ბრძანება N 8994

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.04.2023
№ დოკუმენტი 8994
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8994

25.04.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ----------ის (ს/ნ-----------)

(მის.: -----------)

2023 წლის 5 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 აპრილის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა ი/მ --------------ის

(ს/ნ ------------) 5 იანვრის №77792/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №052-23 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი მკაცრად განსაზღვრას რა შემთხვევაში აქვს შემმოწმებელს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა, ხოლო გადამხდელის შემთხვევაში აღნიშნული კრიტერიუმები არ კმაყოფილდება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებელს არ ჰქონდა უფლება გაევრცელებინა არაპირდაპირი მეთოდი.

მიუთითებს, რომ დღგ დარიცხულია 27 731 ლარი, რაც გამოიწვია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. პროდუქციის რეალიზაციისას, ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ყოველთვის ხდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენება, ჩეკის ამობეჭდვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეთანხმება დღგ-ში დარიცხვას და მიუთითებს, რომ უფიქსირდება მხოლოდ დეკლარაციის შევსების მომენტში დაშვებული არაარსებითი ტექნიკური შეცდომები. გადამხდელის განმარტებით, შემოწმებასთან კარგი კომუნიკაციის შემთხვევაში, ნებისმიერ მოთხოვნილ ინფორმაციას მიაწვდიდნენ.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 აგვისტოს №21146 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ------------ის (ს/ნ -----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. ი/მ -----------ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 18 მარტის №15376/2/2021 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 აგვისტოს №21146 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 18 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 15 დეკემბრის №052-23 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ:

შემოწმების დაწყებამდე გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. გადამხდელის წარმომადგენლის (მეწარმის მინდობილი პირი ------------) განმარტებით, მათ შემოწმების დაწყების შემდეგ დაიწყეს ბუღალტრული პროგრამის FINA აწყობა, თუმცა შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში შემოწმებისთვის მოწოდებული ინფორმაციის ანალიზით ვერ დგინდებოდა მისი სისწორე. მაგალითისთვის, შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში გადამხდელის მიერ (----------ის მიერ) ელ.ფოსტაზე გადმოგზავნილ ცხრილში საქონლის ფასნამატების შესახებ, ფასნამატები ფიქსირდებოდა არალოგიკურ მონაცემებად (-86%, -40%, -34%, 72%,76%, 108%, 122% და ა.შ.), რომლიდან გამომდინარეც შემოწმებამ აღნიშნულ ინფორმაციაზე და შესაბამისად, მოწოდებულ ბუღალტრულ პროგრამაზე დაყრდნობა შეუძლებლად მიიჩნია. ასევე, შემოწმების მიმდინარეობისას არ ყოფილა გამოყენებული მესამე პირის მონაცემები (მათ შორის ფასნამატები), შემოწმება სრულად დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს, კერძოდ, ი/მ -------------ის მიერ საქონლის/მომსახურების შეძენაზე არსებულ დოკუმენტაციას (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები), აგრეთვე ი/მ --------------ის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებსა და სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებულ ფასნამატს. ამასთან, ამ მოცემული მაჩვენებლის (ფასნამატის) განსაზღვრა განხორციელდა მეწარმის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის კატეგორიებად დაყოფის მიხედვით (ძირითადი სარეალიზაციო საქონელი:

1. ფქვილი, შაქარი, მარილი, ქატო;

2. სხვა დანარჩენი სასურსათო საქონელი) და მათ შესაბამისად არსებული ფასნამატების (ძირითადი საქონლისთვის 5%, სხვა საქონელი - 14%) მიხედვით. შემოწმების განხორციელების პერიოდში კომუნიკაციისას აღნიშნულს ეთანხმებოდა მეწარმის მინდობილი პირი. აგრეთვე, პირი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის 19 აპრილიდან, შესაბამისად, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვისთვის გამოყენებულია დარიცხვის მეთოდი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებას არ გააჩნია შემოწმებით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

2020 წლის დეკლარირებული გამოსაქვითი ხარჯი შეადგენდა 1 827 092 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი მაჩვენებელი შეადგენს 1 825 669 ლარს. სხვაობა, რითაც შემცირებული იქნა დეკლარირებული გამოსაქვითი ხარჯი შეადგენს 1 423 ლარს. მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრების ყველა ეტაპზე გადამხდელი საჩივარში მიუთითებდა, რომ რაღაც გარკვეული მონაცემი არ იქნა შემოწმების მიერ გათვალისწინებული გამოსაქვით ხარჯში, არცერთხელ არ მომხდარა კონკრეტული დოკუმენტის მითითება (მათ შორის თუნდაც შემმოწმებელთან სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით), რისი შესწავლაც საშუალებას მისცემდა შემოწმებას ემსჯელა შემოწმებით დადგენილი ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშებისას გამოსაქვითი ხარჯის გაზრდაზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგენილი საგადასახადო ვალდებულების კორექტირების (შემცირების) საფუძველი შემოწმებას არ გააჩნია.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 18 მარტის №15376/2/2021 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები. აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 აგვისტოს №21146 ბრძანებაში მითითებული იყო, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის არც ერთი პუნქტის მიხედვით, არ ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების უფლება. ასევე, მომჩივანი მიუთითებდა, რომ ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა „ფინა“-ში. შესაბამისად, შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ხოლო, საჩივარზე დართულია ამონაწერი საბუღალტრო პროგრამიდან.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ცისად, შემოწმებამ აღნიშნულ ინფორმაციაზე და მოწოდებულ ბუღალტრულ პროგრამაზე დაყრდნობა შეუძლებლად მიიჩნია. აგრეთვე, გასაჩივრების ყველა ეტაპზე გადამხდელი საჩივარში მიუთითებდა, რომ გარკვეული მონაცემი არ იქნა შემოწმების მიერ გათვალისწინებული გამოსაქვით ხარჯში, თუმცა, არცერთხელ არ მომხდარა კონკრეტული დოკუმენტის მითითება, რისი შესწავლაც საშუალებას მისცემდა შემოწმებას ემსჯელა შემოწმებით დადგენილი ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშებისას გამოსაქვითი ხარჯის გაზრდაზე. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------------ის (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების დაწყებამდე გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა.შემოწმება სრულად დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302;304