. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში დარიცხვის შემცირების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენების მიზნით განხორციელდა შეღავათის არსებობის პერიოდში გაცემული სახელფასო განაცემების შესწავლა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემცირებას დაექვემდებარა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 2 014 ლარით და ჯარიმა 1 015 ლარი. შემცირებას დაექვემდებარა აქტით დარიცხული ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით 999 ლარის ოდენობით. კომპანიის დირექტორს საბანკო ანგარიშებიდან გატანილი აქვს თანხები საქვეანგარიშოდ, რაც შემოწმებით დაკვალიფიცირდა სესხად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. აღნიშნული თანხების ძირითადი ნაწილი პირს გატანილი აქვს 2019 წლის დასაწყისში და 2021 წლის ბოლო თვეებში. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დოკუმენტაცია/შედარების აქტები, რომლებიც 2022 წელს არის შედგენილი და მათში აღნიშნული მიღებაჩაბარებების და გაწეული მომსახურების ხელშეკრულებების თარიღები ძირითადად მოიცავს 2019 წლის ბოლო თვეებს და 2020-2021 წლებს. აღნიშნული თარიღები განსხვავდება იმ თარიღებისაგან, როდესაც ფიქსირდება საწარმოდან საქვეანგარიშოდ თანხების გაცემა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დასტურდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები გახარჯულია თუ არა წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით გაწეული მომსახურებისთვის. შესაბამისად, ვერ დგინდება გატანილი თანხების მიზნობრიობა. მოგების და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.03.2023 წლის №021-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11655 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადაანგარიშების ეტაპზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით, გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც გათვალისწინებული არ იყო შემოწმების მიერ. შესაბამისად, დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. ასევე, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გადახდის წყაროსთან დაბეგრილი აქვს მხოლოდ გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე პირებზე განხორციელებული განაცემები. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში დარიცხვის შემცირების საფუძველი არ არსებობდა. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენების მიზნით განხორციელდა შეღავათის არსებობის პერიოდში გაცემული სახელფასო განაცემების შესწავლა, რის შედეგად შემცირებას დაექვემდებარა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. რაც შეეხება საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მათი დაზუსტების მიზნით, გადამხდელმა წარმოადგინა დოკუმენტაცია/შედარების აქტები, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დასტურდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების გახარჯვა წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით გაწეული მომსახურებისთვის, შესაბამისად ვერ დგინდება გატანილი თანხების მიზნობრიობა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32393 ბრძანებაში მითითებულ (15 კალენდარული დღე) პერიოდს დაემთხვა საზოგადოების მთავარი ბუღალტრის "-------" -ის მძიმე ავადმყოფობა, შემდეგ კი გარდაცვალება, ვერ მოხერხდა აუდიტის დეპარტამენტისთვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა.
შემმოწმებელმა ბრძანებაში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე გადაიანგარიშეს აქტით დარიცხული თანხები და შეამცირეს მხოლოდ 3 029 ლარით საშემოსავლო გადასახადში არასწორად დარიცხული პანდემიის პერიოდში გავრცელებული საშემოსავლო გადასახადის საშეღავათო თანხები.
შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებული რომ ყოფილიყო საჩივარში მოყვანილი ფაქტები გადასაანგარიშებელი თანხა გაცილებით მეტი გამოვიდოდა. კერძოდ, შემმოწმებლების მიერ დღგ-ით 2019 წლის იანვარში დაბეგრილია სს ლიბერთი ბანკისთვის 2019 წლის იანვრის თვეში წარდგენილი საბანკო გარანტიის თანხა 101 464 ლარზე, არადა 2019 წლის იანვრის თვეში არც სამუშაოების შესრულება არ ჰქონია კომპანიას და არც შესასრულებელი სამუშაოების ავანსის თანხა არის მიღებული. ამავე წლის აგვისტოს თვეში დღგ-ით დაბეგრილია 44 000,18 ლარი, ნაცვლად დასაბეგრი 16 830,5 ლარისა, ხოლო ოქტომბრის თვეში 40 257,2 ლარი ნაცვლად დასაბეგრი 28 301,56 ლარისა.
შემმოწმებლის მიერ ასევე გათვალისწინებული არ არის საზოგადოების დირექტორზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხებიდან გამოსაქვითი ხარჯები, რომლებიც ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემულია საზოგადოებისთვის სამუშაოს შემსრულებელ სხვადასხვა მეწარმედ რეგისტრირებულ პირებზე და საზოგადოების თანამშრომლებზე სამივლინებო თანხების სახით.
აღნიშნულის გათვალისწინებით განხილული უნდა იქნას წარმოდგენილი დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებს მომჩივნის მონაწილეობით განიხილონ აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საკითხი. საჭიროების შემთხვევაში წარდგენილი იქნება არგუმენტაციის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტაცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32393 ბრძანებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხის საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების (მათ შორის წარმოდგენილი მტკიცებულებების) გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე თუ დასტურდება, რომ თანხები გაცემულია ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულ პირებზე (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირზე, ნოტარიუსზე, კერძო აღმასრულებელზე, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირზე და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირზე, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), უზრუნველყოს აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). თუ დგინდება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენების პირობები, უზრუნველყოს აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც გათვალისწინებული არ იყო შემოწმების მიერ, აქტში გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.
გადახდის წყაროსთან დაბეგრილია მხოლოდ გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე პირებზე განხორციელებული განაცემები. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში დარიცხვის შემცირების საფუძველი არ არსებობს.
გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დოკუმენტაცია/შედარების აქტები, რომლებიც 2022 წელს არის შედგენილი და მათში აღნიშნული მიღება-ჩაბარებების და გაწეული მომსახურების ხელშეკრულებების თარიღები ძირითადად მოიცავს 2019 წლის ბოლო თვეებს და 2020-2021 წლებს. აღნიშნული თარიღები განსხვავდება იმ თარიღებისაგან, როდესაც ფიქსირდება საწარმოდან საქვეანგარიშოდ თანხების გაცემა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დასტურდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები გახარჯულია თუ არა წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით გაწეული მომსახურებისთვის. შესაბამისად, ვერ დგინდება გატანილი თანხების მიზნობრიობა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და მიაჩნია, რომ მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32393 ბრძანების აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11655 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი თვლის,რომ განხილული უნდა იქნას წარმოდგენილი დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებს მომჩივნის მონაწილეობით განიხილონ აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საკითხი.
ფაქტობრივი გარემოებები
შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მიღებაჩაბარების აქტები. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე. დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მომსახურების ანაზღაურებისთვის გაცემული აქვს თანხები როგორც გადამხდელის მოწმობის მქონე, ისე მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე, თუმცა გადახდის წყაროსთან დაბეგრილია მხოლოდ გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე პირებზე განხორციელებული განაცემები.აღნიშნულ საკითხში დარიცხვის შემცირების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, სსკ-ის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენების მიზნით განხორციელდა შეღავათის არსებობის პერიოდში გაცემული სახელფასო განაცემების შესწავლა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემცირებას დაექვემდებარა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა .
კომპანიის დირექტორს საბანკო ანგარიშებიდან გატანილი აქვს თანხები საქვეანგარიშოდ, რაც შემოწმებით დაკვალიფიცირდა სესხად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32393 ბრძანების აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9 "ა","ბ"),159,161,163,164,101,154 ,309(112)