ბრძანება N 1707

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.02.2023
№ დოკუმენტი 1707
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 1707

02.02.2023

ი/მ ----------ის (ს/ნ ----------)

(მის.: ქ. -----------) 2022 წლის 27 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ ----------ის (ს/ნ ----------) №235990/21-12 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №001-107 საგადასახადო მოთხოვნას (2022 წლის 26 დეკემბრის №001769 ბრძანებას). აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5)

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მისი მხრიდან მოხდა აღნიშნული თვის დაზუსტება, სადაც გათვალისწინებულია მიღებული ჩათვლები. ამ ეტაპზე ერიცხება აღიარებული გადასახადი 62021 ლარი, 1271.43 საურავი და დამატებითი დარიცხული თანხები რომლებიც არ არის აღიარებული 90913,44 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების გაუქმებას, რათა ორმაგად არ დაიბეგროს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 ნოემბრის №35949 ბრძანების „პროცედურული სახელმძღვანელო დასაბეგრი საგადასახადო დოკუმენტების მართვის შესახებ“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ხდება ისეთი დოკუმენტ(ებ)ის გამოვლენა, რომელზეც დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელს მოცემულ საანგარიშო პერიოდში არ წარმოუდგენია დეკლარაცია ან/და წარმოადგინა დეკლარაცია შემცირებული დასაბეგრი თანხით.

აღნიშნული პროცედურული სახელმძღვანელოს მიხედვით, პროგრამულ მოდულში „დაუბეგრავი დოკუმენტები“ 2022 წლის პირველ დეკემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესასწავლად დაეწერა ი/მ ----------ის (ს/ნ ----------) 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდის დოკუმენტები. კერძოდ, გამოწერილი ყველა ანგარი-ფაქტურა იდენტიფიცირებული იყო როგორც „დაუბეგრავი“, დღგ-ის თანხით 62 331.24 ლარი.

გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო ოქტომბრის თვის დეკლარაცია (№----------), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი თანხა შეადგენდა ნულს.

შესწავლის პერიოდში გადამხდელის მხრიდან 2022 წლის 8 დეკემბერს მოხდა დამატებით ფაქტურების გამოწერა, დასაბეგრ ფაქტურებსა და დეკლარაციით დარიცხულ დღგ-ის თანხებს შორის სხვაობამ შეადგინა 89 087.15 ლარი.

2022 წლის 6 დეკემბერს გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა კომუნიკაცია, განემარტა დასაბეგრი სხვაობის შესახებ, მოთხოვნილ იქნა დეკლარაციის დაზუსტება და ზემოაღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების 2022 წლის ოქტომბრის პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში დაბეგვრა. არაერთი კომუნიკაციის მიუხედავად გადამხდელმა არ დააზუსტა დეკლარაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე 2022 წლის 26 დეკემბრის №001769 ბრძანების მიხედვით, ი/მ ----------ის (ს/ნ ----------) მიმართ განხორციელდა 89087.15 ლარის დარიცხვა და გამოიცა №001-107 საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ასევე ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2022 წლის 26 დეკემბერს 13 საათსა და 46 წუთზე გაეგზავნა №001-107 საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც ელექტრონულად გაეცნო 2022 წლის 26 დეკემბერს 15 საათსა 3 წუთზე. მოთხოვნის ჩაბარების შემდეგ 26 დეკემბერს 15 საათსა და 6 წუთზე წარმოადგინა 2022 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ის დეკლარაცია.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;

გ) საქონლის იმპორტი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;

ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ შესწავლილ იქნა 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია. შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანს შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია წარმოდგენილი ჰქონდა დასაბეგრი ბრუნვის მითითების გარეშე, ხოლო აღნიშნულ პერიოდში დღგ-ის თანხა შეადგენდა 89087.15 ლარს. მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორცილებელი უფლებამოსილი პირების მხრიდან მიუხედავად გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციისა, მომჩივნის მიერ არ მომხდარა ზემოაღნიშნული თანხის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ი/მ ----------ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების გაუქმებას, რათა ორმაგად არ დაიბეგროს

 

ფაქტობრივი გარემოებები

მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ შესწავლილ იქნა 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია. შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანს შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია წარმოდგენილი ჰქონდა დასაბეგრი ბრუნვის მითითების გარეშე, ხოლო აღნიშნულ პერიოდში დღგ-ის თანხა შეადგენდა 89087.15 ლარს. მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორცილებელი უფლებამოსილი პირების მხრიდან მიუხედავად გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციისა, მომჩივნის მიერ არ მომხდარა ზემოაღნიშნული თანხის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43; 61(3); 69 (1); 158 (1); 159(1);

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია: 54 (2).